2006 წლის შემდეგ, არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ფავორიტთა შორის არასდროს განუხილავთ. დიახ, იყო მარადონას ფორმაციის გუნდი, რომელსაც საოცარი შეტევა ჰყავდა, თუმცა დიეგო როგორც მწვრთნელი ძალიან სუსტი იყო და მისი ფორმაციის „ალბისელესტე“ ერთ მთლიან ორგანიზმად არასდროს ჩამოყალიბებულა, რადგან დაცვა და ნახევარდაცვა უბრალოდ არ ჰყავდა.
2014 წლის ფორმაციის ალეხანდრო საბელას არგენტინა ფინალამდე მივიდა და მოგების კარგი შანსიც ჰქონდა, თუმცა ეს ნაკრები ფურცელზე, ტურნირის დაწყებამდე ან მისი მსვლელობისას ფავორიტად არავის განუხილავს, რადგან მათ დამაჯერებლად თამაში აკლდათ.
პეკერმანის ფორმაციის ნაკრები კი 2006 წლის მუნდიალზე განაცხადით, თამაშით და ყველაფრით ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო, თუმცა დღეს ამ გუნდზე საუბარს არ ვაპირებ. დღეს ლიონელ სკალონის „ალბისელესტეს“ განხილვას შემოგთავაზებთ, გუნდი, რომელსაც 2 წელია თამაში არ წაუგია და მათი დაუმარცხებელი სერია უკვე 27 მატჩს მოიცავს.
სკალონის გუნდი ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის სტატუსით მიდის. პირადად მე ნამდვილად აღარ მეგონა და არც იმედი მქონდა, რომ მესის თაობას და ამ ნაკრებს ფავორიტთა შორის თუ მოვიხსენიებდი.
„ალბისელესტეს“ ყოველთვის განსაკუთრებული სტილი ჰქონდა. მოედანზე დანთებული ცეცხლი ტანგოს ჰანგებით, რომელიც მილიონობით ადამიანის გულს ათბობდა და იპყრობდა. თუ, ერთხელ მაინც არგენტინის ნაკრების შესრულებით ის თამაში იხილე, რომელიც ბევრ ჩვენგანს ახსოვს, შემდეგ რთულია მათი სიყვარული გულიდან ამოიგდო. ეს ქალის შეყვარებასავით არის - როდესაც მის სილამაზეს სრულად იხილავ და შემდეგ, გულში სხვისთვის ადგილი აღარ გრჩება. დადიხარ „დამწვარი“ და თავში მხოლოდ ერთი რამ გიტრიალებს - მისი კიდევ ერთხელ ნახვა, რათა ის განიცადო, რასაც გემო ერთხელ უკვე გაუსინჯე.
არგენტინა არ თამაშობს ბრაზილიის ან ნიდერლანდების მსგავსად ლამაზად (ტრადიციული, ისტორიული სტილი), მათ თავიანთი ხელწერა აქვთ, მათი ცეცხლი სხვაგვარად იწვის და სულ სხვა ემოციებს ტოვებს.
ამ აუცილებელი შესავლის შემდეგ, უშუალოდ სკალონის გუნდის ტაქტიკურ ჭრილში გაანალიზებაზე გადავალ და შევეცდები მარტივად აგიხსნათ, თუ რატომ არის ეს ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და მუნდიალის მოგების ერთ-ერთი ფავორიტი.
„კვერცხებიანი ბიჭების“ დაბრუნება - სათამაშო სტილი და ხასიათი, რომელმაც შედეგი მოიტანა
ბოლო წლებში არგენტინის ნაკრებში დიეგო სიმეონეს ტიპის ფეხბურთელთა დეფიციტი იყო. ეგრეთწოდებული "კვერცხებიანი ბიჭები", რომლებიც მოედანზე მეტოქეებს უბრალოდ თელავენ, მიწასთან ასწორებენ, წითელი ბარათის ზღვარზე თამაშობენ.
მესი ამას თავის თავზე ვერ აიღებს, რადგან ის ასეთი არ არის. ლეო სულ სხვა ტიპის ფეხბურთელია. მას სხვა ხასიათი აქვს და იგი სიმეონე ან მარადონა ვერასდროს იქნება.
სკალონის ბიჭების მოკლედ დახასიათება, რომ მთხოვოთ გეტყვით, რომ ეს არის - ცუდი ბიჭების მძიმე გუნდი, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი, რათა არ დამარცხდეს. ხისტი თამაში უბრალოდ ხელოვნების დონემდე აქვთ აყვანილი. ტაქტიკური ფოლები, შემაშინებელი ვარდნები მეტოქეთათვის, რაც მათი ტექნიკური მოთამაშეების თამაშიდან გამოთიშვით სრულდება. კოპას ფინალი ამის დასტურია, ნეიმარი უბრალოდ სცემეს. რომერო, პარედესი, ოტამენდი და დე პაული ამ ახალი ფორმაციის არგენტინის ნაკრების სახეა.
„კვერცხებიანი ბიჭები“, რომლებიც მესის ირგვლივ შემოიკრიბნენ და ისტორიული ტიტული მოიგეს, ახლა კი 2022 წლის მუნდიალისთვის ბრძოლასაც გეგმავენ.
"როცა მესი ბურთს იღებს, წინ გარბის და ფიქრობს, შეიძლება თუ არა, რომ მეტოქის ყველა მოთამაშე მოატყუოს. ეს ძალიან რთულია. მე გუნდის მდგომარეობა მაწუხებს, მესის გამო არ ვწუხვარ. მას კიდევ ვიღაც სჭირდება, ვინც დაეხმარება".
- ამბობდა ლეგენდარული სესარ ლუის მენოტი რამდენიმე წლის წინ.
სკალონიმ ეს არასახარბიელო ვითარება შეცვალა. როგორ თამაშობს გუნდი ამჟამად? მწვრთნელმა ბევრი იფიქრა, შეცდომებიც დაუშვა, თავის წინამორბედებს გადახედა და საბოლოოდ სწორ დასკვნამდე მივიდა. დღეს „ალბისელესტე“ თამაშობს ისე და ისეთი შემადგენლობით, რაც გუნდს მაქსიმალურად დადებით შედეგს მისცემს.
პირველ რიგში შეტევას შევეხები. ვინ და როგორ უნდა დაეხმაროს მესის? თან ისე, რომ მას ხელი არ შეუშალოს, მის სივრცეში არ შევიდეს... წლების მანძილზე იყო საუბარი, რომ დიბალა მესის პოზიციაზე დგას და ის ლეოსთან ერთად სწორედ ამიტომ ვერ ამართლებს, პოზიციის ცვლილება კი „ლა ხოიასთვის“ წამგებიანია, რადგან სხვაგან უბრალოდ ვერ თამაშობს. დი მარიას კი მარტივად წევდნენ მარცხენა ფლანგზე, სადაც ანხელი 2014-2015 წლების შემდეგ აღარ თამაშობს და დიდად ეფექტურიც ვეღარ არის.
საბოლოოდ, სკალონი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დი მარიამ თავის პოზიციაზე უნდა იდგეს - მარჯვნივ. და მესი ლაუტაროს მაქსიმალურად მიუახლოვა. ლეო თითქოს 11 ნომერს თამაშობს, თავისუფლად გადაადგილდება მოედანზე, მაგრამ დი მარია შეტევების 80%-ს მარჯვენა ფლანგიდან იწყებს და საკმაოდ ეფექტურიც არის, მნიშვნელოვან გოლებსაც იტანს და თამაშს ამწვავებს.
შიგადაშიგ მესიც და დი მარიაც პოზიციებს იცვლიან და მატჩის მსვლელობისას ბევრს მოძრაობენ, მოედანს სრულად იკავებენ, თუმცა ძირითადად შეტევებისას ერთ ზონაში მოქმედებენ, კარგად კომბინირებენ, რაც ადასტურებს იმას, რომ მითი, სტერეოტიპი, რომელიც წლები არსებობდა, უბრალოდ მცდარი იყო.
„მესი სივრცეს ვერავის გაუყოფს, სხვებს უფუნქციოდ დატოვებს“ - რა სისულელეა. სკალონის ფორმაციის ნაკრები საპირისპიროს ამტკიცებს.
შეტევაში დალაგებული თამაშის გარდა, არგენტინის ნაკრები რაზეც დაშენდა, რაც შემდეგში მის ხერხემლად იქცა, არის ძლიერი დაცვა და უხეში ნახევარდაცვის ხაზი. წლების მანძილზე მხოლოდ მაშერანო იყო ფეხბურთელი, რომელიც საყრდენ ზონაში და დაცვაშიც გუნდელების სამუშაოს ასრულებდა და „ელ ხეფესიტოს“ გარეშე არგენტინა უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. მისი წასვლის შემდეგ დაცვითი სისტემა უბრალოდ მოირღვა. არგენტინა სასაცილო გოლებს უშვებდა და თავს ვერ იცავდა. მეკარეც კომიკურ შეცდომებს უშვებდა, თუმცა დღეს კარს ემილიანო მარტინესი იცავს, რომელიც არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ მსოფლიოს საუკეთესო 5 მეკარეს შორის შედის.
ემილიანო მარტინესმა ბოლო 6 შეხვედრაში, რომელიც არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართა არცერთი გოლი არ გაუშვა და 21 სეივი შეასრულა. ნაკრებში მის ანგარიშზე სულ 14 მატჩია, რომლებშიც მარტინესმა 8 დარტყმული პენალტიდან 5-ის მოგერიება შეძლო.
"კოპა ამერიკის მოგების შემდეგ ის კიდევ უფრო გაუმჯობესდა და ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გვყავს".
- ამბობს ლეო მესი.
წლები აკრიტიკებდნენ მესის, რომ „რა გუნდი ჰყავდა“ და ნაკრებში ვერაფერს შვრებოდა, რაც არასწორი კრიტიკა იყო. ვისაც ფეხბურთი ოდნავ ღრმად ესმის, მისთვის ნათელი იქნებოდა, რომ არგენტინა გუნდი ბოლო წლებში არ ყოფილა. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და ალეხანდრო საბელას ნაკრები გასულ 13-14 წელიწადში ერთადერთი გამონათება იყო. ამის გარდა, „ალბისელესტე“ უბრალოდ გზააბნეული ინდივიდუალისტების კრებული გახლდათ.
სუსტი მეკარე, უსუსური დაცვა, გაუგებარი ნახევარდაცვა და ძლიერი შემტევები - ეს იყო არგენტინის ნაკრები სკალონის გუნდში მისვლამდე.
დღევანდელი არგენტინის ნაკრები მეტოქეს თამაშის საშუალებას უბრალოდ არ აძლევს. შეუძლია მატჩი არიოს, გააფუჭოს, მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეები მოედანზე დალეწონ, თავად კი წინ იმხელა რესურსი აქვთ, 1-2 გოლის გატანას ნებისმიერი ნაკრების წინააღმდეგ შეძლებენ. გარდა ამისა ბურთის კონტროლიც დიდებულად ეხერხებათ. რა თქმა უნდა ყველაფერი პირობითია და პროცენტულად გამოთვლადი, თუმცა მთლიანი სურათი ასეთია - მეტწილად არგენტინა თავის გეგმას ასრულებს და ამაზე ბოლო 2 წლის განმავლობაში ციფრებიც მეტყველებენ.
ტაქტიკური ჭრილი - როგორ თამაშობს არგენტინა? მესი, ბონუსები და რიცხობრივი უპირატესობა
როდრიგო დე პაული თანამედროვე ფეხბურთის სახეა. როგორი უნდა იყოს ცენტრალური ნახევარმცველი? თანაბრად კარგია ჩაშლისას და შეტევისას. მისი მოედანზე ყოფნა არგენტინას უდიდეს პლუსს აძლევს და ნახევარდაცვას საქმეს წარმოუდგენლად უმარტივებს.
მოედანზე დე პაულის ყოფნა ბოლო წლებში არსებულ პრობლემას სრულიად აგვარებს. საუბარი მაქვს მესის ყველგან ყოფნაზე. დღეს საჭირო აღარ არის, რომ შეტევის წამოწყებისას მესი დაცვამდე ჩავიდეს და იერიში ასე სიღრმიდან გაშალოს. ამას უკვე სხვა აკეთებს.
დე პაული 2021 წელს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველია. ამაზე ციფრებიც მეტყველებენ. მისი სტატისტიკა უბრალოდ გასაოცარია.
როდრიგო დე პაული გუნდში ნამდვილი ბონუსია, რომელიც მესის არსებობასთან ერთად, ნაკრებს უფრო სრულყოფილს ხდის. გარდა ამისა ლიონელ სკალონიმ ნახევარდაცვაში ბურთის ფლობისას, შეტევებისას და კონტრპრესინგისას რიცხობრივი უპირატესობის შექმნა გადაწყვიტა, რაც ძირითადში ჯოვანი ლო ჩელსოს დაყენებით მოახერხა.
ასე გამოიყურება არგენტინელთა შემადგენლობა მატჩის სტარტზე
სკალონის შეუძლია მარცხენა გარემარბიც გამოიყენოს, საამისოდ კადრები საკმარისად ჰყავს, მხოლოდ ოკამპოსისა და ანხელ კორეას ხსენება რად ღირს, თუმცა მწვრთნელი მაინც ლო ჩელსოს ირჩევს. რატომ? ამაზე ზემოთ ვისაუბრე. ჯოვანი ინდივიდუალისტია, ფლანგზე გაწევა და ცენტრში მოქმედება შეუძლია და ორივე პოზიციას აბალნსებს, ყველგან ყოფნას ასწრებს, ამით კი არგენტინა მოედანზე საჭირო წერტილებში რიცხობრივი უპირატესობის მოპოვებას ახერხებს.
ასე გამოიყურება შემადგენლობა, როცა არგენტინა შეტევას იწყებს
კადრში კარგად ჩანს, რომ ლო ჩელსო შეტევების დროს მეტწილად ცენტრში შედის, სადაც ჩემს მიერ ნათქვამი რიცხობრივი უპირატესობა იქმნება. 3 ნახევარმცველს პლუს მესი. მარჯვნიდან დი მარია უტევს, მარცხენა ფლანგზე კი მარკოს აკუნია იწევს, რომლისთვისაც შეტევაში ჩართვა უცხო არ არის. კარიერის დიდი ნაწილი მას მარცხენა ნახევარმცველად აქვს გატარებული.
ვიდეოში ხედავთ, თუ როგორი განლაგებით უტევს არგენტინა. მათთვის პრიორიტეტი ცენტრისა და მარჯვენა ფლანგის დატვირთვაა.
ეს ხდება, როდესაც არგენტინა ბურთს ფლობს და უტევს, ასევე როცა ბურთს კარგავენ და თავს მაღალი პრესინგით იცავენ.
როდესაც მეტოქე პოზიციურად უტევს, ასეთ დროს „ალბისელესტე“ თავს ხაზზე განლაგებული 4-4-2-ით იცავს და ცდილობს საჯარიმოს მისადგომებთან ზონები მაქსიმალურად შეამციროს, რათა მეტოქემ ადვილად შეტევა ვერ შეძლოს. ასეთ მჭიდრო და ჩაკეტილ 4-4-2-ს სწორედ სიმეონეს „ატლეტიკო“ თამაშობდა, ძირითადად 2014-16 წლებში.
ამ გუნდში ხიფათი მხოლოდ მესისგან არ მოდის. თუ სივრცეს მისცემ, შესაძლოა აი ასეთი რაღაცები მოხდეს და ამაში მონაწილეობა ლეომ საერთოდ არ მიიღოს.
კონტრპრესინგი ბურთის დაკარგვისთანავე
რატომ არ აგებს ეს გუნდი ამდენი ხანი? პასუხი შეიძლება გრძელი, ღრმად გაანალიზებული და ციფრებით გაბერილი იყოს ან უბრალოდ ამ მოკლე ვიდეოს ვუყუროთ და მარტივად გავიგებთ, რატომ ხდება ასე.
კადრში ხედავთ არგენტინელთა ერთ-ერთ რიგით შეტევას, რომლის დროსაც ტრადიციულად დიდი ბრძოლაა გაჩაღებული და არცერთი გუნდი მოედნის ერთ მეტრსაც არ თმობს, საბოლოოდ „ალსბისელესტე“ ბურთს კარგავს, ლო ჩელსოს აპრესინგებენ და ბრაზილია ბურთს იბრუნებს, სწრაფი შეტევის წამოწყებას ცდილობენ, თუმცა იქვე მარცხენა ფლანგიდან შეტევაში აწეული აკუნია ცენტრისკენ იწევს და პრესინგს მიმართავს, საჭირო „ფოლს“ იღებს, არა ყვითელი ბარათის ტოლფასს, თუმცა შეტევას აფერხებს, რა დროსაც გუნდი გადაწყობას ახდენს.
დასკვნა - კარგი სამწვრთნელო შტაბი და შეკრული კოლექტივი
ლიონელ სკალონიმ თავის სამწვრთნელო შტაბში პაბლო აიმარი და ვალტერ სამუელი შეიყვანა. ვეტერანმა ფეხბურთელებმა მთავარ მწვრთნელთან ერთად, გუნდში ის გარემო შექმნეს, რომელმაც „ალბისელესტე“ ერთ ოჯახად აქცია - გუნდად, რომელიც გამარჯვებებით არ იღლება და 2 წელია თამაში არ წაუგია.
ნებისმიერ გუნდში წარმატების მთავარი შემოქმედი არის მწვრთნელი, მთლიანი შტაბი და მხოლოდ ამის შემდეგ ფეხბურთელები. ამის ნათელი დასტური არის მიუნხენის „ბაიერნი“. „რეკორდმაისტერის“ მაგალითი ხშირად მომყავს ხოლმე. ყველას გახსოვთ კოვაჩის ფორმაციის გუნდი, რომელსაც ფავორიტთა შორის არავინ განიხილავდა. საბოლოოდ, ხორვატი პოსტიდან დაითხოვეს და ზამთარში შუა სეზონისას მიუნხენელებს ჰანსი ფლიკი ჩაუდგა სათავეში...
ფლიკმა ზუსტად იგივე შემადგენლობით ყველაფერი მოიგო რისი მოგებაც შეიძლებოდა, თან იმდენად დომინანტურად თამაშობდნენ, რთული დასაჯერებელი იყო იგივე ფეხბურთელები სეზონის პირველ წრეში ისე უსუსურად როგორ გამოიყურებოდნენ, როცა 2-3 თვეში მთელს ევროპას გადაუარეს.
ეს არის მწვრთნელის ძალა და როლი. თუ, ტვინი სწორად აზროვნებს და სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, შემდეგ სხეულს დავალების შესრულება უადვილდება.
არგენტინის ნაკრებშიც ეს პროცესი მიმდინარეობს. შესაძლოა „ალბისელესტემ“ მუნდიალი მაინც ვერ მოიგოს, შეიძლება სხვამ უკეთ ითამაშოს და მოუგოს, თუმცა ეს უკვე შემდგარი გუნდია, რომელმაც 1993 წლის შემდეგ არსებული უტიტულო მშრალი სერია დაასრულა და კოპა ამერიკა ბრაზილიაში, ბრაზილიასთან „მარაკანაზე“ მოიგო. ეს გუნდი მუნდიალისთვისაც გაიწევს და მათი დამარცხება ნებისმიერისთვის ურთულესი ამოცანა იქნება.