ოსალივანმა კინაღამ გახსნით მატჩზე დააგვიანა - ამის მიზეზი ქაბაბია
Aa
Aa

ოსალივანმა კინაღამ გახსნით მატჩზე დააგვიანა - ამის მიზეზი ქაბაბია

ინგლისის ქალაქ მილტონ კეინსში ინგლისის ღია პირველობა მიმდინარეობს და სნუკერის ლეგენდარული მოთამაშე, რონი ოსალივანი უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. 45 წლის რონიმ კინაღამ პირველივე შეხვედრაზე დააგვიანა, რისი მიზეზიც ქაბაბი გახლავთ.

როგორც ირკვევა, მატჩის დაწყებამდე რონიმ გადაწყვიტა, თურქულ რესტორანში ესადილა და ქაბაბი შეუკვეთა. ოსალივანს ერთ-ერთი საყვარელი კერძით ტკბობა გაუგრძელდა და „მარშალ არენაზე“ მატჩის დაწყებამდე 7 წუთით ადრე მივიდა.

„არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ ზუსტად 7 წუთით ადრე მივედი. შეხვედრების დაწყებამდე 20 წუთის განმავლობაში მედიტაციას გავდივარ, მაგრამ ეს მატჩი გამონაკლისი აღმოჩნდა. სწრაფად გამოვიცვალე, რადგან ჯინსებით და სავარჯიშო ფეხსაცმლით ვიყავი და სათამაშოდ გავედი. აქვე, ქაბაბის რესტორანში გახლდით და მეგობრებთან ერთად ვსადილობდი. ქაბაბი ბოლომდე უნდა მიმერთმია და ფახლავაც დამეყოლებინა. ასე რომ, გრძელი სადილი გამოვიდა. ბევრი ფახლავა არ შეიძლება, მაგრამ დავიმსახურე, რადგან ბოლო პერიოდის განმავლობაში თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი“.

ცნობისთვის, რონიმ მატჩი ცუდად დაიწყო და მიკაელ გეორგიუსთან პირველი ფრეიმი წააგო, თუმცა ზედიზედ 4 ფრეიმში იმარჯვა და მომდევნო ეტაპის საგზური დაისაკუთრა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები