კრის პოლის საოცარი მატჩი - სან ანტონიომ იბრძოლა, მაგრამ მაინც წააგო
დასავლეთ კონფერენციის ლიდერმა, „ფინიქს სანსმა“ ზედიზედ მეათე შეხვედრა მოიგო. არიზონელებმა, რომლებიც მიმდინარე სეზონს ფენომენალურად ატარებენ, „სან ანტონიო სპურსი“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს. გრეგ პოპოვიჩის გუნდი გადამწყვეტ მეოთხედს 12-ქულიანი უპირატესობით შეხვდა, მაგრამ გამოუცდელობამ და „სანსის“ ლიდერთა ბრწყინვალე თამაშმა თავისი ქნა და „ფინიქსმა“ 115:110 იმარჯვა.
არიზონელთა წარმატების მთავარი სულისჩამდგმელი კრის პოლი გახლდათ. „სიპისამმა“ ფენომენალური მატჩი ჩაატარა და 20 ქულა, 8 მოხსნა და 19 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. პოლს ბოლო ორ შეხვედრაში 33 ასისტი და მხოლოდ 4 დაკარგვა აქვს, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია.
Points: 20
— NBA on ESPN (@ESPNNBA) January 31, 2022
Assists: 19
Year: 17
CP3: ???? pic.twitter.com/3pmWDBoaNi
„ფინიქსის“ რიგებში ყველაზე მეტი, 28 ქულა დევინ ბუკერმა ჩააგდო. ბრიჯისის ანგარიშზე 26 ქულა და 8 მოხსნა იყო, ხოლო ბიომბო ორმაგი დუბლით გამოირჩა - 10 ქულა, 11 მოხსნა. „სან ანტონიოს“ მხრიდან 24 ქულით თავი დაგ მაკდერმოტმა გამოიჩინა. ლონი უოკერმა 22 ქულა ჩააგდო. კელდონ ჯონსონმა - 16, ხოლო ტრე ჯონსმა - 15.
ამრიგად, „ფინიქსმა“ მიმდინარე სეზონში მე-40 გამარჯვება იზეიმა და „სანსის“ მთავარი მწვრთნელი, მონტი უილიამსი ყველა ვარსკლავის მატჩში ლებრონ ჯეიმსის გუნდს უთავკაცებს. „სანსი“ მომდევნო შეხვედრას „ბრუკლინ ნეთსის“ წინააღმდეგ გამართავს და „გოლდენ სტეიტთან“ არსებული უპირატესობის შენარჩუნებას შეეცდება.