სანიოლი: ,,შვედეთის მწვრთნელს ვუპასუხებ - გაგვიმართლა? მასაც გაუმართლა პირველ შეხვედრაში
Aa
Aa

სანიოლი: ,,შვედეთის მწვრთნელს ვუპასუხებ - გაგვიმართლა? მასაც გაუმართლა პირველ შეხვედრაში"

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრებმა შვედეთის წინააღმდეგ, ბათუმის სტადიონზე გამართა და გაიმარჯვა (2-0).

დუბლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა, რომელმაც ჩვენი ნაკრების სხვა წევრების მსგავსად, გამორჩეული მატჩი ჩაატარა.

შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შეაფასა, რომელიც დღეს, ყვითელი ბარათების გამო  დისკვალიფიცირებული იყო,  გუნდი კი მოედანზე მისმა ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმა გაიყვანა.

 ვილი სანიოლი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

ბოლო დროს ხვიჩას კარგი პერიოდი არ ჰქონია, თუმცა რა თქმა უნდა, მას ვენდობოდით და შემდეგშიც ვენდობით. ვფიქრობ, რომ თუ გვსურს, მისი კარიერა სწორად წარიმართოს და დარწმუნებული ვარ, ეს ასეცაა, აუცილებლად უნდა დავასრულოთ საუბარი ხვიჩას სამომავლო საკლუბო კარიერის შესახებ.

რაც შეეხება შეცვლას, შევამჩნიეთ, რომ ხვიჩა იღლებოდა, მან თავადაც გვანიშნა, რომ თამაში აღარ შეეძლო. ეს კი კარგია, რადგან ნიშნავს, რომ ის მოედანზე ბოლომდე დაიხარჯა.

რაც შეეხება შემადგენლობას, ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ საკლუბო დონეზე ჩვენი ფეხბურთელები მეტს თამაშობდნენ. მაგალითად, კაკაბაძესთან დაკავშირებით იყო კითხვა - მან კოსოვოსთან და დღეს, კარგი შეხვედრები ჩაატარა, ხოლო კაშია გამორჩეული მოთამაშეა.

შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთბელმა თქვა, რომ ჩვენ საგოლე მომენტებში გაგვიმართლა? მას ვუპასუხებდი,  რომ მის ნაკრებს ასევე გაუმართლა პირველ შეხვედრაში, როდესაც სტუმრად მინიმალური სხვაობით მოგვიგეს.

ძალიან გახარებულები ვართ, რადგან მომენტების რეალიზება შევძელით. მსურს აღვნიშნო მაყურებლის ფაქტორიც როგორც თბილისში, ესპანეთთან, ასევე, დღეს, ბათუმში. 

უკეთესი მომავლის იმედი რა თქმა უნდა გვაქვს, რადგან გამარჯვებებს სტაბილური სახე უნდა მიეცეს. გვსურს, რომ ჩვენი გულშემატკივარი ხშირად გავახაროთ.

შეგახსენებთ, რომ  ნაკრებების პირველი შეხვედრა სოლნას ფრენდს არენაზე, მარტში გაიმართა და ჩვენი გუნდის მარცხით დასრულდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შედეგიანი გადაცემის შემდეგ ვიქტორ კლაესონმა გაიტანა, თუმცა საბოლოო ჯამში, ჩვენი გუნდი დამაჯერებლად გამოიყურებოდა (1-0).

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები რამდენიმე დღეში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი 2021 წლის ბოლო მატჩში, უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 15 ნოემბერს, 17:00 საათიდან დაიწყება. მატჩის მასპინძელი გორი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი იქნება (ტევადობა - 5.000). ამ შემთხვევაშიც, პანდემიიდან გამომდინარე, სტადიონის 33% შეივსება.

ამით, ჩვენი გუნდი კალენდარულ წელს დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შვედეთის მწვრთნელი: ,,საქართველოს საგოლე მომენტებში გაუმართლა
შვედეთის მწვრთნელი: ,,საქართველოს საგოლე მომენტებში გაუმართლა"