როგორი იყო დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პირველი ნაბიჯები
Aa Aa

როგორი იყო დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პირველი ნაბიჯები

გადმოცემის მიხედვით, საქართველოში ფეხბურთი ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში ჩამომდგარმა ბრიტანული გემების მეზღვაურებმა შემოიტანეს. ფრაზა - „ფოთი ქართული ფეხბურთის აკვანია", სწორედ ამ ისტორიას უკავშირდება, რადგან ზღვისპირა ქალაქები თავშეყრის, კულტურების გაცვლისა და  სპორტულ-ინტელექტუალური გართობის ადგილი იყო.

ბუნებრივია, ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის სიყვარულის გავრცელების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა თუ ისტორიას დავუჯერებთ, ეს დაახლოებით 1890-იან წლებს უნდა უკავშირდებოდეს, როდესაც ქართულ პრესაში სპორტის ეს სახეობა პირველად ახსენეს.

ისტორიის მიხედვით, ფეხბურთი საქართველოში პოპულარული ძალიან სწრაფად გახდა,  1906 წელს, ქვეყნის დედაქალაქში „ბურთის ფეხით მოთამაშეთა” პირველი გუნდი  ჩამოყალიბდა, 1924 წლისთვის კი უკვე 120 გუნდი არსებობდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 1990 წლის 15 თებერვალს დაარსდა და მალევე, 1992 წლის 3 ივლისიდან FIFA-ს, ხოლო 1993 წლის 17 ივნისიდან – UEFA-ს მუდმივი წევრი გახდა.

მაშინ ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტად ნოდარ ახალკაცი აირჩიეს და სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ისტორიული გადაწყვეტილება, როდესაც ყველა ქართულმა გუნდმა საბჭოური გათამაშებების დატოვების გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. საინტერესოა, რომ  პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საქართველო იყო პირველი, რომელმაც დამოუკიდებლად ზრდისა და განვითარების გადაწყვეტილება სწორად მიიჩნია.

პირველი ეროვნული ჩემპიონატი

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი სტარტს 1990 წლის 30 მარტიდან იღებს.

პირველი, ისტორიული მატჩი დინამო არენაზე შედგა, სადაც ერთმანეთს დავით ყიფიანის დინამო თბილისი (იმ დროისთვის თბილისის იბერია) და ჯონი ჯანელიძის კოლხეთი 1913 დაუპირისპირდნენ. მატჩი ფოთელთა გამარჯვებით, ანგარიშით - 0-1 დასრულდა. საპორტო ქალაქის გუნდმა შეხვედრა თბილისელთა კაპიტნის, გელა კეტაშვილის მიერ პირველ ნახევარში საკუთარ კარში გატანილი გოლით მოიგო.

ბუნებრივია, მატჩისადმი ინტერესი დიდი იყო და დინამო არენაზე თავისუფალი ადგილი არ დარჩენილა.

გადმოცემის მიხედვით, მატჩს 100 000-მდე ადამიანი დაესწრო, ხოლო მოგვიანებით, რეკორდული დასწრება კიდევ 2 მატჩს დაუკავშირდა - 1979 წელს, დინამო - ლივერპულის ყველასთვის ცნობილ შეხვედრასა და 1995 წლის საქართველო-გერმანიის დაპირისპირებას.

ისტორიული შეხვედრის წინ, სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიტყვით გამოსვლა მოისმინა. გამსახურდიამ ფეხბურთის გულშემატკივარს ეროვნული ჩემპიონატის დაწყება მიულოცა და აქცენტი დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სურვილისკენ მიმართა:

საყვარელო დანო და ძმანო, გილოცავთ ნანატრი დღის დადგომას, გილოცავთ ეროვნული ჩემპიონატის პირველ დღეს. ძვირფასო მეგობრებო, ამ დღეს ქართული ფეხბურთი შემოუერთდა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას და ერთად იბრძვის საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. იმპერიული ძალების წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის გამოყოფას, იმპერიული ფედერაციისაგან.

გაუმარჯოს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

ეროვნული ჩემპიონატი: ფორმატი და სახელის ცვლილება

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა დღეს 10 გუნდს აერთიანებს, თუმცა საწყის ეტაპზე ასე სულაც არ იყო. თავდაპირველად, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 18 გუნდი მონაწილეობდა, იყო სეზონები, როდესაც რანგით უმაღლესი ლიგაში 20 გუნდსაც უთამაშია.

მაგალითისთვის, 1992-93 წლების სეზონში გუნდების რაოდენობა 17-მდე შემცირდა. მოგვიანებით, 2005 წელს, ნოდარ ახალკაცის ინიციატივით, ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა 16 იყო, თუმცა ეს ფორმატის ბოლო ცვლილება არ ყოფილა.

 2017 წლის სეზონისთვის გათმაშება 10 გუნდიანი ჩემპიონატი დაკომპლექტდა, რომელსაც ეროვნული ლიგა ეწოდა, 2019 წლიდან კი საქართველოს რანგით უმაღლესი ლიგა პარტნიორის, Crystalbet-ის სახელწოდებით (Crystalbet ეროვნული ლიგა) ტარდება.

ამ დრომდე ყველაზე შედეგიანი დინამო თბილისია, რომელმაც ქვეყნის საუკეთესო გუნდის წოდება ყველაზე მეტჯერ, თვრამეტჯერ მოიპოვა.

ქართული გუნდები და ევროტურნირები

ქართული გუნდებისთვის ევორტუნირებზე წარმატებისთვის მიღწევა კვლავ შორეულ პერსექტივად რჩება. საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მიღწეული შედეგი დინამო თბილისთანაა დაკავშირებული. 

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში გუნდმა საუკეთესო შედეგი 2004 წელს აჩვენა, როდესაც საკვალიფიკაციო ეტაპზე  ბორისოვოს ბატე, პრაღის სლავია, შემდეგ კი კრაკოვის ვისლა დაამარცხა და თასის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქეები ნიუკასლ იუნაიტედი, ფრანგული სოშო, ლისაბონის სპორტინგი და ბერძნული პანიონიოსი იყვნენ. მაშინ დინამომ ყველა მატჩი დათმო და ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.


საქართველოს ეროვნული ნაკრები

საქართველოს ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას 1994 წლიდან იღებს, თუმცა ისტორიული მატჩი 4 წლით ადრე, 1990 წლის 27 მაისს შედგა, როდესაც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა. მეტოქე კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის, ლიეტუვის ნაკრები იყო. მატჩი, რომელიც თბილისში, დინამოს სტადიონზე გაიმართა, ფრედ, ანგარიშით - 2-2 დასრულდა. შეხვედრას 55 000 მაყურებელი დაესწრო. ბალტიისპირელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ანგარიში ჯერ გია გურულმა გაათანაბრა, შემდეგ - კახა კაჭარავამ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველი, ისტორიული გოლის ავტორი გია გურულია, ნაკრების პირველი კაპიტანი კი ოლიმპიული ჩემპიონი, გელა კეტაშვილი იყო.

აღსანიშნავია, რომ 1990 წელს ჩვენი ფეხბურთის ფედერაცია ჯერ კიდევ არ იყო FIFA-ს და UEFA-ს წევრი, ამიტომ ლიეტუველებთან მატჩს ნაკრების FIFA-ს ჩამონათვალში ვერ შეხვდებით.

2021 წლის 15 თებერვლიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვილი სანიოლი წვრთნის. ფრანგ სპეცილისტსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ხანგრძლივობის მხრივ, ყველაზე დიდხანს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ალექსანდრე ჩივაძემ იმუშავა, რომელმაც ჩვენი ეროვნული ნაკრები ორჯერ, 1993-96 და 2001-03 წლებში ჩაიბარა და მუშაობისთვის ჯამურად 7 წელი მიეცა.

ამ დრომდე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 264 მატჩი გამართა, მათ შორის: 80 შეხვედრაში გაიმარჯვა, 55 ფრედ დაასრულა, ხოლო 129 მატჩში დამარცხდა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი, 100 შეხვედრა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელ პრეზიდენტსა და ვეტერან ფეხბურთელს, ლევან კობიაშვილს აქვს ჩატარებული. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმით 100 მატჩი აქვს ჩატარებული საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს, ჯაბა კანკავასაც, რომელმაც სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება ახლახანს მიიღო,  ყველაზე მეტი, 26 გოლი კი  შოთა არველაძის ანგარიშზეა.

გაზიარება: