ჯოკოვიჩთან დაკავშირებულ სკანდალზე NETFLIX-ი სერიალს გადაიღებს
ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოვიჩი ვაქცინის გაკეთებაზე უარს აცხადებს, რის გამო ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს. ავსტრალიის მთავრობამ მისი დეპორტაცია უკვე მოახდინა და ქვეყანაში შესვლა 3 წლით აუკრძალა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სერბი ჩოგბურთელის გუნდს ისეთი ვიზა არ მოუთხოვია, რომელიც ვაქცინაციის ვალდებულებისგან გაათავისუფლებდა და შესაბამისად, სამედიცინო გამონაკლისს დაუშვებდა.
მომხდარის შემდეგ, ნოვაკის ადვოკატებმა განაჩენი გაასაჩივრეს და სერბ ვარსკვლავს ავსტრალიაში თამაშის უფლება დართეს, თუმცა მოგვიანებით ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა, ალექს ჰოუკმა ჩოგბურთელის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და სპორტსმენს ვიზა გაუუქმდა.
გასული დღეების განმავლობაში უცხოურ მედიაში მთავარი სამსჯელო თემა სწორედ ჩოგბურთელთან დაკავშირებული ინციდენტი იყო, რაც არც პოპულარულ NETFLIX-ს გამორჩენია. სწორედ აღნიშნული კომპანია გადაიღებს სერიალს, რომელშიც ქრონოლოგიურად და დეტალურად იქნება ასახული ინციდენტის თითოეული დეტალი.
დასახელდა სერიალის გამოსვლის სავარაუდო თარიღიც - სერიალი ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი 2022 წლის ბოლოს იქნება. პროექტზე კომპანია Box To Box Films იმუშავებს, ხოლო პროდიუსერი ჯეიმს გეი-რისი იქნება, რომელიც ცნობილი „ფორმულა 1"-თ გახდა.
როგორც გაირკვა, ინციდენტის დღეებში NETFLIX-ის გუნდი ავსტრალიაში გადაღებაზე იმყოფებოდა. მათ ექსკლუზიური უფლება მიიღეს და თითოეული დეტალი აღბეჭდეს, მათ შორის, გასახდელები და პროექტისთვის საჭირო სხვა ადგილები.