ბევრი ამბავი მითია, ბევრიც რეალობაა, ზოგი მათგანი კი უბრალოდ ჯერ არ მომხდარა...
„შემიძლია ყველას მოგერიოთ, რადგან საკუთარ თავს ვერ ვერევი...“ - ეს სიტყვები ჩვენ გმირს ხშირად ჩაესმის, უფრო ხშირად გაღვიძებისას, თუმცა მის მნიშვნელობას ვერ ხვდება...
15 წლის ლუკას უცნაური ამბავი. მოზარდი, რომელსაც დაბადებიდანვე არ უმართლებდა და ხსნას ეზოში ბურთის თამაშში ეძებდა, თუმცა, ბედი იქაც ნაკლებად სწყალობდა...
ლუკას დედა არასდროს უნახავს, რადგან ის მასზე მშობიარობას გადაჰყვა. დედაზე მოგონებები არ აქვს, თუმცა აქვს მისი გენი, რაც მის პიროვნებას მთლიანად ცვლის, სრულ გავლენას ახდენს და რაც მთავარია, ეს გავლენა მხოლოდ დადებითია.
ლუკა საოცრად მებრძოლი, ძლიერი მენტალობისა და ამტანი ხასიათის არის. შეიძლება ასეთად ცხოვრებამ აქცია, თუმცა ეს ყველაფერი რაღაც დოზით მასში ყოველთვის იყო, მაგრამ გარემომ, მისმა გავლენებმა ამოხეთქეს და მასში არსებული ძალა წინა პლანზე მთელი ძალით გამოვიდა.
ლუკა რთულ პირობებში გაიზარდა. მამამ მეუღლის გარდაცვალებისგან გამოწვეულ ტკივილს ვერ გაუძლო და ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა. ცუდი ადამიანი არ ყოფილა, თუმცა ცხოვრებამ დაღი დაასვა და ამას ყველა როდი უძლებს. საბოლოოდ ეს ყველაფერი ყველაზე მეტად და ცუდი ფორმებით ლუკაზე აისახა. მას ბევრი საჭირო რამ დააკლდა, რაც ბავშვს და შემდგომში მოზარდს უნდა ჰქონოდა.
ლუკას ისტორია რამდენიმე ნაწილად (თავად) იყოფა და მასში მნიშვნელოვან როლს მისი მეგობარი ნიკა ასრულებს, რომელიც ჩვენი მთავარი გმირის რთულ ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერტილია.
თავი პირველი - უბანი, ფეხბურთი და ნიკა
ლუკას ტკბილად ბავშვობაც კი არ ახსოვს. როგორც ყველა გაჭირვებული ბავშვი, ხსნას ისიც სპორტში ხედავდა და ფეხბურთელობა უნდოდა, მაგრამ მამას ამის საშუალება არ ჰქონდა. ბიჭი კი ეზოში ცდილობდა თამაშის ანი-ბანი გაეგო და აეთვისებინა.
ლუკამ ეზოშიც ბევრი უსამართლობა და ცდუნება ნახა. მეგობრები ჰყავდა, თუმცა მათ ბოლომდე კარგად ვერ უგებდა. ისინი უფრო მეტად უბნელები იყვნენ, ვიდრე მეგობრები.
მთლად ასე ცუდადაც არ ყოფილა საქმე, ლუკას ერთი ნამდვილი მეგობარი ჰყავდა და მას ნიკა ერქვა, რომელიც ლუკას თვალში ნამდვილი გმირი იყო. შეიძლება მას ნიკასი შურდა, თეთრი შურით რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც.
ნიკას ცხოვრება ლუკასგან რადიკალურად განსხვავებული იყო. ის თბილ სახლში ცხოვრობდა და ასაკიდან გამომდინარე ყველა იმ საჭირო აღმზრდელობით ეტაპს გადიოდა, რაც აუცილებელია. ჭკვიანი იყო და თითქმის ყველაფერს თავად ითვისებდა.
ნიკა სამართლიანი იყო, მაგრამ ლუკას მსგავსად მორიდებული და გულჩათხრობილი არ ყოფილა. ის სათქმელს ყოველთვის ამბობდა და გასაკეთებელს პირდაპირ აკეთებდა. თუ საჭირო იყო საქმეს მუშტითაც აგვარებდა, მაგრამ სამართლიანად და ზომიერად.
ლუკასთვის ნიკა საოცნებო ძმაკაცი იყო, ისეთი მეგობარი, რომლის ყოლაც ყველას უნდა. საჭირო დროს სწორ რჩევებს აძლევდა და გვერდში ედგა. მეტსაც სთავაზობდა და თითქმის ყველა პრობლემის მოგვარებასაც ჰპირდებოდა, თუმცა ლუკას ასე მარტივად არ სურდა. მას სჯეროდა, რომ თავისი გასავლელი გზა თავად უნდა გაევლო და ზედმეტი დახმარება საჭირო არ იყო. დახმარებას დოზირებულად იღებდა.
ჰო, და კიდევ - ნიკა ფეხბურთსაც მაგრად თამაშობდა. ლუკა მის გუნდში მოხვედრისას სულ იგებდა, იმიტომ, რომ ნიკას მომგები უბანში არავინ იყო.
მოკლედ, ნიკა იდეალური ბავშვი იყო, იდეალური ცხოვრებით, თუმცა ხმაური მისი სახლიდანაც გამოდიოდა ხოლმე, რის შემდეგაც რამდენიმე დღით უჩინარდებოდა. ლუკას არაფერს ეუბნებოდა. შემდეგ უბანში ისევ გამოჩნდებოდა და ყველაფერი ძველებურად რიგზე იყო.
თავი მეორე - ქვეცნობიერი ყველაფერს ინახავს, შემდეგ კი მესიჯს სწორ მომენტში გვიგზავნის
ეს ისტორია ნიკას გაცნობამდე მოხდა, თუმცა ლუკას ცხოვრებაში მას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ლუკას მამამ ერთხელ ზომაზე მეტი დალია და სახლში დაბრუნება ზედმეტად დაუგვიანდა.
იმ დღეს ბიჭებს უბანში ფეხბურთის თამაში ჰქონდათ დაგეგმილი, ლუკასაც უნდა ეთამაშა, მაგრამ მარტო დარჩენილი გულჩათხრობილი და შეშინებული ბიჭი მამის მოსაძებნად ქუჩაში გავიდა. ზამთარი იყო, ციოდა. ლუკამ ჯერ თავად საჭმლის მომზადება არ იცოდა, თუმცა თან ტკბილეული ჰქონდა, კანფეტები და შოკოლადები.
თავის მძიმე ცხოვრებაზე ჩაფიქრებულ ლუკას გზად უპატრონო ბავშვი შეხვდა, რომელიც კორპუსის კუთხეში მუყაოს ნაგლეჯზე იჯდა და მათხოვრობდა. ამის შემხედვარე ბიჭი გაშეშდა და ცხოვრებას სხვა თვალით შეხედა.
ლუკამ პირველად ნახა ადამიანი, რომელიც მასზე უბედური იყო. ზამთარში, ქუჩაში, სულ მარტო, მუყაოს ნაგლეჯზე მარტოდ მიგდებული.
„რომელი მშობელი მოექცევა ასე თავის შვილს?“ - ჰკითხა ლუკამ საკუთარ თავს, თუმცა იქვე გაიფიქრა, რომ ასეთ მდგომარეობაში წესით, არც ობოლი ბავშვი უნდა დარჩენილიყო, თუმცა ფაქტი ჯიუტი გახლდათ - მან პირველად ნახა ადამიანი, რომელიც თავის თავზე მეტად შეეცოდა.
ადგა და ყველაფერი, რაც თან ჰქონდა, ქუჩაში მყოფ იმ საწყალ ბავშვს მისცა, რომელიც იმ მომენტში ისე ძლიერ შეეცოდა, რომ მის ცხოვრებაში არსებული ყველანაირი ტკივილი უბრალოდ უკვალოდ გაქრა. ეს მომენტი მას კარგად დაამახსოვრდა და ქვეცნობიერში მყარად დაილექა. საჭირო დროს კი ქვეცნობიერმა ტვინს სწორედ ეს მომენტი შეახსენა...
უიმედობის ჟამს ლუკას სწორედ ის უპატრონო ბავშვი გაახსენდა, რომელსაც, მისი აზრით, ცხოვრება ყველაზე უსამართლოდ მოექცა, თუმცა ეს მოგვიანებით მოხდება, რასაც თავადვე ნახავთ...
თავი მესამე - დიალოგი საკუთარ თავთან
იყო მომენტები, როცა ლუკას არც ფეხბურთის თამაში უნდოდა და არც ნიკასთან ერთად ყოფნა. ამ დროს, ის განსაკუთრებით გულჩათხრობილი და მდუმარე იყო.
„საერთოდ არ ვარ ცუდი ადამიანი. ბევრი რამის გაკეთება მინდა რაც საჭიროა, თუმცა ამან შეიძლება ვინმეს ავნოს, მაგრამ მე კარგი ვარ და ამას არ ვიზამ! ცხოვრება არასწორად მექცევა, მაგრამ ღმერთს დავუმტკიცებ, რომ შესაძლოა ისიც ცდებოდეს და ყველანი ერთ ქვაბში მოსახარშები არ ვართ! მე შემიძლია ვიყო სხვანაირი, მაგრამ რაღაც ძალა ამისკენ არ მიშვებს. რა არის ეს? გული? გონება? ან სხვა რამ, რაც ჯერ არ ვიცი. იქნებ არცაა საჭირო, რომ ვიცოდე..."
- ფიქრობდა ხოლმე ლუკა და თავის თავს ამ კითხვებს ხშირად უსვამდა...
თავი მეოთხე - საკუთარ თავთან ბრძოლა: რამდენად კარგია ნიკა და რამდენად ღირს მას ავყვე?
ერთხელ ფეხბურთის თამაშის დროს ლუკა ეზოში უბნელებმა დაჩაგრეს, თუმცა ნიკა საბედნიეროდ იქვე იყო და ერთდროულად სამ მეტოქეს გაუსწორდა. ყველა მათგანი მაგრად სცემა.
ამ დროს კი ლუკას ამის ყურება მოეწონა, სიამოვნებდა რასაც უყურებდა და დაფიქრდა... თავის თავს კითხვა დაუსვა - ღირდა თუ არა ამ გრძნობისთვის მეტი ყურადღება მიექცია, თუ უბრალოდ გაეტარებინა? მაგრამ ფაქტია, რომ ის უკვე მოეწონა...
ლუკამ ამაზე ბევრი იფიქრა, თავის თავთან ბრძოლა ჰქონდა - აჰყოლოდა თუ არა ნიკას ცხოვრების სტილში, მისი დახმარებით ყველა პრობლემა გადაეჭრა? უბანში მაინც. თუ კვლავ თავისი გზით ევლო? ის დიდი დილემის წინაშე დადგა და მთელი სერიოზულობით ჩაფიქრდა. საკითხს ჩაუღრმავდა...
როგორ უყურებს ლუკა ცხოვრებას? ღმერთს და ზოგადად, როგორია მისი შეხედულება ამ საკითხზე:
„ადამიანი არ იცვლება. ეს ასეა. ის იბადება, შინაგანად ყოველთვის იგივედ რჩება და ასეთადვე კვდება. თუმცა, ღმერთმა სამყარო შექმნა და შემდეგ მოკვდავებს სრული თავისუფლება მისცა, რაც ყველაფერს ცვლის და ჩვენ კითხვებზე პასუხიც აქ არის.
რატომაა ცხოვრება უსამართლო? იმიტომ, რომ ასეთად ადამიანებმა აქციეს. ნების თავისუფლება კარგია, თუმცა მისი ცუდად გამოყენება ძალიან ადვილია, რამაც შესაძლოა პარალელურად ნებისმიერ ადამიანს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციოს.
ადამიანზე გავლენას გარეშე ფაქტორები ახდენენ. ადამიანში ყოველთვის ცხოვრობს ანგელოზიც და დემონიც, მთავარია, შენ რომელს გამოკვებავ.
კარგი მასწავლებელი ის არის, ვინც მის მოსწავლეში რაღაც დადებითს დაინახავს და წინა პლანზე სწორედ მას წამოწევს, მასზე გაამახვილებს ყურადღებას და არა იმ ცუდზე, რომელიც შეიძლება იმ მომენტში მოზარდში უფრო მეტად ჩანდეს და ადვილი შესამჩნევიც იყოს.
ადამიანები არ იცვლებიან - ისინი ისეთებადვე რჩებიან როგორებიც იყვნენ, უბრალოდ, შესაძლოა ბუნებამ, ადამიანებმა და საერთო ჯამში, ცხოვრებამ მასზე ან თუნდაც შენზე ცუდი გავლენა მოახდინოს, რაც შენს ბნელ მხარეს გამოკვებავს და შენს პიროვნებაზე დომინირების საშუალებას მისცემს. ასე ვხდებით ცუდები, მაგრამ ეს ყოველთვის ჩვენი ბრალია? არ მგონია ასე იყოს...
ზოგიერთი დამნაშავე და ერთი შეხედვით ბოროტი ადამიანი ხანდახან იმაზე უდანაშაულო და დაჩაგრულია, ვიდრე ვიღაც პატიოსანი და უწყინარი პიროვნება.
რატომ? იმიტომ, რომ ცხოვრება ყველას სწორად არ ექცევა, ვიღაცებს კი ძალიან არასწორად ექცევა. რატომ? იმიტომ, რომ ის ასეთად ჩვენ ვაქციეთ, მაგრამ მე არ ვეთანხმები ნების თავისუფლებას მთელი თავისი სრული გაგებით, რადგან უკვე დიდი ხანია ყველანი თანასწორებად აღარ ვიბადებით და არც ასე ვცხოვრობთ. არ მგონია სწორი და ბუნებრივი, რომ ვიღაცამ სადღაც და ოდესღაც შესცოდა, შეცდომა დაუშვა და ამის გამო წლების შემდეგ უდანაშაულო ადამიანი იბადება, რომელსაც სხვისი შეცდომებისთვის ცხოვრებაში რთული და უსამართლო გზის გავლა უწევს“.
- ასეთია ლუკას ხედვა.
მან მთელი ღამე იფიქრა და ასე ზურგზე დაწოლილს ფიქრში ჩაეძინა. ძალიან მძიმე სიზმარი ნახა და მომენტებში ფიქრობდა, რომ გამოღვიძებას საერთოდ ვერ შეძლებდა. ეს დიდი ბრძოლა იყო - მას თვით ეშმაკი დაესიზმრა, რომელთანაც თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდა...
თავი მეხუთე - დიალოგი ეშმაკთან
ლუკა: „ვხვდები, რომ მძინავს. ეს ჩემი სახლის მისაღები ოთახია, თუმცა უფრო ბნელი და მტვრიანი. თითქოს ხანძარი იყო და ჩააქრეს. უცნაურად ცივა და გოგირდის სუნი დგას. ზედმეტად რეალური სიზმარია, შეგრძნებები ძალიან მკვეთრია... ნეტა რაიმე საფეხბურთო სიზმარი მენახა, სადაც მოედანზე ვდომინირებ და გუნდი ჩემი გოლებით იგებს...
ეშმაკი: „გამარჯობა ლუკა... ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, თუმცა დროა გავიცნოთ. მე შენი მეგობარი ვარ. ბოდიში, დავაზუსტებ - შეგვიძლია, რომ მეგობრები გავხდეთ, თუ შენი სურვილი იქნება“.
ლუკა: „ახლა მძინავს და თან შენს მხოლოდ ფეხებს და სამოსს ვხედავ. სახეც არ გიჩანს. თან ჩემი ოთახი უცნაურად გამოიყურება. შენთან მეგობრობა რატომ უნდა მომინდეს? ვინ ხარ?’
ეშმაკი: „ჰა ჰა ჰა... (ჩაეცინა). ვიცოდი, რომ ჭკვიანი ბიჭი იყავი, მაგრამ მოლოდინს აჭარბებ. მოდი, ნუ ვიჩქარებთ. ცოტა შორიდან დავიწყოთ. ჯერ ერთმანეთი ნელ-ნელა და უკეთ გავიცნოთ. შემდეგ კი, თუ შენი სურვილი იქნება, ჩემს სახელსაც გეტყვი“.
ლუკა: „მაინც სიზმარია და რეალურად ყველაფერი წამებში ხდება. ჯანდაბას, იყოს ეგრე. ჩემს თავს მაინც ზედმეტად ბევრს ვესაუბრები და როგორმე შენთვისაც გამოვნახავ რამდენიმე წამს“.
ეშმაკი: „მახვილი ენა გაქვს. დაიმახსოვრე - შეიძლება წამი საათად იქცეს, საათი კი მარადისობად. რასაც უყურებ, რასაც გრძნობ, რეალურად ყველაფერი ასეთი არ არის. მაგრამ ყველაფერი ისეთი იქნება, როგორადაც შენ ჩათვლი, რომ არის. მთავარია რა გინდა, როგორ გინდა და რამდენად გინდა“.
ლუკა: „ლამაზი სიტყვებია, თუმცა აზრს სრულად ვერ ჩავწვდი. ჯერ ჩემს ცხოვრებაში დიალოგის ასეთი საინტერესო დასაწყისი არ მინახავს. განვაგრძოთ“.
ეშმაკი: „რას გეუბნებოდი. შორიდან დავიწყოთთქო. ასე ჯობია. ნელ-ნელა ერთმანეთს უკეთ გავუგებთ. შენს ცხოვრებაზე რას მეტყვი? ვიცი, რომ თვლი იგი უსამართლოა და შენ განსკაუთრებით უსამართლოდ გექცევა. მე ეს ვიცი და ისიც ვიცი, რომ შენც იცი, თუმცა მაინტერესებს რეალობას რამდენად ობიექტურად უყურებ?“
ლუკა: „კი ასეა, თუმცა არ ვიცი რატომ. შეიძლება უბრალოდ უიღბლო ვარ. ასეთი ადამიანებიც არსებობენ“.
ეშმაკი: „არა, არა. „შეიძლება, უბრალოდ“ - მსგავსი რაღაცები არ არსებობს და არ ხდება. ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს და ყველაფერი რაღაც მიზეზის გამო ხდება. შენ და შენი ცხოვრება შემთხვევითობა არ ხართ. ყველაფერი ჭკვიანური, ცბიერი, მკაცრი გეგმის ნაწილია“.
ლუკა: „რის თქმას ცდილობ?“
ეშმაკი: „სიმართლის“.
ლუკა: „საინტერესოა. და რა არის სიმართლე? რეალურად რამ გამოიწვია ეს ყველაფერი და რატომ მე?“
ეშმაკი: „რამ არა, ვინ. და რატომ შენ? იმიტომ, რომ რჩეული ხარ. ჭკვიანი, ძლიერი და გაბედული ხარ“.
ლუკა: „არა, მე ასეთი არ ვარ. ასეთი მეგობარი მყავს. ვინო ახსენე და ვისზე გაქვს საუბარი?“
ეშმაკი: „მოდი, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ხომ გახსოვს ნელ-ნელათქო გითხარი. ასე ჯობია. ყველაფერს უფრო კარგად გაიგებ“.
ლუკა: „საინტერესო ხმა გაქვს, მაგრამ ცივი, სევდიანი, თითქოს დამაჯერებელი, მაგრამ მასში მარტოობას და ბრაზს ვგრძნობ“.
ეშმაკი: .....................
ლუკა: „რა მოხდა? ისეთი რა ვთქვი?
ეშმაკი: „ზედმეტად ჭვკიანიც ყოფილხარ. გეტყობა, რომ მართლა ბევრს ფიქრობ. მოდი, გავაგრძელოთ. შენი ცხოვრება ცხოვრება არ არის - ეს ერთი დიდი უსამართლობაა, მაგრამ შენ შეგიძლია ყველაფერი შენს სასიკეთოდ შემოატრიალო, შედეგად კი ცხოვრებას და მას ზემოთ პასუხი გასცე“.
ლუკა: „მას? სად ზემოთ? ცოტა დავიბენი“.
ამ დროს ლუკამ რაღაც იეჭვა. სიზმარი ძალიან რეალური იყო, თუმცა ამავდროულად მას განძრევა სულ უფრო მეტად უჭირდა და მხოლოდ საუბარი შეეძლო...
ეშმაკი: „ვიცი, რომ უბრალო ბიჭი არ ხარ. ცნობისმოყვარე ხარ და მე ეს მომწონს. ვიცი, რომ კითხვების დასმა შენი ჰობია, შემდეგ კი პასუხების პოვნა არ გიჭირს. კარგად დაფიქრდი - ვინმე ასეთ ცხოვრებას იმსახურებს? მეგობრებიც კი არ გყავს და შენი ყოველი დღე ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს. დრო ფუჭად გაგყავს და შენს პოტენციალს არ იყენებ. შემიძლია ყველაფერში დაგეხმარო, ფეხბურთის თამაშშიც, მას ისე გასწავლი, რომ ვერავინ გაჯობებს, რა თქმა უნდა, თუ შენი სურვილი იქნება“.
ლუკა: „მეგობრები არ მყავს, მაგრამ ნიკა მყავს, რომელიც, სხვათაშორის, შენს მსგავსად ყველა პრობლემის მოგვარებას ხშირად მთავაზობს, მაგრამ შენც იმავეს გიპასუხებ, რასაც მას - ჩემს თავს თავად მივხედავ. ჩემი გასავლელი გზა მაქვს და მას სხვის მხრებზე შემომჯდარი არ გავივლი.
და ფეხბურთი? არ მგონია ოდესმე ის ნიკაზე უკეთ ვითამაშო, თუმცა, ვინ იცის... მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ ფეხბურთი ნიკაზე მეტად მიყვარს, რაც ოცნების საშუალებას მაძლევს. ეს კი მამხნევებს, ოპტიმიზმს მმატებს და იმედს მიმძაფრებს. ამ დროს უფრო მშვიდი და ბედნიერი ვხდები. მჯერა, რომ შეიძლება ოცნება ერთ დღესაც რეალობად იქცეს. ეს თამაში მთელი თავისი ისტორიით, ამის საშუალებას მაძლევს.
ახლა კი მითხარი ვინ ხარ, რა გინდა და ჩრდილში როდემდე უნდა იჯდე?“
ეშმაკი: „მეცოდები. გულწრფელად. ეს ყველაფერი არ დაგიმსახურებია. გამომყევი, მომისმინე, აითვისე და შეძლებ შენი ცხოვრება აკონტროლო. და მეტიც - გაცილებით მეტსაც შეძლებ. ამის ნიშნები გაქვს, ყველაფერს ვხედავ. მხოლოდ საცოდავი და ჩაგრული არ ხარ, სწორედ ამიტომ გეწვიე. ვიცი რაც გაგიკეთებია და რისი პოტენციალიც გაქვს. დროა არჩევანი გააკეთო“.
ლუკა: „გეცოდები? გული გქონია და ეს კარგია, თუმცა მე ნუ შემიცოდებ, რადგან ჩემზე უფრო საწყლებიც არსებობენ, რომლებსაც ცხოვრება უფრო მკაცრად მოექცა... არის ერთი ბიჭი, რომელსაც ასეთი უიმედობა არ დაუმსახურებია...“
ამ მომენტში ლუკას ზამთრის ცივ დღეს ქუჩაში მყოფი ის უპატრონო ბავშვი გაახსენდა, რომელიც საკუთარ თავზე მეტად შეეცოდა. ამჯერად ლუკამ თავისი სხეული იგრძნო და მიხვდა, რომ გაღვიძება შეეძლო. საუბრის შინაარსიდან და გარემოდან გამომდინარე მის წინ მჯდომი სტუმრის ვინაობასაც მიხვდა, თუმცა...
ეშმაკი: „იმაზე მეტად ჯიუტი ყოფილხარ, ვიდრე მეგონა. ვფიქრობ, აქ იმაზე დიდხანს მოგიწევს დარჩენა, ვიდრე ვგეგმავდი“.
ლუკა: „მეცოდები. შენ ყველაზე უიღბლო ხარ, იმ ცივ ქუჩაში მიგდებულ ბიჭზე უიმედო და საწყალი“.
ეშმაკი: „ასე რატომ ფიქრობ? ვხედავ, შენმა მახვილმა გონებამ გიღალატა“.
ლუკა: „ვიცი ვინც ხარ. ერთ დროს საყვარელი და რჩეული იყავი, შემდეგ კი კარისკენ მიგითითეს. საუბარი დიდხანს გაგვიგრძელდა და პარალელურად შენს ვინაობაზეც ვფიქრობდი“.
ეშმაკი: „არასწორ მხარეს ირჩევ, ბიჭუნა. ამას კარგი არაფერი მოჰყვება...“
ლუკა: „შენთან საუბარი საინტერესო და დამაფიქრებელი იყო, არ მეგონა თუ ასე ძლიერი გონება მქონდა. წარმატებებს... არა, მეტ სიყვარულს და მიმტევებლობას გისურვებ. იქნებ, ერთ დღეს კიდევ შეძლონ შენი შეყვარება. შემდეგ კი შეძლებ შენი სახე მზესაც დაანახო“.
ლუკა უკვე გრძნობდა, რომ გამოღვიძება შეეძლო და უფრო მეტად გათამამდა, თავდაჯერებული იყო, როგორც მისი მეგობარი ნიკა და მას ეს მოსწონდა, თუმცა გარკვეულწილად ეშინოდა კიდეც...
ეშმაკი: „წაიღე შენი დამპალი ბურთი და გაიღვიძე! რაც იქ დაგხვდება არ მოგეწონება...“
ფეხებთან მყოფი ჩრდილიდან ბურთი გამოგორდა...
ლუკა: „ბურთი? რა ბუ ბუ...ბურთი?................
„შემიძლია ყველას მოგერიოთ, რადგან საკუთარ თავს ვერ ვერევი...“ ისევ ეს ხმა და ფრაზა.
თავი მეექვსე - გამოღვიძება: სიზმარი სიზმარში
ლუკამ გაიღვიძა. მას ბურთთან ერთად ეძინა. სახლში მარტო იყო, თუმცა მისი სახლი მოწესრიგებული იყო. კედლები კი საყვარელი ფეხბურთელების სურათებით იყო მოფენილი. თაროზე რამდენიმე თასიც იდო, რომელიც როგორც ერთი შეხედვით მიხვდა საფეხბურთო ტურნირზე მოიგო, მაგრამ როდის? და საერთოდ საკუთარ სახლში ეძინა?
სახლი თავისას ჰგავდა, მაგრამ რაღაცები სხვანირად იყო. და რატომ ეძინა ბურთთან ერთად? ნუთუ სიზმარი რეალური იყო? მას საკუთრი ბურთი არასდროს ჰქონია, ახლა კი თითქოს ყველაფერი ჰქონდა.
ლუკამ ჩაიცვა და ეზოში გავიდა. უბნელები მას თბილად დახვდნენ და ისე მიესალმნენ, როგორც არასდროს.
„ბიჭებო, გამარჯობა. ნიკა არ გინახავთ?“ - ჰკითხა ლუკამ უბნელ ბიჭებს მორიდებულად.
„ნიკა? ნიკა ვინ არის? უბანში ნიკა არავის ჰქვია და ვინმე ახალი თუ გაიცანი, ჩვენც გაგვაცანი“. - უპასუხეს უბნელებმა.
ამ დროს ლუკა ყველაფერს წამებში მიხვდა. მას ადრენალინის ჭარბი მოზღვავება ჰქონდა. გული აუჩქარადა, არ იცოდა რა ექნა. თან ტირილი უნდოდა, თან ყვირილი. მიხვდა, რომ ნიკაც თავად იყო და...
მამა უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო... გახსოვთ ღამე, როცა მამამ ზომაზე მეტი დალია და შინ გვიან დაბრუნდა? იმ ღამით მას მანქანამ დაარტყა და შინ საერთოდ აღარ დაბრუნებულა, რა დროსაც მარტო დარჩენილ ლუკაში ემოციურ ფონზე „გადართვა“ მოხდა...
იდენტურობის დისოციაციური აშლილობა - ამ დროს ადამიანის პიროვნება იყოფა და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ერთი ადამიანის სხეულში არსებობს რამდენიმე სხვადასხვა პიროვნება. ასევე გარკვეულ მომენტებში ადამიანში ხდება „გადართვა“ და ერთი პიროვნება მეორე ცვლის.
ამ აშლილობის გამომწვევი მიზეზი მძიმე ემოციური ტრავმები გახლავთ, რომელიც ადრეულ ასაკში ხდება, რა დროსაც ადამიანი ფსიქოლოგიურ თავდაცვის მექანიზმს ააქტიურებს და მასთან მომხდარი მოვლენების აღქმას სხვაგვარად იწყებს - ის გამოგონილ სამყაროს ქმნის, ასევე სხვა პიროვნებას (ან პიროვნებებსაც).
შედეგად მან თავისი თავი ორად გაყო - სევდიანი, მგლოვიარე და მორიდებული ლუკა. და მეორე - მებრძოლი, ძლიერი, მიზანდასახული, გამბედავი და თავის ცხოვრებაზე კონტროლის დამწესებელი ნიკა.
საბოლოოდ სასტიკი ეზო, უბანი - ერთი სამართლიანი ბიჭის თეატრის სცენა აღმოჩნდა, რომელზეც უხეში და გულშიჩამწვდომი წარმოდგენები იდგმებოდა.
საბოლოოდ, ლუკა უბანში იძულებით გამოკეტილი ბიჭი არ ყოფილა, არამედ უბანი იყო ლუკასთან ერთად ერთ ეზოში გამომწყვდეული, სადაც ცხოვრებისეულ საჭირო, მკაცრ და ხანდახან უხეშ გაკვეთილებსაც იღებდა.
ლუკას ცხოვრება უსამართლოდ მოექცა და ყველანაირად დაჩაგრა, თუმცა თავად იყო სამართლიანი, ძლიერი და თავისი ცხოვრება, სამყარო თავად შექმნა, ბალანსის დაცვის მიზნით კი თავისმა ქვეცნობიერმა ის დაიცვა, რომ სიმართლე საჭირო დროს გაეგო.
ქვეცნობიერმა მის გონებაში დაცვა დააყენა, რომელიც ორი რაღაცისგან (ვიღაცისგან) შედგებოდა და მხოლოდ მათი დახმარებით შეიძლებოდა ამ ბარიერის მოხსნა - საწყალი ბავშვი ქუჩიდან და ბურთი, რომელიც საჭირო დროს გამოგორდა...
ახლა ლუკამ უკვე იცის ვინც არის და რაც შეუძლია, რა გაუკეთებია და რისი გაკეთება შეეძლება...