„VIVA GEORGIA" – Marca და AS საქართველოს გამარჯვებას გამოეხმაურნენ
ცნობილი ესპანური გაზეთი, Marca საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ შვედეთის დამარცხებას გამოეხმაურა. გამოცემამ „ჯვაროსნების“ ტრიუმფს სტატია მიუძღვნა, რომლის სათაურიც ასეთი გახლავთ - „VIVA GEORGIA”.
სტატიის გახსნის შემდეგ, ასეთი ქვესათაური გვხდება: „კვარაცხელია - საქართველოსა და ესპანეთის გმირი“. მისი ავტორი კი ამბობს, რომ საქართველომ მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა და ამით ესპანეთს ძალიან დაეხმარა.
Marca-ს გარდა, „ჯვაროსნების“ წარმატებას კიდევ ერთი ცნობილი გამოცემა, AS გამოეხმაურა. „კვარაცხელიას დუბლმა ბათუმში სასწაული შექმნა. ქართველმა შემტევმა იბრაჰიმოვიჩის ეფექტი გაანეიტრალა და შვედეთს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვება გაურთულა“, - წერს AS.
შეგახსენებთ, რომ შვედეთთან მატჩით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულა. ამ მომენტის მონაცემებით, ჩვენმა გუნდმა თავი 7 ქულას მოუყარა (2 გამარჯვება, 1 ფრე, 5 მარცხი), 6 გოლი გაიტანა და 12 გაუშვა. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები რამდენიმე დღეში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი 2021 წლის ბოლო მატჩში, უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 15 ნოემბერს, 17:00 საათიდან დაიწყება. მატჩის მასპინძელი გორი, თენგიზ ბურაჯანაძის სახელობის სტადიონი იქნება (ტევადობა - 5.000). ამ შემთხვევაშიც, პანდემიიდან გამომდინარე, სტადიონის 33% შეივსება.