აგენტი: ,,ქვილითაიას ბუნდესლიგის გუნდი იწვევდა და კარგ პირობებს სთავაზობდა"
მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ საქართველოს პირველ არხთან გიორგი ქვილითაიასთან დაკავშირებული უცნობი ისტორია გაიხსენა და არ დამალა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს გერმანიის ბუნდესლიგაში თამაშის შანსი ჰქონდა:
გიორგის ჰქონდა შანსი, რომ ანორთოსისამდე გერმანიაში წასულიყო. გენტიდან წამოსვლა რომ გადაწყვიტა, მეორე ბუნდესლიგის ბოხუმი იწვევდა და კარგ პირობებს სთავაზობდა, თუმცა იმ პერიოდში გენტმა პრობლემები შეუქმნა, თავის გამოჩენის შანსს არ აძლევდნენ და ფსიქოლოგიურად ისე იყო, ისევ უცხო გარემოში წასვლას თემურ ქეცბაიასთან მუშაობა ამჯობინა, რომელიც იცნობდა და ენდობოდა. ეს გუნდი შემდეგ ბუნდესლიგაში გადავიდა და გიორგის ჰქონდა შანსი, ამ გუნდთან ერთად ამ პრესტიჟულ ლიგაში ეთამაშა.
მთავარია, რომ გენტს თავი დააღწია, სადაც ქვილითაიას ცუდად მოექცნენ და შანსს არ აძლევდნენ. ბელგიაში მოტეხილი ფეხით ჩავიდა და მოედანზე დაბრუნებისთანავე გაიტანა, მაგრამ შემდეგ სეზონში თავის გამოჩენის შანსი არ მისცეს, რასაც წმინდა პრაგმატული მოსაზრებით აკეთებდნენ. გიორგიზე ძვირი ღირდა კანადელი ჯონათან დავიდის და უკრაინელი რომან იარემუჩუკის ტრანსფერები და აქცენტი მათზე გააკეთეს, უფრო კარგ ფასში რომ გაეყიდათ. ქვილითაია გენტში ამ გათვლებს შეეწირა და შანსი არ მისცეს.
გული დამწყდა, რომ ნაკრებში აღარ იწვევენ. მგონია, რომ გიორგი თამაშს იმსახურებს. მით უფრო, რომ გენტის შემდეგ ისევ ათამაშდა, გოლებიც გაჰქონდა და ახლა კვიპროსის ყველაზე ტიტულოვან გუნდში მიიწვიეს. ვფიქრობ, რომ ის ნაკრებს კიდევ გამოადგება.
გიორგი ქვილითაიას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 34 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მათ შორის, 16 მატჩი შეცვლაზე. თავდამსხმელის ანგარიშზე 6 გოლია.
მომზადებულია საქართველოს პირველი არხის მიხედვით