D10S - 2 წელი დიეგოს გარეშე...
24 ნოემბრის საღამოს ფეხბურთის „ღმერთს“ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც მის სახლთან არაერთი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, სამწუხაროდ 25 ნოემბერს დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დღეს 2 წელი გავიდა, რაც მსოფლიო დიეგოს გარეშე დარჩა...
ლეგენდარული არგენტინელის გარდაცვალების ოფიციალური დრო 25 ნოემბრის შუა დღის 12:30 გახლავთ. როგორც შემდეგ დადგინდა, სიკვდილიანობის პროცესი 12 საათით ადრე დაიწყო და მას შესაბამისი ყურადღება არ მიაქციეს.
1 მაისს ცნობილი გახდა, რომ დიეგოს გადარჩენის ბევრად მეტი შანსი ექნებოდა უკეთესი ხარისხის მკურნალობა, რომ მიეღო. ოფიციალურ დასკვნაში წერია, რომ არგენტინელის მიმართ გაწეული მკურნალობა არაადეკვატური, არასრული და უგუნური იყო.
გამოძიების დასკვნაში ისიც წერია, რომ ექიმებმა კარგად იცოდნენ მარადონას მდგომარეობის შესახებ, მაგრამ გულგრილები აღმოჩნდნენ და დიეგო უყურადღებოდ დატოვეს. მედიკოსებმა ასევე იცოდნენ, რომ სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ დროს გაუარესებულიყო.
ირკვევა, რომ ექიმები დაჟინებით ითხოვდნენ გარდაცვლილი ყოფილი ფეხბურთელის საავადმყოფოდან გაწერას და ტიგრესში მდებარე სახლში დაბრუნებას. ამასთან ერთად, გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ იმ მომენტში მარადონა საღ აზრზე არ იმყოფებოდა და თავად ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას დაბრუნებულიყო სახლში, თუ დარჩენილიყო საავადმყოფოში.
რომ არა სამედიცინო პერსონალის არაპროფესიონალიზმი, შესაძლოა მსოფლიოს დღეს დიეგო კვლავ ჰყოლოდა, თუმცა მარადონას მსგავსი ადამიანები არასდროს კვდებიან. მისმა ცხოვრებამ მთელი არგენტინის ისტორია შეცვალა. დიეგო ფეხბურთელზე გაცილებით მეტი იყო - ის არგენტინელებს იმედს უსახავდა და სიამაყის განცდას უტოვებდა.
მარადონას სახლს ისტორიული ძეგლის სტატუსი მიენიჭა
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისტორიული ძეგლის სტატუსი მიგვენიჭებინა იმ ადგილისთვის სადაც ლეგენდა დაიბადა. მარადონას უზარმაზარი გავლენა მსოფლიოზე ცილდება მის ყველანაირ სპორტულ დამსახურებას. მისმა გარდაცვალებამ კი აჩვენა, რომ დიეგო ჩვენი იდენტობის ყველაზე დიდი სიმბოლოა.“
- განაცხადა არგენტინის პრეზიდენტმა.
ხელგაშლილი და გულუხვი ცხოვრება
მარადონას ბევრი ადამიანი აკრიტიკებდა. მისი ცხოვრების წესი სამაგალითო არ ყოფილა, თუმცა დიეგო თავისი კეთილი გულით სხვებს ყოველთვის ეხმარებოდა. ზოგიერთი ფეხბურთელის მსგავსად ხელმომჭირნე და უცნაური არ ყოფილა.
მარადონა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს მუდამ გვერდში ედგა.
იტალიური „კორიერე დელო სპორტი“ წერს, რომ 2014-2020 წლებში მარადონამ თავის ახლობლებზე 4.7 მილიონი დოლარი დახარჯა.
იტალიური გამოცემა ამ ინფორმაციას დიეგოს ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.
რაც შეეხება თანხების გადანაწილებას, ყველაზე დიდი წილი დიეგოს ყოფილ საცოლეს როსიო ოლივას შეხვდა - 1.41 მილიონი. სიაში შემდეგ არიან უმცროსი ვაჟის დედა ვერონიკა ოხედა 910 ათასი, ყოფილი მეუღლე კლაუდია ვილიაფანიე 900 ათასი, ქალიშვილები დალმა 554 ათასი და ჯანინა 500 ათასი, უმცროსი ვაჟი დიეგო 77 ათასი.
D10S
„მე მარადონა ვარ, რომელსაც გოლები გააქვს, უშვებს შეცდომებს. შემიძლია ამ ყველაფერს გავუმკლავდე. საკმარისად დიდი მხრები მაქვს, რომ ეს ყველაფერი მივიღო და მას ვებრძოლო.
როდესაც ღმერთი გადაწყვეტს, რომ დროა, ვფიქრობ, ის ჩვენთვის მოვა...“