Aa
Aa

"დარჩით სახლში და ნუ მოხვალთ აეროპორტში" - ტალახაძის ექიმი გიორგი ჭინჭარაული

ტოკიოში მიმიდნარე ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობა საქართველოს ბენეფისთ დასრულდა. ლაშა ტალახაძემ ოლიმპიურ ოქროსთან ერთად მრავალი რეკორდები დაამყარა.

დღეს დილით კი ძალოსნთა ნაკრების ექიმმა გიორგი ჭინჭარაულმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

„დღემშვიდობის საქართველო. მოგეხსენებათ დავასრულეთ ძალოსნებმა ოლიმპიადა და ვბრუნდებით დღეს საქართველოსკენ. ვხედავთ, ვგრძნობთ, ყველა თქვენთაგანის გვერდში დგომას და ქომაგობას. მივიღე უამრავიი მოლოცვა, რაზეც ლაშაც და მეც გიხდით უდიდეს მადლობას. ახლა მთავარი! ბევრი მეკითხება ჩამოსვლის დროს. ბევრმა გამოთქვა დახვედრის სურვილი.  გპასუხობთ : ქვეყანაში გამძაფრებული ეპიდ სიტუაციის გამო, ჩემს მეგობრებს და ნათესავებს მოგმართავთ თხოვნით, დარჩით სახლში და ნუ მოხვალთ აეროპორტში! ვიცი რომ გიხარიათ, ვიცი რომ გინდათ ლაშასთან ფოტოები, გინდათ პირადად მიულოცოთ, მაგრამ ჩემი და თქვენ წარმოიდგინეთ, ლაშას აზრიც ასეთია, სხვა დროს, სხვა შეჯიბრის შემდეგ... დღეს არ გვეწყინება! პირიქით! მოხარულები ვიქნებით თუ გაუფრთხილდებით ერთმანეთის ჯანმრთელობას ! მადლობა გულშემატკივრობისათვის.“ - წერია განცხადებაში

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 7 მედალია. ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ძიუდოს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვეს. ვერცხლის პრიზიორები კი ძიუდოისტები ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი და ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია გახდნენ. ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. 

გამოსარჩევია, რომ ლაშა ტალახაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელიც ორგზის ოლიმპირური ჩემპიონი გახდა, ხოლო შავდათუაშვილი პირველი ქართველია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ სამი მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები