მამარდაშვილის გამოსყიდვასთან დაკავშირებით ვალენსიას გადაწყვეტილება ცნობილია
ესპანური მედია წერს, რომ ვალენსია გიორგი მამარდაშვილს დინამო თბილისიდან გამოისყიდის და რომ ესპანურ კლუბს ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი არ შეუცვლია.
Eldesmarque-ის ინფორმაციით, ვალენსიას პრეზიდენტი, ენილ მარტი კლუბის მფლობელს, პეტერ ლიმს ესაუბრა და საკუთარ აზრთან ერთად, გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხოსე ბორდალასის პოზიცია გააცნო, რომელიც ,,ღამურების" რიგებში გიორგის შენარჩუნებას ეხებოდა.
ტრანსფერის სავარაუდო თანხად 800 000 ევრო სახელდება.
თავდაპირველად, ცნობილი იყო, რომ გიორგი ვალენსია 2-ს შეუერთდებოდა, თუმცა მოვლენები იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე ველოდით - მამარდაშვილის დებიუტი 2021/22 წლების სეზონის ლა ლიგაში 13 აგვისტოს, ხეტაფეს წინააღმდეგ, პირველივე ტურში შედგა. აღნიშნულ შეხვედრაში, 20 წლის შემდეგ, 20 წლის მამარდაშვილი გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ლა ლიგის შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ესპანეთის ლა ლიგაში, ბოლო მატჩი ძირითად შემადგენლობაში გიორგი დემეტრაძემ 2001 წელს, სოსიედადის შემადგენლობაში ჩაატარა.
მამარდაშვილი პირველი ქართველი მეკარეა, რომელიც ესპანეთის ლა ლიგაში გამოჩნდა და ასევე, პირველი მეკარე, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ითამაშა. აღსანიშნავია, რომ 1982 წლის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელსაც ლა ლიგაში შანსი მიეცა.
მამარდაშვილმა ზედიზედ ლა ლიგის მე-6 ტურის მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში, საბოლოო ჯამში, გასულ 6 ტურში გიორგიმ 7 გოლი გაუშვა.