ბრწყინვალე სეივი 93-ე წუთზე და მშრალად შენახული კარი - მამარდაშვილის დებიუტი ლა ლიგაში
ქართველმა გოლკიპერმა, გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ მაისურით ლა ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. 20 წლის მეკარემ „ხეტაფეს“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ითამაშა, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და კარი მშრალად შეინახა.
მატჩი „ღამურებისთვის“ ძალიან ცუდად დაიწყო. „მესტალიის“ ბინადრები მე-3 წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, თუმცა 8 წუთში სოლერის პენალტით წინ გასვლა მოახერხეს. გაშვებული გოლის შემდეგ, „ხეტაფე“ აქტიურობდა და მომენტების შექმნას ცდილობდა. „აზულონესმა“ პირველ ტაიმში ორი ზუსტი დარტყმა განახორციელა, მაგრამ მამარდაშვილს ვერც ერთხელ აჯობა.
მეორე ნახევარი მსგავსი სცენარით წარიმართა. 76-ე წუთზე, კაბაკომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანზე „ხეტაფეც“ 10 კაცით დარჩა. 82-ე წუთზე, „ვალენსიას“ კარი ძელმა იხსნა, 84-ზე კი მამარდაშვილმა შესანიშნავი სეივი შემოგვთავაზა და „ღამურები“ გაშვებულ გოლს გადაარჩინა.
მატჩის კულმინაცია 93-ე წუთზე დადგა. „ხეტაფეს“ ბრწყინვალე შანსი მიეცა, მაგრამ ქართველმა გოლკიპერმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და დიდწილად მისი დამსახურებაა „ვალენსიამ“ 3 ქულის აღება რომ მოახერხა.
ამრიგად, მამარდაშვილმა საერთო ჯამში 4 სეივი გაიფორმა და საკუთარ გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარა. ცნობისთვის, „ვალენსია“ მომდევნო შეხვედრას 21 აგვისტოს გამართავს და სტუმრად „გრანადას“ დაუპირისპირდება.