„საკუთარ თავში ჩავიკეტე და არსად გავდიოდი" - ჯოჯუამ UFC-ის დატოვებაზე ისაუბრა
MMA-ის ქართველმა მებრძოლმა, ლიანა ჯოჯუამ UFC-ში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა. „მგელი“ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და განაცხადა, რომ UFC-ის დატოვების გადატანა ძალიან გაუჭირდა.
„ვფიქრობ, UFC-ში გატარებული დრო ჩემი ცხოვრების კარგი პერიოდი იყო. UFC მსოფლიოში საუკეთესო ორგანიზაციაა, სადაც საუკეთესო მებრძოლები ჩხუბობენ და ბევრი რამ ვისწავლე. საკუთარ თავზე ვიმუშავებ და შევეცდები, რომ UFC-ში დავბრუნდე. როცა ორგანიზაციასთან კონტრაქტი გავაფორმე, 23 წლის ვიყავი. ზოგიერთი მებრძოლი ამ ასაკში UFC-ში გამოსვლაზე ვერც კი ოცნებობს. ახლა 26 წლის ვარ და დრო საკმარისად მაქვს, რათა საკუთარ თავზე ვიმუშაო და იქ დავბრუნდე.
სიმართლე გითხრათ, ვხვდებოდი, რომ კონტრაქტს არ გამიხანგრძლივებდნენ, რადგან ზედიზედ მეორედ დავმარცხდი, თუმცა ზოგიერთები ამბობდნენ, რომ ახალი ხელშეკრულების გაფორმების შანსი მაინც იყო. კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, ფსიქოლოგიურად ძალიან გამიჭირდა. საკუთარ თავში ჩავიკეტე, არსად გავდიოდი და ორი კვირის განმავლობაში მობილურ ტელეფონს პრაქტიკულად არ ვიყენებდი. ამ ვითარებიდან დაახლოებით 1 კვირის წინ გამოვედი, საკუთარ მომავალზე ფიქრი დავიწყე და გეგმები დავაწყე. რა თქმა უნდა, ახლა ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვარ“.
შეგახსენებთ, რომ ჯოჯუამ UFC-ში 4 ბრძოლა გამართა და 3-ჯერ წააგო. კარიერაში მას 13 ჩხუბი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 8 მოგება და 5 მარცხია.