ქართველი სპორტსმენი ოლიმპიადიდან მოხსნეს - რას ამბობს ქართული მხარე?
Aa
Aa

ქართველი სპორტსმენი ოლიმპიადიდან მოხსნეს - რას ამბობს ქართული მხარე?

საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრს, ბენიკ აბრამიანს რამდენიმე საათში, ტოკიო 2020-ზე, ბირთვის კვრაში საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ეასპარეზა, მაგრამ ოლიმპიურ თამაშებზე ვერ გამოვა.

ტესტირების საერთაშორისო სააგენტოს, ITA-ს ინფორმაციით, აბრამიანმა დოპინგ-ტესტი ჩააგდო - მას ორგანიზმში აკრძალული პრეპარატები აღმოუჩინეს.

ინციდენტს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აბრამიანი ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან მოხსნილია, ხოლო მის შემდგომ სპორტულ კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებს, შესაბამისი სპორტული ორგანიზაციები, მოგვიანებით განიხილავენ:

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრს, მძლეოსან ბენიკ აბრამიანს, შეჯიბრების წინ ჩატარებული დოპინგ ტესტის შედეგად აღმოუჩინეს აკრძალული პრეპარატის კვალი.

დადგენილი წესის შესაბამისად, აბრამიანი მოხსნილია ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან.
მის შემდგომ სპორტულ კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებს მოგვიანებით განიხილავენ შესაბამისი სპორტული ორგანიზაციები.

აქვე გაცნობებთ, რომ ტოკიოში გამომგზავრებამდე უკლებლივ ყველა ლიცენზიანტმა სპორტსმენმა, მათ შორის ბენიკ აბრამიანმა გაიარა დოპინგ-კონტროლი",-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ტოკიოს ოლიმპიადაზე ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც სპორტსმენმა დოპინგ-ტესტის ჩაგდების გამო დისკვალიფიკაცია მიიღო. 3 დღის წინ, ნიგერიელ მორბენალს, ბლესინგ ოკაგბარეს სისხლში აკრძალული პრეპარატები აღმოუჩინეს.

ცხელი ამბები