„კარგი ნაცნობის სანახავად გავიდნენ
Aa
Aa

„კარგი ნაცნობის სანახავად გავიდნენ" - ქართული მხარის განმარტება ძიუდოისტების სასჯელზე

ოლიმპიური თამაშების მასპინძელი იაპონიის დედაქალაქი ტოკიოა, სადაც ქართველ გულშემატკივარს საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენების ხილვაც შეუძლია.

ამ ეტაპზე, ქართული დელეგაციის ანგარიშზე 5 მედალია: მათ შორის 1 ოქრო (ლაშა ბექაური), 3 ვერცხლი (ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი) და 1 ბრინჯაო (ანტონ პლესნოი). აღსანიშნავია, რომ საქართველო მედალს ხვალაც მოიპოვებს - დღეს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 130-კილოგრამ წონით კატეგორიაში, იაკობ ქაჯაიამ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, გადამწყვეტი შეხვედრა კი ხვალისთვის ჩაინიშნა.

რა მოხდა ტოკიოში?

რამდენიმე დღის წინ, იაპონურმა მედიამ დაწერა, რომ ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ლაშა შავდათუაშვილსა და ვაჟა მარგველაშვილს აკრედიტაცია ჩამოართვა, რადგან ძიუდოისტებმა ოლიმპიური სოფელი თვითნებურად დატოვეს და ქალაქის დათვალიერება გადაწყვიტეს, რის გამოც, ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ქართველი სპორტსმენები დასაჯა.

გამოცემების მტკიცებით,  ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა კოვიდრეგულაცია დაარღვიეს. ქართველი სპორტსმენები ტოკიოში, ტელეანძასთან დააფიქსირეს. ფოტოში ვეტერანი სუმოისტი გაგამარუცაა აღბეჭდილი, რომელიც ქართულ დელეგაციას ტოკიოში დახვდა.

მათ ფოტო ერთ-ერთმა თვითმხილველმა გადაუღო. 

მოგეხსენებათ, სპორტსმენებს ოლიმპიური სოფელის დატოვების უფლება არ აქვთ, თუმცა მარგველაშვილმა და შავდათუაშვილმა ეს წესი დაარღვიეს - წერდა ადგილობრივი მედია.

ამ ფაქტთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებმა ოლიმპიური კომიტეტის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებს ჰკითხეს. მათი პასუხის შინაარსი იყო ის, რომ კომიტეტი აღნიშნულ ფაქტს სწავლობდა, შემდეგ კი სპორტსმენების დასჯა გადაწყდა.

რა განმარტება გააკეთა ქართულმა მხარემ?

მოგვიანებით, ინციდენტთან დაკავშირებით ქართული მხარის კომენტარი პოპულარულ Theguardian-ზე გამოჩნდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სპორტსმენები „ერთი კარგი ნაცნობის" მოსანახულებლად" გავიდნენ და რომ მათ „სუფთა ჰაერზე" გავლა სურდთა, რადგან სპორტსმენებისთვის არსებული რეჟიმი მძიმეა.

„როდესაც ისინი ოლიმპიურ სოფელს ტოვებდნენ არავის შეუჩერებია, ამიტომ იფიქრეს, რომ გარეთ გასვლა შეეძლოთ.  მათ რთული დღის და კარანტინის შემდეგ, სუფთა ჰაერზე გასვლა და ცოტა განტვირთვა სურდათ", - წერს Theguardian.

როგორია სასჯელი?

წესების დარღვების გამო, სასჯელი აკრედიტაციის ჩამორთმევას ითვალისწინებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ოლიმპიურ თამაშებს უკვე ტოვებდა, რადგან ტოკიო 2020-ზე არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, ასპარეზობის დასრულებიდან 48 საათის განმავლობაში სპორტსმენმა ქვეყანა უნდა დატოვოს.

ძიუდოისტების ისტორიული შედეგი ტოკიო 2020-ზე

საინტერესოა, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობა 4 მედლით დაასრულა, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

იაპონიის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ 7 წონითი კატეგორიიდან ექვსში ქართველმა ძიუდოისტებმა ნახევარფინალში იჭიდავეს, ხოლო ერთი ძიუდოისტი მეშვიდე ადგილზე გავიდა. ასევე, ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთე ადგილზე გავიდა ქართველი ქალი ძიუდოისტი.

საქართველოს შემადგენლობა ოლიმპიურ თამაშებზე

 ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა), ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი), გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97კგ), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, 130კგ), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი) გოგიტა არქანია (კარატე) , შოთა მიშველიძე (ძალოსნობა ,61 კგ) , გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა, 67 კგ), ანტონ პლესნოი (ძალოსნობა, 96 კგ), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა , +109 კგ) , ესკერხან მადიევი (კრივი, 69 კგ), გიორგი ხარაბაძე (კრივი, 75 კგ.) სახილ ალახვერდოვი (კრივი, 52 კგ.), ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი), მარიამ იმნაძე (ცურვა) , ირაკლი რევიშვილი (ცურვა), სალომე ფაჟავა (ტანვარჯიში), ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო), ლაშა ბექაური (ძიუდო), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), გურამ თუშიშვილი (ძიუდო), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (ძიუდო), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო), სოფიკო შათირიშვილი (ბირთვის კვრა) , ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა), ბენიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა).

შეგახსენებთ, რომ ტოკიოში ასპარეზობები 23 ივლისს დაიწყო და  8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. პანდემიის გამო, ერთი წლით გადადებულ ოლიმპიურ თამაშებში, მონაწილეობას სულ 205 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი 1 000 000 ლარით დაჯილდოვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები