EXCLUSIVE: გიორგი ასანიძე: "ჩვენი ემოციები გადაჭარბებული იყო"
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი გულშემატკივრებისთვის ნანატრი დღე დადგა - ფიცარნაგზე მსოფლიოს უძლიერესი ადამიანი, ლაშა ტალახაძე წარსდგა, რომელმაც როგორც მოსალოდნელი იყო ოლიმპიური ოქროს მედალი არავის დაუთმო.
ლაშა ტალახაძემ ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ქართველ გულშემატკივარს სიურპრიზები შესთავაზა - ქართველმა ძალოსანმა ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ იზეიმა და ამასთან ერთად, 3 ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ ჩემპიონისთვის სარეკორდო წონები შეარჩია, რისი დაძლევაც ტალახაძემ უპრობლემოდ შეძლო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პლანეტაზე უძლეველი ძალოსანია (223 კგ, 265 კგ, 488 კგ).
Crystalsport საქართველოს ძალოსნობის ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელს გიორგი ასანიძეს დაუკავშირდა და პირველი ემოციების და სამომავლო გეგმების შესახებ ჰკითხა.
რა თქვა ასანიძემ?
„ჩვენი ემოციები გადაჭარბებული იყო. ლაშამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პლანეტის უძლიერესი ძალოსანია. ქართულმა ძალოსნობამ 100-წლიანი ისტორია გამოიარა. აქედან გამომდინარე რა შედეგიც ლაშამ დააფიქსირა, მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანში უდიდესი პოტენციალია.
გვინდა, რომ ლაშას ეს წარმატება გულშემატკივარმა დადებითად და სწორად შეაფასოს. დარწმუნებული ვარ ასეც იქნება.. ქართული ძალოსნობა გახარებულია იმ გამარჯვებით, რომელიც დღეს მსოფლიო სპორტს ლაშა ტალახაძემ შესთავაზა.
სამომავლო გეგმებზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. ველოდებით მსოფლიო ჩემპიონატის სტარტს. ჯერ გასარკვევია სად ჩატარდება. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ოლიმპიურ მზადებისას ჩვენთან ერთად იყო ჩართული. მადლობა ფედერაციას, სპორტის სამინისტროს და ოლიმპიურ კომიტეტს.
მადლობა ზურას და გიორგის. მათ არ დაიშურეს არცერთი დღე იმისთვის, რომ ჩვენი ბიჭები ჯანმრთელები ყოფილიყვნენ. მათთან ერთად მადლობა ჩვენს რუსლანს და ზოგადად ერთობლივი მადლობა ყველას.
მინდა, რომ ქართულმა სპორტმა და მთლიანად ქვეყანამ იამაყოს იმით, რაც დღეს მოხდა. წინ ძალიან ბევრი შეჯიბრია და შესანიშნავი საშუალებაა, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ მრავალჯერ ვასახელოთ. პირველ რიგში კი დიდი და უზომო მადლობა ლაშა ტალახაძეს. მან ყველა ის დავალება შეასრულა, რომელიც მე მივეცი.“
ლაშამ თავდაპირველად ატაცში პირველი ცდით 208 კგ. მარტივად დააფიქსირა, მეორე ცდით კი 215 აწია, რაც ოლიმპიური რეკორდი გახლავთ. ქართველმა გოლიათმა მესამე ცდით 223 კგ. დააფიქსირა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა! რაც შეეხება აკვრას, ლაშამ პირველი ცდით 245 კგ. აწია და ოლიმპიური ოქრო ვადაზე ადრე გაიფორმა!
მეორე ცდით ტალახაძემ 255 კგ აწია, ხოლო მესამე ცდაზე 265 კგ. და მსოფლიო რეკორდი დააფიქსირა! ორჭიდის ჯამში კი 488 კგ. აწია, რაც ასევე რეკორდი გახლავთ!
ამ ყველაფერზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია... უბრალოდ გილოცავთ!
შეგახსენებთ, რომ ქართულ დელეგაციას დღევანდელი დღის შემდეგ უკვე 7 მედალი აქვს - ძიუდოდან 1 ოქრო და 3 ვერცხლი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობიდან 1 ვერცხლი და ძალოსნებიდან 1 ბრინჯაო და 1 ოქრო.
შეგახსენებთ, რომ ხვალიდან ოლიმპიადაზე გამოსვლას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ.