,,წელს თუ არა, შემდეგ სეზონში ლიგას მოიგებს" - გეგუჩაძე გუარდიოლას სიტიზე
ყოველ ორშაბათს, 20:00 საათზე, CrystalSport-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს „საგოლე გადაცემას" სთავაზობს, სადაც გადაცემის წამყვანები საინტერესო სტუმრებთან ერთად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავენ.
გასულ ორშაბათს, გადაცემის სტუმარი დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი, გია გეგუჩაძე იყო, რომელმაც სხვადასხვა საინტერესო საკითხის ირგვლივ ისაუბრა, მათ შორის, თანამედროვე ფეხბურთსა და ფავორიტ მწვრთნელზე:
თანამედროვე მწვრთნელებიდან პეპ გუარდიოლას ფილოსოფია ძალიან მომწონს - ეს იქნება გუნდის შენების პროცესი თუ სათამაშო სტილი.
მე მაინც მგონია, რომ წელს თუ არა, შემდეგ სეზონში გუარდიოლას სიტი ჩემპიონთა ლიგას აუცილებლად მოიგებს.
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის ფინალი პეპ გუარდიოლას მანჩესტერ სიტისა და ტომას ტუხელის ლონდონის ჩელსის შორის შედგა. შეხვედრის ბედი კაი ჰავერცის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.
ამ სეზონში პეპ გუარდიოლამ მანუელ პელეგრინის მთავარი მწვრთნელობისას დაფიქსირებული შედეგი გააუმჯობესა. 2015-16 წლების სეზონში ჩილელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ,,ქალაქელები'' ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველად გავიდნენ, სადაც მადრიდის რეალის ბარიერი ვერ დაძლიეს.
საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის ახალი ჩემპიონი კი სწორედ გია გეგუჩაძის დინამო ბათუმია, რომლისთვისაც ეს ტიტული ისტორიულია. სხვადასხვა დროს, 1923 წელს დაარსებული აჭარული კლუბი საქართველოს თასისა (1997-1998) და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (1998) გახლდათ, ასევე 4-ჯერ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი (1997–1998, 2014–2015, 2019/2020), თუმცა მისთვის ოქროს მედალი პირველია.