სანიოლი: ,,შვედეთთან ჩაკვეტაძემ არ ითამაშა, რადგან ეს ვერ დაიმსახურა"
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრებმა შვედეთის წინააღმდეგ, ბათუმის სტადიონზე გამართა და გაიმარჯვა (2-0).
დუბლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა, რომელმაც ჩვენი ნაკრების სხვა წევრების მსგავსად, გამორჩეული მატჩი ჩაატარა. აღნიშნულ შეხვედრაში მოედანზე არ გამოჩენილა გიორგი ჩაკვეტაძე, თუმცა ის ვილი სანიოლის სანაკრებო განაცხადშია.
დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც კითხვა გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობის ირგვლივაც დაისვა. ფრანგმა სპეციალისტმა განმარტა, რომ ის ვარჯიშებზე გიორგის ნაჩვენები შედეგებით კმაყოფილო არ იყო:
მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებში მუშაობა დავიწყე, ვცდილობ, სამართლიანი და ობიექტური ვიყო. არსებობს კრიტერიუმები, რასაც ყოველთვის ვითვალისწინებ, მაგალითად, ფეხბურთელის მონდომება, რამდენად შეუძლია მას თავი მიუძღვნას იმ საკითხს, რომელზეც ვსაუბრობთ, როგორი სწრაფვა გააჩნია, რამდენად მუშაობს საკუთარ თავზე, მზად რომ იყოს კონკრეტულ სიტუაციაში.
მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ჩაკვეტაძეს ორი წელი გაუცდა და ტრავმის შემდეგ მზადების პროცესს კვლავ გადის, სათამაშო ფორმის აღდგენას ცდილობს. ამ ყველაფერს ყოველდღიური მუშაობა სჭირდება. გიორგიმ მეტი უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ სასურველი ფორმა დაიბრუნოს. საჭიროა საკლუბო დონეზე მეტი თამაში.
ჩაკვეტაძემ შვედეთთან არ ითამაშა, რადგან იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ვარჯიშებზე მიჩვენა, ვერ დაიმსახურა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად, ეს ყველაფერი მისი მოტივაციით იყო განპირობებული. ეჭვგარეშეა, რომ ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა, მე კი რა თქმა უნდა, მიყვარს ნიჭიერ ფეხბურთელებთან მუშაობა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ნიჭი არის 20 % იმ სრული ნაწილის, რომელიც ფეხბურთელს უნდა გააჩნდეს სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებთან ერთად.
ვფიქრობ, რომ გიორგის შეუძლია ეს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, დაიბრუნოს ფორმა და საკუთარი თავი განავითაროს, შემდეგში კი აუცილებლად ექნება საკუთარი შანსი.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და ამით კალენდარულ წელს დაასრულებს.
ვილი სანიოლის გუნდი 2021 წლის ბოლო მატჩში, უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 15 ნოემბერს, 18:00 საათიდან დაიწყება. მატჩის მასპინძელი გორი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი იქნება.
15 ნოემბერს საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებების შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.