ბოშათა მეფის დაბრუნება - გზა დეპრესიიდან სამეფო ტახტამდე
Aa Aa

ბოშათა მეფის დაბრუნება - გზა დეპრესიიდან სამეფო ტახტამდე

კლიჩკოსთან ბრძოლამდე მისი ძალიან ცოტას სჯეროდა. კლიჩკოს დამარცხების შემდეგ, იგი დეპრესიაში აღმოჩნდა, სუიციდზე ფიქრობდა და მისი დაბრუნების ძალიან ცოტას სჯეროდა. იგი დაბრუნდა, 2 ბრძოლა მოიგო, მაგრამ უაილდერთან ჩხუბის წინ მისი მაინც ძალიან ცოტას სჯეროდა. დღეს, ეს ადამიანი საჩემპიონო ქამრის მფლობელია და დეონტეი 2-ჯერ დაამარცხა. ალბათ, მიხვდებოდით, რომ ეს „ბოშათა მეფის“ ამბავია. „ბოშათა მეფის“, რომელმაც საკუთარ დემონებს სძლია და სამეფო ტახტი დაიბრუნა.

„კრიზისულ სიტუაციებში უამრავჯერ ვყოფილვარ. უამრავჯერ მიგრძნია ტკივილი. უამრავჯერ ვყოფილვარ განადგურებული და უამრავჯერ ყოფილა მეტოქე ჩემზე წინ, მაგრამ არასდროს დავნებებულვარ. ხალხს შეუძლია, ჩემზე ნებისმიერი რამ თქვას, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი გული მაქვს და წინსვლას გავაგრძელებ. ღმერთის დახმარებით ყველაფერი შესაძლებელია და მე ამის ნათელი მაგალითი ვარ“! რთულია ტაისონ ფიურის შეეკამათო. „ბოშათა მეფე“ ხომ მართლა იმ ადგილიდან დაბრუნდა, საიდან დაბრუნებაც შეუძლებელი თუ არა ურთულესი ნამდვილადაა.

წყვდიადში მოხვედრამდე იყო ტრიუმფი, დიდება და პოპულარობა... 2015 წელს, ბრიტანელმა მოკრივემ ვლადიმირ კლიჩკო დაამარცხა. ჩვეულებრივი მონსტრი, რომელიც 11 წლის განმავლობაში წაგების გარეშე იყო. თითქოს ფიურისთვის ასეთ წარმატებას დიდი ბედნიერება და სიხარული უნდა მოეტანა, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ კინაღამ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე დავკარგეთ. კლიჩკოს დამარცხების შემდეგ, იყო ბევრი პრობლემა. აკრძალული პრეპარატები სისხლში, კოკაინი, ტრავმები... საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ფიურიმ საკუთარი ქამრები დათმო და მიზეზად დეპრესია დაასახელა.

ტაისონს ბიპოლარული აშლილობა აწუხებს და საჩემპიონო ქამრების მოპოვების შემდეგ, საკუთარი თავის კონტროლი დაკარგა. „მთელი ჩემი ცხოვრება ერთი მიზანი მქონდა - ვლადიმირ კლიჩკოს დამარცხება. სწორედ ამან მომცა საშუალება, რომ გზას არ ავცდენოდი, მაგრამ როცა მას მივაღწიე, არაფერ იყო, რაზეც კონცენტრაციას მოვახდენდი და რაც მოტივაციას მომცემდა. ამას ამბობს ადამიანი, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა - დიდება, ფული, ოჯახი, შვილები“... ტაისონი საყვარელ საქმიანობას ჩამოშორდა, უფსკრულისკენ ისე გაეშურა, თითქოს მის გარშემო ყველაფერმა აზრი დაკარგა და ერთადერთ გამოსავლად თვითმკვლელობა მიაჩნდა...

„სიმართლეს გეტყვით, მაშინ უბრალოდ არაფრის გაკეთება არ მინდოდა. წარმოდგენა არ მქონდა, ამას რატომ ვგრძნობდი და ჩემში ცეცხლი უბრალოდ აღარ იყო. დეპრესია საჩემპიონო ჩხუბამდე დიდი ხნით ადრე მაწუხებდა. საკუთარ თავს ვეკითხებოდი ასეთ მდგომარეობაში რატომ ვიყავი და პასუხი არ მქონდა. ხალხი ამბობდა, რომ ყურადღების მიპყრობა მინდოდა, მაგრამ თუ მსგავსი პრობლემები გამოცდილი არ გაქვთ, ვერასდროს მიხვდებით რას ვგრძნობდი. ნელ-ნელა ყველაფერი ცუდიდან უარესისკენ წავიდა. ყოველდღე ვსვამდი და ნარკოტიკებს ვიღებდი. ღამეებს წვეულებებზე ვატარებდი, ვერთობოდი და სახლში არ ვბრუნდებოდი. კრივი და ჩემი სიცოცხლე ფეხებზე მეკიდა და ერთადერთი, რაც მინდოდა, სიკვდილი იყო. დეპრესიისგან თავის დასაღწევად ალკოჰოლურ სასმელსა და ნარკოტიკებს ვიღებდი, რადგან ამის შემდეგ, თავს ოდნავ კარგად ვგრძნობდი, თუმცა მეორე დღეს საშინელი ნაბახუსევი მქონდა და დეპრესია უფრო მეტად მაწუხებდა.

დაკარგული ვიყავი. გამოსავალს ვერ ვხედავდი და ჭაობში უფრო და უფრო ვეფლობოდი. დეპრესიის დაძლევა მოკრივის კარიერის დასრულებით ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. პრობლემების გადაჭრის სხვა ხერხებსაც მივმართე... გოლფის თამაში დავიწყე, მონაწილეობა ექსტრემალურ რბოლებში მივიღე, სტრიპტიზ კლუბებში რეგულარულად დავდიოდი, მაგრამ შვება ვერ და ვერ ვპოვე. სულში ძალიან დიდ სიცარიელეს ვგრძნობდი. ყოველ დილით სიკვდილზე ფიქრით მეღვიძებოდა. იმ პერიოდში ჩემ გარშემო მყოფ ყველა ადამიანის ვაუბედურებდი. ჩემთან ნორმალური დიალოგის გამართვა შეუძლებელი იყო. დეპრესია უფრო და უფრო ძლიერდებოდა და 1000 სულელური ფიქრი მიტრიალებდა”.

დეპრესიასთან ბრძოლაში ფიური მარტო არ ყოფილა. მარტო ხომ დეპრესიის დამარცხება ალბათ, წარმოუდგენელია... „ბოშათა მეფეს“ ამ გამოწვევის დაძლევაში მისი საყვარელი ადამიანი დაეხმარა. ფიურის მეუღლემ, პერისმა ურთულესი პერიოდი მასთან ერთად გამოიარა და არ მალავს, რომ მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ დანებებაზე აქტიურად ფიქრობდა.

„ყოველ დღე მინდოდა, წავსულიყავი და ყველაფერი მიმეტოვებინა. ყოველ დღე ვტიროდი, ვიტანჯებოდი და ვფიქრობდი: „ამასთან გამკლავება არ შემიძლია“. რამდენჯერმე გადავწყვიტე, რომ ჩემოდნები ჩამელაგებინა და ბავშვებთან ერთად წავსულიყავი, მაგრამ ყოველ ჯერზე ვხვდებოდი, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა. ნუთუ ვტოვებთ ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს? ნუთუ უფლებას ვაძლევთ ჩვენს საყვარელ ადამიანებს, რომ თავი გაინადგურონ? ნუთუ მათ განსაცდელების წინაშე მარტოებს ვტოვებთ? რა თქმა უნდა, არა! ტაისონს მე და ბავშვები არასდროს მივუტოვებივართ და ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი... ეს საშინელება ერთად უნდა გადაგვეტანა“.

ფიურის ტრანსფორმაცია ჰელოუინის ღამეს დაიწყო. ერთ-ერთი წვეულების შემდეგ, „ბოშათა მეფე“ სახლში დაბრუნდა და რადიკალურად შეცვლილი გახლდათ. „29 წლის ვიყავი და ჰელოუინის წვეულებაზე ჩონჩხის კოსტუმში გამოწყობილი მივედი. მახსოვს, იმ მომენტში სერიოზულად ვფიქრობდი იყო თუ არა ეს, რის მიღებაც ცხოვრებისგან სურდა. ამის შემდეგ, სახლში წავედი, ჩაბნელებულ ოთახში დავჯექი, კოსტუმი გავიხადე და ღმერთს დახმარება ვთხოვე. იქამდე არასდროს მილოცია და სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა“.

ფიურიმ გაიღიმა... მაგრამ ეს მხოლოდ ნახევარია იმ ისტორიისა, რომლითაც „ბოშათა მეფეს“ თითოეული ჩვენგანის შთაგონება შეუძლია. ტაისონის ღიმილის ხილვამ ბევრი გაახარა, მაგრამ მისი წარმატების ფაქტობრივად არავის სჯეროდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოები, რომლებზეც ასახული ყოფილი ჩემპიონი 170 კილოგრამს იწონიდა, ხალხში სიბრალულსა და თანაგრძნობას იწვევდა. ყველა დარწმუნებული იყო, რომ რინგზე დაბრუნების შემთხვევაში, მისი მაქსიმუმი რამდენიმე ბრძოლის მოგება იქნებოდა და იგი ძველ დონეზე ვერასდროს ავიდოდა. საჩემპიონო ქამრის მოპოვებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ქომაგთა პოზიცია გასაგები იყო, მაგრამ მათ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ არაფერი იცოდნენ. მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ ფიურის მოტივაცია ისევ ჰქონდა! „ბოშათა მეფეში“ ცეცხლი ისევ გაჩნდა და ეს დეონტეი უაილდერის დამსახურება იყო. ამერიკელს აღმერთებდნენ! მას 39-დან 38 ბრძოლა ნოკაუტით ჰქონდა მოგებული, მაიკ ტაისონს ადარებდნენ და თანამედროვეობის ყველაზე საშიშ მძიმეწონოსან მოკრივეს უწოდებდნენ. უაილდერი ფიურისთვის ახალ კლიჩკოდ იქცა და მას ვარჯიშის განახლების მოტივაცია მისცა.

2017 წლის დეკემბერში „ბოშათა მეფემ“ ისტორიული ვიდეო გამოაქვეყნა. მსუქანი და ფორმიდან ამოვარდნილი ფიური სარბენად გავიდა, ვიდეო ემინემის სიმღერის, Without me-ის ფონზე ჩაწერა და უაილდერს მიმართა.

„გამოცანით ვინ დაბრუნდა? ერთადერთი და განუმეორებელი. მინდა, დეონტეი უაილდერს მივმართო. დიდი მადლობა, რომ მოტივაცია მომეცი. მითხარი, რომ ვერ შევძლებდი და ჩემთან მიმართებით ყველაფერი დასრულებული იყო. შენ გამო დავბრუნდები პატარავ! შენ გამო დავბრუნდები. შევასრულებ პირობას, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოგეცი და გაგანადგურებ ბიჭუნავ“.

ფიური ვარჯიშს დაუბრუნდა და საკუთარი ცხოვრების ახალი თავის წერას შეუდგა. დიეტამ და თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო და „ბოშათა მეფემ“ 60 კილოგრამი დაიკლო. 2018 წლის ივნისში, იგი რინგზე დაბრუნდა და სეფერ სეფერის დაუპირისპირდა, აგვისტოში კი ფრანჩესკო პიანეტას გაეჯიბრა. მოკრივე, რომელიც 2 წლის განმავლობაში საკუთარ ორგანიზმს ანადგურებდა და არაჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა, დაახლოებით ნახევარ წელში ფორმაში ჩადგა, რინგზე გავიდა და 2 გამარჯვება მოიპოვა. ფორმის დაბრუნებაში ფიურის დიეტოლოგი გრეგ მარიოტი დაეხმარა. ამ უკანასკნელმა მისთვის სპეციალური დიეტა შეიმუშავა და თვალს ადევნებდა, რომ ახალი რეჟიმი ტაისონისთვის ტანჯვად და წამებად არ ქცეულიყო. ამისთვის, მარიოტი ხანდახან ფიურის მისი საყვარელი კერძის, „ფიშ ენდ ჩიპსის“ მირთმევის უფლებასაც აძლევდა.

პიანეტასთან ჯახს დეონტეი უაილდერთან დაპირისპირება მოჰყვა. მე-12 რაუნდში, როცა ფიური ნოკდაუნში აღმოჩნდა, სუნთქვა თითოეულმა ჩვენგანმა შეიკავა. უაილდერის დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ალბათ, მხოლოდ ფიურის ქომაგებს სჯეროდათ ის, რაც მომდევნო წუთებში მოხდა. ტაისონი წამოდგა და ბრძოლა საფინალო გონგამდე მიიყვანა. მსაჯებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს და ფიურისა და უაილდერის პირველი შერკინება ფრედ დასრულდა.

„მთელ მსოფლიოს ვაჩვენე, რომ მენტალური პრობლემების ქონა დასასრული არაა და დაბრუნება ყოველთვის შესაძლებელია. ეს იმ ადამიანებისთვის გავაკეთე, რომლებსაც იგივე პრობლემები აქვთ, რაც მე მქონდა და ყველამ იცის, რომ ეს ბრძოლა მოვიგე. თუ მე დავბრუნდი იმ ადგილიდან, სადაც ვიყავი, იმავეს გაკეთება თქვენც შეგიძლიათ და არასდროს დანებდეთ. ადექით, დახმარებისთვის ვინმეს მიმართეთ და პრობლემები ერთად გადავჭრათ. მინდოდა, მთელი მსოფლიოსთვის მეჩვენებინა, რომ ეს შესაძლებელი იყო. სწორი დამოკიდებულებით და ხედვით შეუძლებელი არაფერია. თუ საკუთარი თავის გჯერათ, მსხვერპლს გაიღებთ და თქვენი მიზნის მისაღწევად თავს გაწირავთ, მწვერვალზე დაბრუნებას აუცილებლად შეძლებთ“.

„ბოშათა მეფემ“ დეონტეი უაილდერის წინააღმდეგ კიდევ 2-ჯერ იჩხუბა და ამერიკელი მოკრივე ორივეჯერ დაამარცხა, მაგრამ როგორც მაიკ ტაისონი ამბობს, საჩემპიონო ქამრები მთავარი არაა. „საჩემპიონო ქამრები?! საჩემპიონო ქამრები ნაგავია. მეტი არაფერი. შემიძლია, ვთქვა, რომ ნაგვის ქონით ვარ დალოცვილი. როცა ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი, ეს ქამრები ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა, მაგრამ შემდეგ ბევრ რამეს ხვდები და შენი პრიორიტეტები იცვლება. გინდება, რომ შენი შვილები ბედნიერი იყვნენ. კარგი რაღაცები აკეთო და ამით ბედნიერებას იღებ. საჩემპიონო ქამრები არაფერია, უბრალოდ არაფერი“.

„რკინის მაიკის სიტყვებში“ დიდი აზრი დევს და ამას „ბოშათა მეფეც“ ადასტურებს. „თუ მენტალურ პრობლემებს ისეთი ძლიერი და დიდი ადამიანის დაჩოქება შეუძლია, როგორიც მე ვარ, მაშინ ის ყველას დააჩოქებს. ყველაფერი მქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რამე მაინც გამაჩნდა“.

გაზიარება: