ვილი სანიოლი: ,,ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი არ ყოფილა"
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა უზბეკეთის წინააღმდეგ გამართა და წლის ფინალურ მატჩში ანგარიშით - 1-0 გაიმარჯვა.
გამარჯვების გოლი დებიუტანტის, დავით ვოლკოვის ანგარიშზეა.
მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი მედიის წარმომადგნლებს შეხვდა.
უზბეკეთთან მატჩზე
ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი არ ყოფილა. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იყო, რომ წელი დადებით ნოტაზე დაგვესრულებინა. პირველ ტაიმში იყო მომენტები, სადაც უკეთ უნდა გვეთამაშა, თუმცა შვედეთთან მატჩის შემდეგ შესაძლოა, ზოგიერთი ფეხბურთელი დაღლილი იყო.
შემადგენლობასა და როტაციაზე
რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, 2 დღის წინ მასთან საუბარი გქვონდა. გიორგის პრობლემა ჰქონდა, რომელიც ძველი ტრავმით იყო გამოწვეული. რადგან ტკივილში გადაიზარდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და გადაწყდა, რომ შეკრება უნდა დაეტოვებინა.
კონკრეტულ სათამაშო სქემას მეტოქის გათალისწინებით ვარჩევთ. რა თქმა უნდა, როდესაც მწვრთნელს მეტი არჩევანი აქვს, უკეთესია. შვედეთის წინააღმდეგ დავით ვოლკოვით კმაყოფილი ვიყავი, ვფიქრობ, რომ მას კიდევ უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდ ჩვენთან ხშირი ყოფნა დაეხმარება, უზბეკეთის წინააღმდეგ გოლი კი მისთვის დამატებითი სტიმული იქნება.
ჯაბას ოჯახური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც დღეს ჩვენთან ერთად არ იყო, ხოლო შვედეთთან მან არ ითამაშა. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო.
რაც შეეხება ხვიჩას, მან სტაბილურობა უნდა შეინარჩუნოს. პირველი 10 წუთი შესანიშნავი იყო, რასაც მატჩის ბოლო წუთებზე ვერ ვიტყოდი.
წლის შეჯამებაზე
რამდენიმე კარგი თამაში იყო. სექტემბრის გამო ძალიან ვწუხვარ, თუმცა საბოლოო ჯამში, პოზიტივი მეტი იყო, ვიდრე უარყოფითი. მეტი უნდა ვიმუშოთ. მარტამდე საკმაოდ დიდი შუალედი გვექნება. უნდა ვეცადოთ აღარ განმეორდეს შეცდომები. ეს კი ნიშნავს, რომ მომდევნო ეტაპის სამუშაოც ბევრი და რთულია, ის მოთამაშეები, რომლებმაც თავი კარგად წარმოაჩინეს, კვლავ ასეთ დონეზე რომ ვიხილოთ.
სამომავლო შეკრებაზე
მარტის შეკრებამდე დიდი შუალედია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ ვიმუშავებთ. ამ პერიოდს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ახალ ფეხბურთელებს დავაკვირდეთ, ვნახოთ ის მოთამაშეები, რომლებიც გასული შეკრებების დროს ჩვენთან ერთად არ იმყოფებოდნენ. ყოველთვის საინტერესოა ფეხბურთელებთან შეხვედრა და დისკუსიის გამართვა. ცხადია, თბილისში ვიქნები და ფეხბურთის ფედერაციასთან აქტიური კომუნიკაცია მექნება.
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ფრანგი სპეციალისტის საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა - მათ შორის, 2 შეხვედრა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, როდესაც სტუმრად, კოსოვო დავამარცხეთ (1-2), ხოლო ბათუმის სტადიონზე - შვედეთი (2-0).
ამით, ჩვენმა ნაკრებმა კალენდარული წელი დაასრულა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 2022 წლის მარტში გამართავს.
მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ მონტროში, უეფას ერთა ლიგის 2022-23 წლის სეზონის წილისყრა გაიმართება. მატჩები 2023 წლის ივნისსა და სექტემბერში ჩატარდება.