"შეცდომა იყო, უნდა გავსულიყავი" - კეპა ცნობილ ინციდენტზე
2019 წლის ინგლისის ლიგის თასში „ჩელსი“ „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდა. გამარჯვებული „ქალაქელები“ გამოვიდნენ, თუმცა ამაზე საინტერესო მატჩის მიმდინარეობისას მოხდა.
„არისტოკრატების“ იმ დროინდელ დამრიგებელს მაურიციო სარის მინდვრიდან კეპას გაყვანა სურდა და მის ნაცვლად კაბალეროს გამოყვანა. ესპანელმა მეკარემ სტადიონის დატოვებაზე უარი განაცხადა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
2-წლიანი დუმილის შემდეგ, კეპამ მომხდარზე ისაუბრა და ყველაფერს ნათელი მოჰფინა.
რა თქვა კეპამ?
„დამატებით 30 წუთში „მანჩესტერ სიტი“ დომინირებდა. ბურთის მოგერიების შემდეგ ფეხში ტკივილი ვიგრძენი და ექიმს დავუძახე, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ საგანგაშო არაფერი ხდებოდა.
იმ მომენტში დავინახე, რომ სარიმ კაბალერო გასახურებლად იხმო. ის ფიქრობდა, რომ მე თამაშის გაგრძელება არ შემეძლო. რეალურად ისეთი პრობლემა არ მქონდა, რომ თამაში ვერ გამეგრძელებინა.
ვცადე სარისთვის მენიშნებინა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და ტრავმა არ მქონდა. ჩვენ უემბლიზე 80 000 გულშემატკივრის წინაშე ვიყავით და რა თქმა უნდა, მაურიციომ ჩემი ნათქვამი ვერ გაიგო. როდესაც მეოთხე მსაჯმა ტაბლო გაანათა და ჩემი შეცვლა გამოაცხადა მინდვრიდან არ გავედი. სამწუხაროდ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი.
შევცდი, ისე გამოვიდა, რომ სარი, კაბალერო, თანაგუნდელები და ყველა ვინც იმ ეპიზოდში მონაწილეობდა შევარცხვინე. სტადიონზე ისეთი სტვენა და ხმაური გაისმა, რომ დღემდე ყურში ჩამესმის.
მატჩის დასრულების შემდეგ ტელეფონი ავიღე და ვნახე, რომ მსოფლიოს ყველა სპორტული გამოცემა ჩემზე წერდა. ეს ყველაფერი 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და არ ჩერდებოდა. ეს დაუსრულებელ ტანჯვას ჰგავდა.“
კეპა „ჩელსიში“
ახალგაზრდა კარის დარაჯი ლონდონურ კლუბს 2018 წელს „ბილბაოდან“ 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. თავდაპირველად ის ძირითადი შემადგენლობის წევრად განიხილებოდა, თუმცა მისი არადამაჯერებელი თამაშის გამო ხშირად კაბალეროს ვხედავდით მოედანზე.
ზემოთხსენებული ფაქტის შემდეგ კი კეპა ლონდონში დიდად გულზე აღარ ეხატებათ. მენდის გადმოსვლის შემდეგ კი არისაბალაგა სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელად იქცა. 2018 წლიდან დღემდე 26 წლის მეკარემ „ჩელსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 109-ჯერ მოირგო.