დავით ვოლკოვი სადებიუტო გამოძახებაზე, სანიოლსა და ბათუმელ გულშემატკივარზე
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები შვედეთის წინააღმდეგ, 11 ნოემბერს, ბათუმში გამართავს. საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებების საერთაშორისო ამხანაგური მატჩი კი 15 ნოემბერს, გორში შედგება.
ამით ჩვენი ნაკრები კალენდარულ წელს დაასრულებს.
მომავალი შეხვედრების წინ, მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის მიერ გასულ კვირას დასახელებულ შემადგენლობაში ცვლილებაა - ტრავმის გამო წლის დასკვნით მატჩებს გიორგი მიქაუტაძე გამოტოვებს. ბელგიური სერენის ფეხბურთელის ნაცვლად, შემადგნელობაშია აზერბაიჯანული ზირას თავდამსხმელი, დავით ვოლკოვი.
CrystalSport-ი ვოლკოვს დაუკავშირდა, პირველ ემოციაზე, ვილი სანიოლსა და გულშემატკივარზე ჰკითხა:
ნაკრებში გამოძახება ისეთი ემოციაა, სიტყვით ვერ გადმოსცემ. ძალიან ბევრს ნიშნავს როცა იგებ, რომ სანაკრებო შანსს იღებ და თამაში შენი ქვეყნის დროშის ქვეშ მოგიწევს. რაღაც დოზით მქონდა მოლოდინი, რომ საკლუბო შედეგების გათვალისწინებით, ვილი სანიოლის ყურადღების ქვეშ მოვექცეოდი.
ნოემბერში ჩვენი მაქსიმუმი, რა თქმა უნდა, ორივე შეხვედრის მოგება იქნება.
დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც თამაში ქართველი გულშემატკივრის თვალწინ გიწევს. ბათუმში საოცარი გულშემატკივარია, მათი ქომაგობა სამაგალითოა.
ვფიქრობ, რომ ჩვებს ნაკრებს დიდი პოტენციალი აქვს და მჯერა, მომავალში, სანიოლის ხელმძღვანელობით, ჩვენი ნაკრები უკეთესობისკენ შეიცვლება.
26 წლის ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების განაცხადში პირველად იქნება. 10 ტურის შემდეგ დავით ვოლკოვი აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბომბარდირთა სიის ლიდერია. ფეხბურთელს 8 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.
ვოლკოვისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოვიდა ბოლო, მე-10 ტური, სადაც ქართველმა ფორვარდმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და გუნდს ქულა გადაურჩინა.
დავით ვოლკოვი საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელ პროცესს 9 ნოემბრიდან შეუერთდება.
11 ნოემბერს, ბათუმის სტადიონზე, საქართველოსა და შვედეთის ნაკრებების შეხვედრა 21:00 საათიდან დაიწყება.
შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ეროვნული ნაკრების მატჩს, ბათუმში, გულშემატკივარი დაესწრება - კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ბათუმის სტადიონის სრული ტევადობის 33%.