„ეს მისთვის მეორე შემთხვევაა, ქართული მხარე სოლიდურ ჯარიმას გადაიხდის
Aa
Aa

„ეს მისთვის მეორე შემთხვევაა, ქართული მხარე სოლიდურ ჯარიმას გადაიხდის"

დღეს, საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრს, ბენიკ აბრამიანს ტოკიო 2020-ზე, ბირთვის კვრაში საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ეასპარეზა, მაგრამ ოლიმპიურ თამაშებზე ვერ გამოვიდა. ტესტირების საერთაშორისო სააგენტოს, ITA-ს ინფორმაციით, აბრამიანმა დოპინგ-ტესტი ჩააგდო - მას ორგანიზმში აკრძალული პრეპარატები აღმოუჩინეს.

მოგვიანებით, ინციდენტს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აბრამიანის სპორტულ კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებს შესაბამისი სპორტული ორგანიზაციები მოგვიანებით განიხილავენ.

მომხდართან დაკავშირებით საგანგებო განცხადება საქართველოს მძლეოსნობის ეროვნულმა ფედერაციამაც გაავრცელა და „მიუღებელი ფაქტი" უწოდა.

საქართველოს ანტისადოპინგო სააგენტოს ხელმძღვანელი - პალიკო კასრაძე

„რაც შეგვეძლო ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ - იაპონიაში ვიზიტამდე ტესტი ყველა ოლიმპიელმა გაიარა. 

აბრამიანს ტესტი 1 ივლისს გავუკეთეთ, ნაკრები 17 ივლისს გაემგზავრა. ასე ადრე ტესტირება იმიტომ კეთდება, რომ საბოლოო პასუხისთვის დროა საჭირო, დაახლოებით 2 კვირამდე.

მინდა, მეტიც გითხრათ, როდესაც ჩვენ მას ტესტი გავუკეთეთ, აბრამიანი ჯერ კიდევ არ იყო ოლიმპიური გუნდის წევრი, ლიცენზირება ბოლომდე არ ჰქონდა დასრულებული, კანდიდატი იყო. საბოლოო ჯამში, ასეც მოხდა - ტესტი ავიღეთ და ის შეჯიბრებაზე წავიდა, იქამდე, ერევანში იმყოფებოდა, სადაც ლიზენცია მოიპოვა.

მას 2012 წელს, ოლიმპიადის წინა შეჯიბრებაზე, მსგასვი შემთხვევა ჰქონდა და მაშინ 2-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. მახსოვს, მაშინ იბრძოდა და წერილები სხვადასხვა ორგანზიაციაში გაგზავნა. სამწუხაროდ, მისთვის ეს მეორე შემთხვევაა. სავარაუდოდ, ის 8-წლიან ან სამუდამო დისკვალიფიაციას მიიღებს. ამის გარდა, ქვეყანამ საკმაოდ დიდი ფულადი ჯარიმა უნდა გადაიხადოს".

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ტოკიოს ოლიმპიადაზე ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც სპორტსმენმა დოპინგ-ტესტის ჩაგდების გამო დისკვალიფიკაცია მიიღო. 3 დღის წინ, ნიგერიელ მორბენალს, ბლესინგ ოკაგბარეს სისხლში აკრძალული პრეპარატები აღმოუჩინეს.

ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 23 ივლისს დაიწყო და  8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. პანდემიის მიზეზით ერთი წლით გადადებულ ოლიმპიურ თამაშებში, მონაწილეობას სულ 205 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი იღებს.

სპორტული აქტივობები ტოკიოს 42 მოედანზე იმართება, რაც რეკორდული მაჩვენებელია.