ამბავი 1904 წლიდან - საიდან იღებს სათავეს ოქროს მედლის კბილით გასინჯვის ისტორია
Aa Aa

ამბავი 1904 წლიდან - საიდან იღებს სათავეს ოქროს მედლის კბილით გასინჯვის ისტორია

პირველი ოლიმპიური თამაშების ჩატარების იდეა ჯერ კიდევ 127 წლის წინ, 1894 წელს, პიერ დე კუბერტენის მიერ წარმოიშვა და ფრთები 1896 წელს, ათენში შეესხა. ბუნებრივია, დროთა განმავლობაში ოლიმპიურმა თამაშებმა სახე იცვალა და დაიხვეწა. მაგალითისთვის, თავდაპირველად სულაც არ არსებობდა ოქროს მედლები, საუკეთესო შედეგის ჩვენებითვის სპორტსმენები ვერცხლის მედლით ჯილდოვდებოდნენ. მათ ასევე გადაეცემოდათ თასები, რაც იმ დროისთვის ღირებულ პრიზს წარმოადგენდა.

ამბავი 1904 წლიდან

ისტორიის მიხედვით, ამბავი ასეთია: 1920 წლიდან მედლებზე პალმის ტოტით ხელში, გამარჯვების ქალღმერთი, ნიკე გამოსახეს, 8 წლის შემდეგ ერთიანი სტანდარტი დამკვიდრდა, რომელსაც მკაცრად 1972 წლამდე იცავდნენ:  მედლის ავერსზე გამარჯვების ქალღმერთი გვირგვინით ხელში იყო გამოსახული, რევერსზე კი ამოტვიფრული  გულშემატკივრების მხრებზე შემჯდარი გამარჯვებული ათლეტი გახლდათ, რომელსაც სტადიონიდან საზეიმოდ აცილებენ. აღნიშნულ დიზაინზე ფლორენციელმა მხატვარმა, ჯუზეპე კასიოლიმ იმუშავა.

სამივე პრიზიორის მედლებით დაჯილდოების იდეა კიდევ უფრო ადრე, 1904 წელს, სენტ-ლუისის თამაშებზე გაჩნდა და დღემდე გრძელდება. საინტერესოა, რომ მყარი ოქროს მედლებით სპორტსმენები ბოლოს 1912 წელს, შვედეთის დედაქალაქ  სტოკჰოლმში მიმდინარე, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე დააჯილდოვეს.

ოქროს მედლით პირველი დაჯილდოვების შემდეგ, უამრავი წელი გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა უცვლელი ოქროს მედლის კბილით გასინჯვის ცერემონია დარჩა.

მსგავსი ფოტო თუ ვიდეოკადრი, ოლიმპიადის ისტორიაში არაერთია. ამის მიზეზი სულ უბრალოა - სუფთა ოქრო რბილი და მოქნილი უნდა იყოს. თუ სპორტსმენის კბილების შეხების შემდეგ ის დეფორმირდა, ე.ი. ყველაფერი რიგზეა.

პირველი ოლიმპიური მედალი საქართველოს

ალავედის საკათედრო ტაძარში XV საუკუნის ფრესკაა წარმოდგენილი, სადაც ქართულ ჩოხაში გამოწყობილ მოჭიდავეებს ვხედავთ. ეს ნიშნავს, რომ მრავალი წლის წინაც, ჩვენს ქვეყანაში სპორტი მხოლოდ გასართობ სანახაობად არ აღიქმებოდა და საკუთარი, სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. ამიტომ, გასაკვირი სულაც არ არის, ჩვენმა ქვეყანამ ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედალი სწორედ თავისუფალ ჭიდაობაში რომ მოიპოვა. საქართველოს სპორტულ ისტორიაში დავით ციმაკურიძის სახელი ოქროს ასოებით წერია - ის პირველი მოჭიდავეა, რომელმაც საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე, ოქროს მედალი უსახსოვრა.

ეს ამბავი 1952 წელს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში მოხდა და საინტერესოდ დაიწყო: სადებიუტო თამაშებზე საჭირო იყო გამომსვლელების სწორად შერჩევა, რაც მთელ რიგ სირთულეებთან გახდა დაკავშირებული. მაშინ გადაწყდა, რომ მიუხედავად გამოუცდელობის, საქართველოს სახელით დავით ციმაკურიძეს უნდა ეასპარეზა. საწყის ბრძოლაში ის დამარცხდა, თუმცა დარჩენილ შეხვედრებში საუკეთესო შედეგია აჩვენა და ოქროს მედალი არავის დაუთმო.

მრავალი წლის შემდეგ, სპორტსმენის შთამომავლებმა გადაწყვეტილება მიიღეს და ისტორიული მედალი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს.

ფოტო: nationalgeographic

დავით ციმაკურიძის გარდა, მაშინდელ საბჭოურ დელეგაციაში საქართველოს 14 წარმომადგენელი შედიოდა, საბოლოო ჯამში კი, 9 მათგანმა მედალი მოიპოვა. 

ოლიმპიური მედლების ღირებულება და წონა

ოლიმპიური თამაშების ორგანიზებაში უამრავი დეტალი შეიცვალა. შეიცვალა ოქროს მედლის წონადობაც. რეალურად, ოქროს მედლები ვერცხლნარევია, ვერცხლის მედლები - სუფთა ვერცხლი, ხოლო ბრინჯაოს მედლები სპილენძსა და თუთიას შეიცავს.

ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი, 6 გრამი სუფთა ოქროს გარდა, 494 გრამ ვერცხლს შეიცავს, ხოლო ბრინჯაოს მედალი 95% სპილენძია, 5% კი - თუთია.

ოლიმპიური ოქროს მედალის ღირებულება დაახლოებოთ 815 დოლარია, ვერცხლის მედლის ღირებულება კი -445 დოლარს შეადგენს.

ტოკიო 2020-ის მედლები

ბოლო ოლიმპიადის მედლების ვიზუალზე 400-მა დიზაინერმა იმუშავა, სამუშაო პროცესში ჩართულნი იყვნენ სტუდენტებიც.

 

საინტერესოა, რომ იაპონიამ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში 5 000 მედალი 78 985 ტონა გადამუშავებული ელექტრონული მოწყობილობებიდან შექმნა, რისთვისაც ციფრული კამერები, ლეპტოპები და 6 მილიონზე მეტი მობილური ტელეფონი გამოიყენა.

გაზიარება: