სივასპორის გულშემატკივარი ბათუმში ვერ ჩავა - UEFA-ს გადაწყვეტილება ცნობილია
ოთხი ქართული კლუბიდან ევროტურნირები მხოლოდ „დინამო" ბათუმისთვის გრძელდება.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბათუმი არენაზე, მინიმალური მარცხის შემდეგ (1-0), გია გეგუჩაძის გუნდმა ბელარუსში, „ბატეს" დამაჯერებელი ანგარიშით - 1-4 მოუგო (ორი მატჩის ჯამში - 2-4) და კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „სივასპორს" (თურქეთი) დაუპირისპირდება.
როგორც მატჩმდე გაირკვა, გუნდები სტუმრად გასამართი მატჩებზე გულშემატკივრის დასწრებას გეგმავდნენ, თუმცა მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სტუმარი გუნდების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა:
„UEFA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სტუმრად გასამართ შეხვედრას სტუმარი გუნდის გულშემატკივარი მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო ვერ დაესწრება.
გელოდებით, 12 აგვისტოს, სტადიონზე", - მიმართავს გულშემატკივარს „სივასპორი".
აღსანიშნავია, რომ „დინამო" ბათუმიც გეგმავდა თურქეთში გულშემატკივრის ნაწილის ტრანსპორტირებას. ეს ინფორმაცია გუნდის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა:
„კლუბებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. ვფიქრობთ, რომ გულშემატკივრის გარკვეული რაოდენობა გასვლით მატჩზე წავიყვანოთ, მითუმეტეს, თურქეთამდე არც ისე შორია. უდიდესი ალბათობით, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება და გულშემატკივრის გარკვეული ნაწილი დინამო ბათუმს უშუალოდ სტადიონიდან გაამხნევებს".
ფოტო: დინამო ბათუმი
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო" ბათუმი პირველ მატჩს სახლში, 5 აგვისტოს ჩაატარებს. შეხვედრა ბათუმი არენაზე, 21:00 საათიდან დაიწყება. ხოლო, გუნდების საპასუხო მატჩი სტუმრად, 12 აგვისტოს შედგება და სტარტს 22:00 საათიდან აიღებს.