ინტერესი უცხოეთიდან: ,,თამაში დასრულებული არ იყო, 50-ზე მეტი შეტყობინება შემომივიდა“
რამაზ სვანაძის საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში, ინგლისის 21-წლამდე ნაკრებს, ბათუმში, უმასპინძლა და ანგარიშით - 3-2 დაამარცხა.
ჩვენი გუნდიდან სამივე გოლი საბურთალოს ფეხბურთელების ანგარიშზეა: გიორგი გულიაშვილმა დუბლი შეასრულა, შემდეგ კი გიორგი გოჩოლეიშვილმა (რომელმაც გულიაშვილს გაატანინა) ბრწყინვალე დრიბლინგი გოლით დაასრულა.
რაც შეეხება სტუმრებს, ინგლისელებმა გოლები მატჩის მიწურულს გაიტანეს: 81-ე წუთზე კლინტონ მოლამ (შტუტგარტი) ანგარიში შეამცირა, მეოთხე დამატებულ წუთზე კი მარკ გეიმ (კრისტალ პალასი) საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3-2.
საქართველოს პირველ არხს აგენტმა, ირაკლი ლილუაშვილმა განუცხადა, რომ აღნიშნული მატჩის შემდეგ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებით არაერთი უცხოური გუნდი დაინტერესდა:
რამდენიმე ფეხბურთელთან ვთანამშრომლობ. ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებთან მატჩამდე რამდენიმე ცნობილი მენეჯერი გავაფრთხილე, რომ ამ მატჩით დაინტესებულიყვნენ. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ დამიკავშირდებოდნენ. მაგრამ იმან, რაც თამაშის შემდეგ მოხდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ინტერესი ათმაგად გაიზარდა. თამაში 2 საათის დასრულებული არ იყო, როდესაც მობილურზე დავითვალე, რომ 50-ზე მეტი შეტყობინება შემომივიდა.
ლუკა გაგნიძეს არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია, მაგრამ ძალიან კარგი თამაში ჩაატარა და მის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. გიორგი გულიაშვილმა ინგლისთან დუბლი შეასრულა და უკვე ბევრი კლუბის სამიზნე გახდა, ისევე, როგორც გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელმაც თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარა და საგოლე გადაცემის გარდა, ულამაზესი გოლიც გაიტანა.
გუნდი გრანდთან ასეთ თამაშს რომ აჩვენებს, ეს მწვრთნელის დამსახურებაა. რამაზ სვანაძე რომ ნიჭიერი მწვრთნელია, ეს 19-წლამდელებში მუშაობის დროსაც და ახალგაზრდულ ნაკრებშიც მუშაობაზეც მეტყველებს. ის გულიაშვილთან რამდენიმე ასაკობრივ ნაკრებში მუშაობდა და გიორგის ყველგან გაჰქონდა და გააქვს. ეს მეტყველებს, რომ მწვრთნელი ფეხბურთელის საჭირო თვისებებს ძალიან მაგრად იყენებს. ეს ბევრს ნიშნავს.
ბათუმში ინგლისის და საქართველოს ახალგაზრდული გუნდები, ერთმანეთს ისტორიაში მეოთხედ დაუპირისპირდნენ.
განვლილ 4 მატჩში 1 შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა მოიგო, 2 დაპირისპირებაში ინგლისელებმა გაიმარჯვეს, ხოლო 1997 წელს, ჩარლტონ ატლეტიკსის ვალიზე გამართული, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი, ფრედ, ანგარიშით - 0-0 დასრულდა.
მომზადებულია საქართველოს პირველი არხის მიხედვით / ფოტო: GFF