გუნდის ისტორიაში პირველი ლეგიონერი - ტატუაშვილი პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში ითამაშებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი, თაკო ტატუაშვილი კარიერას პორტუგალიის უმაღლესი დივიზიონის კლუბ „ამორა“-ში გააგრძელებს. იგი ბოლოს იორდანიულ კლუბ „ალ აჰლიში“ თამაშობდა, პორტუგალიურ მხარესთან კი 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
30 წლის ქართველის ტრანსფერის შესახებ აგვისტოს დასაწყისში გამოცხადდა და ეს ამბავი წამყვანი პორტუგალიური გამოცემების, მათ შორის - Abola-სა და O Jogo-ს ინტერესთა სფეროშიც მოექცა. თაკო „ამორა“-ს 100-წლიან ისტორიაში პირველი ლეგიონერია.
კომენტარი Abola-სთან: "ცხადია, ვიცი, რომ პორტუგალიაში ისეთი დიდი გუნდები არიან, როგორებიც „ბენფიკა“ და „სპორტინგი“ - ორივე მათგანმა უკვე ჩემპიონთა ლიგაზეც მიიღო მონაწილეობა. არ მიყვარს გაჩერება ან მხოლოდ ერთი მიმართულებით სიარული, პროგრესი აუცილებლობად მიმაჩნია. როცა საქართველოზე მეკითხებიან და ვუხსნი, არავინ იცის, ჩემი ქვეყანა სადაა. მაგალითად, საქართველოში ყველამ იცის პორტუგალიის შესახებ, მისი ფეხბურთისა და კრიშტიანუ რონალდუს გამო. იმედი მაქვს, ჩემს საქართველოზეც მალე გაიგებენ."
კარიერის ახალი ეტაპის შესახებ - ინტერვიუ CrystalSport-თან
ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ვითამაშო პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში და, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რომ საკუთარი თავის აქ წარმოჩენის საშუალება მომეცა. ყველაფერი არის წუთებსა და წამებშია გათვლილი, პროფესიონალიზმი ფეხის ყველა ნაბიჯზე იგრძნობა, როგორც მოედანსა და უშუალოდ საწვრთნელ ბაზაზე, ასევე მინდორს გარეთაც, რაც ძალიან დიდი მოტივაციაა. ჩემთვისაც და ყველა ფეხბურთელისთვის, ასეთ გარემოში მომზადება და ვარჯიში დიდი სიამოვნებაა.
რაც შეეხება გუნდს, ჯერ მხოლოდ 10 დღის ჩამოსული ვარ და გაცნობის სტადიაა. ძალიან კარგი ატმოსფეროა - შეკრული, მეგობრული და მიზანმიმართული გუნდია, მოტივირებულია ყველა, რათა ერთად წარმატებას მივაღწიოთ. ვფიქრობ, ასეც იქნება, რადგან სამწვრთნელო შტაბთან ერთად, გუნდის თითოეული წევრი მიზნისთვის დაუღალავად შრომობს.
ჩემთვის, ძალიან დიდი მიღწევაა და პასუხისმგებლობაა, პატარა საქართველოდან აქ, დიდ პორტუგალიის ჩემპიონატში გადმოსვლა. ქართველისთვის მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა მოტივირებული ვიყავი. ყოველთვის მინდოდა და მჯეროდა, რომ ვითამაშებდი უმაღლეს დონეზე, რომელიმე ტოპ ქვეყნის ჩემპიონატში და ნაწილობრივ, ეს გამომივიდა კიდეც, რაც, ცხადია, ძალიან დიდი შრომის ფასად დამიჯდა.
ჩემი უპირველესი მიზანია, გუნდს უმაღლესი მიზნების მიღწევაში დავეხმარო. სამწვრთნელო შტაბი მენდობა, ასევეა კლუბის ადმინისტრაციაც, რისთვისაც მადლობას ვუხდი. ვთვლი, რომ გუნდისთვის საჭირო ვარ და უპირველესი ამოცანაა, ეს მოლოდინი და ნდობა გავუმართლო. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა და პირველი თამაშისთვის ვემზადებით.
ფიზიკურად არ ვგრძნობ, რომ 30 წლის ვარ და, ვფიქრობ, კიდევ დიდხანს შემიძლია, ვითამაშო. რაც შეეხება მიზნებს, გაჩერება არ მიყვარს, ყოველთვის ვცდილობ თავი განვავითარო, რისთვისაც ბევრს ვშრომობ. ჩემი მიზანია, უპირველეს ყოვლისა, თავი აქ გამოვიჩინო და დავიმკვიდრო, ღმერთის ნებით, შემდეგ კი ყველაფერს მომავალი მიჩვენებს.
რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, მოგეხსენებათ მსოფლიოს შესარჩევი გვაქვს სათამაშო. სექტემბერში გვიწევს პირველი თამაშის ჩატარება. რთულ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა შევეცდებით, დადებითი შედეგის მისაღწევად, ყველა მატჩში მაქსიმალურად დავიხარჯოთ.
აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში შვედეთთან, ფინეთთან, ირლანდიასთან და სლოვაკეთთან ერთად მოხვდა. პირველადგილოსანი პირდაპირ მუნდიალზე გადის, მეორეადგილოსანი კი ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.
„ამორა“-ს ქალთა გუნდი პორტუგალიის უმაღლეს დივიზიონში მე-3 სეზონს იწყებს. 2021-22 წლების სეზონის პირველი ტურის მატჩი 5 სექტემბერსაა ჩანიშნული.
თაკო ტატუაშვილის პროფესიონალური კარიერა 2007 წელს, თბილისის „დინამო“-ში დაიწყო, რის შემდეგაც ზუგდიდის „ბაია“-სა და თურქული კლუბების - „ლიულებურგაზი“-ს, „ადანა“-ს, „ილკადიმ ბელედიესპორი“-სა და „ჰაკარიგუჯუ“-ს რიგებში თამაშობდა. 2020 წელს, პანდემიის პერიოდში, თაკო სამშობლოში დაბრუნდა, რამდენიმე თვით „ნიკე“-ში ჩაირიცხა და გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა.