ასათიანი: ''წლების წინ არავის სჯეროდა, რომ ამ შედეგს მივაღწევდით''
Aa
Aa

ასათიანი: ''წლების წინ არავის სჯეროდა, რომ ამ შედეგს მივაღწევდით''

ფუტსალში ევრო 2022-ის ფინალური ეტაპის მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრებმა საქართველო 3:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობა, თუმცა საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვდა, რაც დიდი წარმატებაა. რუსეთთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა ისაუბრა:

''გამოცდილება დაგვაკლდა. წარმოუდგენელია, ჩამოხვიდე და პირდაპირ ევროპის ჩემპიონი გახდე. დავინახეთ, რომ ყველასთან თამაში შეგვიძლია. ჩვენ გვჯერა წარმატების. მე მგონი ეს ჩანდა მოედანზე.  დღეს დავმარცხდით, თუმცა ფუტსალმა მოიგო, საქართველოში ფუტსალი შედგა, ჩვენ ევროპის რვა გუნდს შორის მოვხვდით. ალბათ, რამდენიმე წლის წინ ფუტსალის შესახებ საქართველოში ბევრმა არ იცოდა, მაგრამ დღეს ბევრმა იცის.

რამდენიმე წლის წინ არავის სჯეროდა, რომ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში მოვხვდებოდით. ყოველთვის გვეზარება დიდი გზის გავლა, თუმცა თუ დიდი გზა არ გაიარე, წარმატებას ვერ მიაღწევ. ამ ბიჭებს, ვინც ქართულ ფუტსალში მოღვაწეობს, ბევრი რამ შეუძლიათ და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს გააკეთებენ.

დღევანდელ თამაშში თალესი დაგვაკლდა. თოფურიას სიმამაცე მინდა გამოვყო, რომ მას მძიმე ტრავმა ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად, ბოლომდე დაიხარჯა. ალბათ, კანონზომიერია, რომ ამ ადგილით დავკმაყოფილდით, თუმცა კიდევ ერთი სენსაციის მოხდენის შესაძლებლობაც გვქონდა.

არ ვფიქრობ, რომ რუსეთმა თავი დაზოგა. უკრაინას წარმატებას ვუსურვებ, მხოლოდ და მხოლოდ წარმატება უკრაინას. თუ არ გჯერა, გამორიცხულია, რომ წარმატებას მიაღწიო. თუ შენ არ გჯერა, მოთამაშეებს როგორ დაარწმუნებ, აბსურდია ეს. ჩემი გუნდის მოთამაშეებს წარმატების სჯეროდათ, თუმცა გამოცდილება დაგვაკლდა''.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველო აზერბაიჯანთან 0:2 აგებდა, თუმცა 3:2 მოიგო. მეორე ტურში ავთანდილ ასათიანის გუნდი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან 0:1 მარცხდებოდა, თუმცა ზედიზედ მეორე შეხვედრაში ''ქამბექი'' შეასრულა და 1/4-ფინალში გასვლა გაინაღდა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ესპანეთმა საქართველო 8:0 გაანადგურა.

ფოტო: სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები