''გვსურს დავამტკიცოთ, რომ გამარჯვებების მოპოვება სტაბილურად შეგვიძლია''
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უზბეკეთთან შეხვედრამდე სასტუმრო ''შერატონში'' პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციას პოზნანის ''ლეხისა'' და საქართველოს ეროვნული ნაკრების საყრდენი ნიკა კვეკვესკირი ესწრებოდა, რომელმაც რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.
''ეს გამარჯვება ძალიან დიდი პოზიტივი იყო. მსოფლიოს შესარჩევში ზედიზედ ორი მატჩი მოვიგეთ, ეს დიდი ხანია არ მომხდარა. გვსურს დავამტკიცოთ, რომ გამარჯვებების მოპოვება სტაბილურად შეგვიძლია. ძლიერი ფეხბურთელებისა და ძლიერი გუნდის განმსაზღვრელი არის ის, თუ რამდენად შეგიძლია სტაბილურად წარმატებულად თამაში.
ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელთა შეზღუდული რაოდენობაა, თუმცა მოთამაშეები შვედეთთანაც დაგვაკლდა. მაგალითად, კიტეიშვილი და მიქაუტაძე. ისინი ჩვენი გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენენ და მოედანზე მალე დაბრუნებას ვუსურვებ.
არ ვიცი სად უმჯობესია თამაში ბათუმში თუ თბილისში, ორივე სტადიონზე შესანიშნავი გარემოა. ეროვნულ ჩემპიონატს თვალს ვადევნებ ხოლმე და ბათუმში სრულიად განსხვავებული გარემოა. როცა ბათუმში საბერძნეთთან ვითამაშეთ, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ნეიტრალურ სტადიონზე ვთამაშობდით, შვედეთთან კი საფეხბურთო ზეიმი იყო.
ეროვნულ ნაკრებში თამაშობ, უსმენ შენი ქვეყნის ჰიმნს და ასე შემდეგ, დამატებითი მოტივაცია საჭირო არაა. როცა არ ვიყავი ეროვნულ ნაკრებში, თქვენსავით გულშემატკივარი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრის თამაშების შემდეგ მოტივაციის ნაკლებობაზე გაიჟღერა, დარწმუნებული ვარ, ამ ფორმაციის ნაკრებში მოტივაციის ნაკლებობაზე საუბარი არასდროს იქნება. ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველას გაცნობიერებული გვაქვს.
ქართველი გულშემატკივრების ქომაგობა, გამხნევება ძალიან დადებითად აღიქმება. თანამედროვე ფეხბურთში არ გაქვს იმის დრო, რომ გამარჯვებით დიდი ხანი ტკბებოდე. იმედი მაქვს, უზბეკეთთან თამაშის შემდეგ შეგვეძლება უკან მოვიხედოთ და ვთქვათ, რომ ეს შეკრება წარმატებული იყო.
როცა სანაკრებო კარიერას ვიწყებდი, დისტანცია გამოცდილ და ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის გაცილებით დიდი იყო, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში ეს დისტანცია მკვეთრად შემცირებულია. ეროვნულ ნაკრებში იდეალური თუ არა, იდეალურთან მიახლოებული გარემოა. გამოცდილებსა და ახალგაზრდებს შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს''.
საქართველო-უზბეკეთის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი 15 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრებს კაპიტანი ჯაბა კანკავას ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ დაეხმარება. ასევე, ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი ტრავმირებულია.
ფოტო: gff.ge