სტადიონზე დაბრუნებული გულშემატკივარი და ხვიჩას დუბლი - ამბები ბათუმიდან
Aa
Aa

სტადიონზე დაბრუნებული გულშემატკივარი და ხვიჩას დუბლი - ამბები ბათუმიდან

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრებმა შვედეთის წინააღმდეგ, ბათუმის სტადიონზე გამართა და გაიმარჯვა (2-0).

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბათუმში, ეროვნული ნაკრების მატჩს გულშემატკივარი დაესწრო, რომელმაც ასობით კილომეტრი გაიარა და მონატრებული გუნდი სტადიონზე მისვლისას გაამხნევა.

აღსანიშნავია, რომ დისკვალიფიცირებული იყო (ყვითელი ბარათების გამო) საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი,  გუნდი მოედანზე მისმა ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმა გაიყვანა.

შეიძლება ითქვას, რომ პირველ ნახევარში შვედეთი უპირატესობას ფლობდა და რამდენჯერმე შეეძლო ჩვენი კარის აღება, თუმცა გიორგი ლორია მოწოდების სიმაღლეზე იყო და მეტოქეს გატანის საშუალება არ მისცა.

თავის მხრივ, ჩვენს გუნდსაც ჰქონდა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა. შესანიშნავი მომენტი საბა ლობჟანიძემ ვერ გამოიყენა. შესაბამისად, პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა (0-0).

მეორე ნახევარი ჩვენი გუნდის აქტიურობით დაიწყო. მე-60 წუთზე წესები ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ დაირღვა, საჯარიმო დარტყმა თორნიკე ოქრიაშვილმა შეასრულა, თუმცა მეტოქის დაბნეულობით კვლავ ხვიჩამ ისარგებლა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა (1-0).

70-ე წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ცვლილება განხორცილდა - თორნიკე ოქრიაშვილი დებიუტანტმა, აზერბაიჯანული ზირას თავდამსხმელმა, დავით ვოლკოვმა შეცვალა.

აქტიური იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც რამდენიმე შესანიშნავი მცდელობის შემდეგ, შვედეთის კარი მეორედაც აიღო. 78-ე წუთზე ჩვენმა გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა, დარჩენილ დროში კი აღარაფერი შეცვლილა (2-0).


ფოტოამბავი

 

სხვა საინტერესო ამბავი

შეხვედრის წინ UEFA-სგან სპეციალური ჯილდო ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ მიიღო, რომელმაც ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 100 შეხვედრა ჩაატარა, დღეს კი სათადარიგოთა სკამზე იყო.

ამ დროში კანკავამ 10 გოლი გაიტანა  და 2-ჯერ გაატანინა.

სანაკრებო კარიერა დაასრულა 35 წლის გიორგი ნავალოვსკიმ - 41 მატჩი: 2 შეხვედრა შეცვლაზე, 18 მარცხი, 11 ფრე, 12 გამარჯვება, ასეთია მისი მონაგარი ეროვნული გუნდის მაისურით.

35 წლის მცველი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად 2008 წელს გამოჩნდა, იქამდე კი 2005-2007 წლებში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში უთამაშია.

ნავალოვსკის ვლადიმირ ვაისი ეროვნულ გუნდში სისტემატურად იძახებდა და იყო პერიოდი, როდესაც სლოვაკი სპეციალისტის ფორმაციის გუნდში მისი როლი შეუცვლელი იყო.

ამით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულა. ამ მომენტის მონაცემებით, ჩვენმა გუნდმა თავი 7 ქულას მოუყარა (2 გამარჯვება, 1 ფრე, 5 მარცხი), 6 გოლი გაიტანა და 12 გაუშვა.

B ჯგუფის ლიდერი კი კვლავ შვედეთია, რომესაც 12 ქულა აქვს და ეს მისთვის მეორე მარცხი იყო. 

საინტერესოა, რომ შვედეთმა სულ 5 ბურთი გაუშვა, აქედან 2 ბათუმი არენაზე, ხვიჩა კვარაცხელიას დუბლის შემდეგ.

მომავალი მატჩი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები რამდენიმე დღეში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი 2021 წლის ბოლო მატჩში, უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 15 ნოემბერს, 17:00 საათიდან დაიწყება. მატჩის მასპინძელი გორი, თენგიზ ბურაჯანაძის სახელობის სტადიონი იქნება (ტევადობა - 5.000). ამ შემთხვევაშიც, პანდემიიდან გამომდინარე, სტადიონის 33% შეივსება.

რამდენიმე წუთში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია დაიწყება, რასაც CrystalSport-ი ასევე შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: ,,შვედეთის მწვრთნელს ვუპასუხებ - გაგვიმართლა? მასაც გაუმართლა პირველ შეხვედრაში
სანიოლი: ,,შვედეთის მწვრთნელს ვუპასუხებ - გაგვიმართლა? მასაც გაუმართლა პირველ შეხვედრაში"