ზვიად კუპატაძე :
Aa
Aa

ზვიად კუპატაძე : "ისტორია უნდა გადავწეროთ მსოფლიო ჩემპიონატზე"

საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. ავთანდილ ასათიანის გუნდი მეოთხედფინალურ ეტაპზე ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან, რუსეთის ნაკრებთან დაძაბულ შეხვედრაში 3:1 დამარცხდა.

პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ანგარიში კი მეორე ტაიმის დებიუტშივე გაიხსნა. რუსეთის ნაკრები ნიაზოვმა დააწინაურა. ერთ-ერთი ლიდერის, თალესის გარეშე მოთამაშე ავთანდილ ასათიანის გუნდმა წონასწორობა მალევე აღადგინა. გოლი ბრუნო პეტრის ანგარიშზეა.

რუსეთის ნაკრები მეორედ ივან ჩიშკალამ დააწინაურა, თუმცა ჩვენს გუნდს კიდევ ერთხელ შეეძლო გათანაბრება. შეხვედრის დასრულებამდე 22 წამით ადრე არჩილ სებისკვერაძის და ბრუნო პეტრის სახიფათო დარტყმები რუსეთის ნაკრების მეკარემ მოიგერია, რის შემდეგაც ჩიშკალამ ცარიელ კარში გატანილი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ზვიად კუპატაძე იყო. ნაკრების ყველაზე გამოცდილმა წევრმა, საკუთარი გუნდი გოლისგან დღევანდელ შეხვედრაშიც რამდენჯერმე იხსნა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე არსებობის ისტორიაში პირველად იასპარეზა. ჯგუფურ ეტაპზე აზერბაიჯანის და ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებებთან გამარჯვების შემდეგ, ავთანდილ ასათიანის გუნდმა ნაადრევად მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური და კონტინენტის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. უეფას ფუტსალის ამჟამინდელ რეიტინგში, ჩვენი ნაკრები მეთერთმეტე ადგილზეა. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ავთანდილ ასათიანის გუნდი მეჩვიდმეტე პოზიციას იკავებდა.

ზვიად კუპატაძე (საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანი): "დიდი მადლობა ბიჭებს. ყველაფერი ჩადეს წარმატებისთვის, ყველამ იომა, მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს, ყველამ მაქსიმუმი გააკეთა ამ ევროპის ჩემპიონატზე. ვიცი, ამ დონის თამაშები როგორ წარიმართება და როგორი რთულია ემოციურად. ჩემი მიზანი იყო სპორტის ეს სახეობა ყველას გაეცნო და გამხდარიყო უფრო პოპულარული. ეს არ არის ჩვენი მაქსიმუმი. ახლა, ისტორია უნდა გადავწეროთ მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩვენი შემდეგი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა".

ირაკლი თოდუა (საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრი): "პირველი ორი თამაშის მოგების შემდეგ, ჯგუფში ჩვენი პროგრამა მაქსიმუმი შევასრულეთ და საუკეთესო რვა გუნდში მოვხვდით. რუსეთის ძლიერ ნაკრებთან რაც შეგვეძლო, ყველაფერი ჩავდეთ. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარმა ეს დაინახა.ვაგრძელებთ ახალი მიზნისთვის ბრძოლას და ვიწყებთ მზადებას მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის“.

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩები 4 თებერვალს გაიმართება.ამსტერდამის ზიგო დომის არენა უკრაინა - რუსეთის და პორტუგალია - ესპანეთის მატჩებს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მარგალიტი, რომელიც ომმა იმსხვერპლა - რა მდგომარეობაშია ეშერის სპორტული ბაზა
მარგალიტი, რომელიც ომმა იმსხვერპლა - რა მდგომარეობაშია ეშერის სპორტული ბაზა