Aa Aa

"ფიგუ თასმის შეკვრისასაც ღელავდა" - არანორმალური ტრიუმფი რეჰაგელის ბერძნული მაგიით

„ჩემმა ბიჭებმა ფეხბურთის ისტორია დაწერეს! ეს სენსაციაა“, - ამბობდა საბერძნეთის ნაკრების გერმანელი მწვრთნელი ოტო რეჰაგელი. „ამ სპორტში სიურპრიზები ყოველთვისაა, ამჯერად ეს სიურპრიზები ჩვენ ვართ“, - და, მართლაც, რა სიურპრიზები იყვნენ!

„გალანოლეფკი“ ევროპის ჩემპიონატზე პირველად 1980 წელს გავიდა და ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 1 ფრე ჩაიწერა აქტივში, ევროპირველობაზე მეორე გამოჩენა კი სწორედ 2004 წელს იყო. ასეთი ფურორი სანაკრებო ფეხბურთში ცოტას თუ მოუხდენია. ერთ ტურნირზე გახსნით მატჩში - მასპინძელი, 1/4 ფინალში - მოქმედი ჩემპიონი, სხვადასხვა ეტაპზე - რამდენიმე მაგარი გუნდი და ბოლოს - ფინალში მასპინძელი კიდევ ერთხელ დაამარცხო, უბრალოდ აღმაფრთოვანებელია! არა, ეს ნამდვილად უნიკალურზე უნიკალური თავგადასავალია.

ბევრის აზრით, საბერძნეთის ნაკრების თამაში კარგი ფეხბურთის ანტითეზისი იყო. პირველი მატჩიდან ფინალამდე ბრიტანული გამოცემა Telegraph-ი ბერძენთა ასპარეზობას დაახლოებით ასე აღწერდა - „ლამაზი თამაშის მოყვარულებს სატირლად აქვთ საქმე“.

ბევრისთვის ნეგატიური და დაცვითი გუნდი ტურნირზე გზას მიიკვლევდა და ევროპას აოცებდა. ეს იყო ანტი-ფეხბურთის ტრიუმფი, ყოველ შემთხვევაში, საკითხი, ერთი შეხედვით, ასე ჩანდა. თუმცა, არავის წარმოედგინა, რომ ეს უდიდესი ტაქტიკური ჩანაფიქრებისა და გუნდურობის გამარჯვება შეიძლებოდა ყოფილიყო. „გალანოლეფკიმ“ თითოეული მეტოქე დაშალა და გასაოცარ წარმატებას მიაღწია.

2004 წლამდე საბერძნეთის ნაკრებს დიდ სანაკრებო ფორუმებზე 2-ჯერ ეთამაშა. 1980 წლის ევროპის ჩემპიონატსა და 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯამში გამართული 6 მატჩიდან გუნდმა 5 წააგო და 1 ფრედ ითამაშა. „ევრო 2004“-ზე ოტო რეჰაგელის ბიჭები ურთულეს ჯგუფში მოხვდნენ, ამიტომ ქვეყანაში ფიქრობდნენ, რომ კარგი იქნებოდა, თუკი მათი ნაკრები „ევრო 1980“-ზე ნაჩვენებ შედეგს გააუმჯობესებდა და 1 ქულაზე მეტს მოაგროვებდა, მეტის მოლოდინი არც გამოდიოდა... ჯგუფში მეტოქეები მასპინძელი პორტუგალია, ესპანეთის საკმაოდ ამბიციური ნაკრები და რუსეთი იყვნენ.

რეჰაგელმა სახელი ბუნდესლიგაში მუშაობით გაითქვა და მის ნიშად ტაქტიკურად გამართული, კარგად ორგანიზებული ფეხბურთი ითვლებოდა, რასაც დაცვასა და კონტრშეტევებზე მომართული სისტემა ემატებოდა, უმნიშვნელოვანესი როლი ჰქონდა მაღალ ბურთებსა და სტანდარტულ მდგომარეობებს. შეტევის წინა ხაზზე ფიზიკურად ძლიერი და თავით კარგად მოთამაშე 2 ფორვარდი მოქმედებდა, მათგან ერთ-ერთი აუცილებლად ანგელოს ხარისტეასი იყო, რომელმაც პორტუგალიაში გამართულ ტურნირზე რამდენიმე ჰეროიკული გოლი შეაგდო.

ნაკრები, რომელიც ძალისმიერ თამაშზე იყო აწყობილი, ტექნიკური კუთხით და წმინდა საფეხბურთო ასპექტებით უძლიერესი ნამდვილად არ იყო, სამაგიეროდ, მისი პლუსი „გერმანული“ სათამაშო დისციპლინა, ტაქტიკური განსწავლულობა და გუნდურობა გახლდათ.

რამდენიმე სოლიდური მცველი და ნახევარმცველი გუნდს სიმყარეს სძენდა და მას პრაგმატულად აქცევდა, ასეთი კონტიგენტით ღია სათამაშო სტილი უბრალოდ თვითმკვლელობად უნდა ჩათვლილიყო.

„გალანოლეფკის“ ერთ-ერთი მახასიათებელი უკანა ხაზში ერთი-ერთზე მეურვეობა იყო, ამას 2 ან 3 ფეხბურთელი აკეთებდა და მეტოქის გამორჩეულ მოთამაშეს ან მოთამაშეებს მოქმედების არეალს უზღუდავდა.

ბერძნებმა ტურნირის გახსნითი მატჩი პორტუში, „დრაგაოზე“, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარეს და ნამდვილი ფურორი მოახდინეს. მაშინ „ინტერში“ მოასპარეზე გეორგიოს კარაგუნისმა სტარტზევე გაიტანა, რასაც მეორე ტაიმის დასაწყისში ანგელოს ბასინასის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტი მოჰყვა. ერთადერთი, რაც პირენეელებმა შეძლეს - კრიშტიანუ რონალდუსთვის ევროპის ჩემპიონატებზე გატანილი სადებიუტო გოლი იყო - 2:1.


გიორგიოს კარაგუნისი პორტუგალიასთან გახსნითი მატჩის შემდეგ: „საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ ადგილზე გავედით ჯგუფში, რომელშიც ესპანეთიც ასპარეზობდა. ასე რომ, ჩვენი ნაკრები ფინალურ ეტაპზე სრულიად დამსახურებულად მოხვდა და ახლა გვსურს, ყოველი მატჩით სიამოვნება მივიღოთ. დღეს ჩვენთვის პირველი ფინალი იყო და ნამდვილი ფიესტა გამოვიდა! საბერძნეთის ნაკრები აუტსაიდერი არაა - ევროპის ჩემპიონატზე 15-მატჩიანი დაუმარცხებელი სერიით გასვლა სახუმარო ამბავი ვერ იქნება.“

ანტონიოს ნიკოპოლიდისი პორტუგალიასთან გახსნითი მატჩის შემდეგ: „როცა პორტუგალიაში ჩამოვედით, ვთქვით - „ბიჭებო, მოდით, დიდ ტურნირებზე საბერძნეთის ნაკრებს პირველი გამარჯვება მოვუტანოთ და საკუთარ თავებს სიამოვნება მივანიჭოთ.“ ჩვენმა ნაკრებმა „ევრო 1980“-სა და მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატზე ითამაშა, მაგრამ მატჩი არ მოუგია.“

მეორე ტურში კიდევ ერთ ფავორიტ ესპანეთის ნაკრებთან რეჰაგელის ბიჭები მორიენტესის გოლის გამო ჩამორჩნენ, თუმცა 66-ე წუთზე ანგელოს ხარისტეასმა ტურნირზე პირადი ანგარიში გახსნა და „გალანოლეფკიმ“, როგორც აღმოჩნდა, პლეი-ოფში გამსვლელი ქულა მოიპოვა. ბოლო ტურში რუსეთთან წაგებამ არაფერი შეცვალა, რეჰაგელის გუნდმა იმავე ესპანეთს მეტი გატანილი გოლის გამო აჯობა და 1/4 ფინალში მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთზე გავიდა.

ჯგუფში ესპანეთი ჩარჩა, საბერძნეთი კი საუკეთესო 8 გუნდში გავიდა და თითქოს ბერძენთა ზღაპარიც მალე დასრულდებოდა, მაგრამ თურმე ყველაფერი მხოლოდ იწყებოდა.

ჟაკ სანტინის საფრანგეთის ვარსკვლავური ნაკრები ულაპარაკო ფავორიტად ითვლებოდა, ტიერი ანრის, ზინედინ ზიდანსა და კომპანიას, წესით, მძიმე საბერძნეთის დამარცხება არ უნდა გასჭირვებოდათ.

ბერძნებმა დაცვაში ჩვეულად ბრწყინვალედ ითამაშეს, გაძლეს, შანსს დაელოდნენ და აი ისიც... 65-ე წუთზე, შეტევის მარჯვენა ფლანგზე აღმოჩენილმა კაპიტანმა, თეოდორას ზაგორასკისმა ბიქსენტ ლიზარაზუ ბურთის თავზე გადატარებით გააბითურა და ხარისტეასს სათავურედ უზუსტესად ჩაუწოდა, ეს კი, ბერძენთა „ცხრიანის“ ალღოსა და თვისებების გათვალისწინებით, გოლს ნიშნავდა, ფაბიენ ბარტეზი რას გააწყობდა?! ოტო რეჰაგელის გუნდი სიზმარში ცხოვრებას აგრძელებდა და ამ სიზმარს უკვე 1/2 ფინალი ერქვა.


გიორგიოს კარაგუნისი საფრანგეთთან 1/4 ფინალური მატჩის შემდეგ: „საბერძნეთის ნაკრების ისტორიაში უდიდესი გამარჯვება! ჩვენ დავამარცხეთ ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონი და ერთ-ერთი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული. შესაძლოა, ეს თაობა, საფრანგეთის ისტორიაში საუკეთესოც იყოს. მათთან თამაშისას დავრწმუნდით, რომ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია.“

ანგელოს ხარისტეასი საფრანგეთთან 1/4 ფინალური მატჩის შემდეგ: „ოტო რეჰაგელმა იცოდა, კონკრეტული მატჩის წინ ჩვენთვის დაძაბულობა როგორ მოეხსნა. არა მხოლოდ ეს, იგი ჩვენს ამ დაძაბულობას გუნდურ ერთიანობად გარდაქმნიდა. ვფიქრობ, სწორედ ამ ნიჭის გამო არის იგი ასეთი წარმატებული მწვრთნელი.“

ჩეხეთის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი იყო, შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობდა და ბრწყინვალე ფორმაში გახლდათ. სახელებს კი ქვემოთ მოცემული ვიდეომიმოხილვის დასაწყისშიც შეხედავთ, როცა ჩეხების თერთმეტეული გამოვა ეკრანზე. კარელ ბრიუკნერის ბიჭებმა ჯგუფში სამივე მატჩი გამარჯვებით დაასრულეს. მათ შორის - ნიდერლანდებს (მაშინ ჰოლანდია იყო და, ჩემი აზრით, ეგ სახელი უფრო უხდებოდათ) 0:2-დან მოუგეს, ბოლო ტურში კი თავად შემდეგ ეტაპზე გასულებმა მოტივირებულ გერმანიას თამაში 0:1-დან დაუტრიალეს და ჯგუფში ჩატოვეს.

ნახევარფინალური მატჩი ჩეხების სრული უპირატესობით წარიმართა და არაერთი მომენტი გაანიავეს, ფორტუნა აშკარად ბერძენთა მხარეს იყო, რაც 105-ე წუთზე საბოლოოდ დადასტურდა. „გალანოლეფკიმ“ კუთხურის ჩაწოდების უფლება მოიპოვა, მაღალი ბურთისთვის ბრძოლა „რომას“ ცენტრალურმა მცველმა, ტრაიანოს დელასმა მოიგო და „ვერცხლის გოლი“ გაიტანა. პირველი დამატებითი ტაიმის დასრულებამდე და ბერძნული სასწაულის გაგრძელებამდე წამები რჩებოდა. პიერლუიჯი კოლინამ ჩაისუნთქა და ჩასტვინა - ნახევარკუნძულზე ამოისუნთქეს, ელადა გადაირია!


გიორგიოს კარაგუნისი ჩეხეთთან 1/2 ფინალური მატჩის შემდეგ: „ჩეხეთის ნაკრები ტურნირს შესანიშნავ ფორმაში შეხვდა. მათ ნახევარფინალამდე ოთხივე მატჩი მოიგეს, რაც არც ერთ სხვა გუნდს გაუკეთებია. ისევ პორტუგალიასთან შეხვედრა, როგორც ეს სასტუმროს მენეჯერმა ივარაუდა. ბიჭები მაშინ ვამბობდით, რომ ის კაცი გიჟი იყო.“

ანტონიოს ნიკოპოლიდისი ჩეხეთთან 1/2 ფინალური მატჩის შემდეგ: „როცა მატჩი დაიწყო, საკუთარ თავს ვუთხარი - „იცი რა? ჩვენ შეგვიძლია, კარი მშრალად შევინახოთ.“ თუმცა იმასაც კარგად ვაცნობიერებდი, რომ გოლის გატანა გაგვიჭირდებოდა. ჩვენი მთავარი იარაღი სტანდარტული მდგომარეობები იყო, ჩეხებს კი ამ ტურნირზე სტანდარტულებიდან გოლი არ ჰქონდათ გაშვებული. აბა, მაშინ, როგორ უნდა გაგვეტანა?

დამატებით დროში მათ თავიანთი დინამიკური სტილი დაკარგეს, თავდაჯერებაც თანდათან აკლდებოდათ და ნერვიულობდნენ. ჩვენ დასაკარგი არაფერი გვქონდა, სრული ძალებით ვთამაშობდით. სტელიოს იანაკოპულოსისა და ვასილის ციარტასის შემოსვლამ ჩვენს შეტევებს ახალი სიცოცხლე შესძინა. ვასილისმა კუთხური მოიპოვა, ტრაიანოს დელასმა კი გოლი შეაგდო და შემდეგ ეტაპზე გავედით.“

საბერძნეთი ფინალშია, საბერძნეთი სიგიჟეებს აკეთებს და კიდევ ერთი სიგიჟე წინ იყო. ძალიან რთულია, ერთ ტურნირზე ერთ გუნდს ორჯერ მოუგო, მაგრამ უფრო რთულია, ეს მასპინძლებისა და შენზე გაცილებით მაღალი კლასის ფეხბურთელების წინააღმდეგ გააკეთო.

პორტუგალიელებმა ბერძენთა საჯარიმოს ალყა შემოარტყეს და თითქმის მთელი მატჩი ასე გაგრძელდა, გოლი არ გადიოდა. არ გადიოდა 57-ე წუთამდე, თუმცა ეს ის გოლი არ იყო, რომელსაც „და ლუჟის“ ტრიბუნები ელოდა. რეჰაგელის ბიჭებმა ჩვეული კომბინაცია გაითამაშეს, ბასინასმა კუთხური ჩააწოდა, მეკარე რიკარდო გამოსვლაზე შეცდა, ხარისტეასმა კი, რა თქმა უნდა, ყველას აჯობა - 1:0. ლისაბონის ცაზე ბერძენმა ღმერთებმა საჩემპიონო ნადიმისთვის მზადება დაიწყეს.

პორტუგალიამ ბოლომდე გარისკა და ისედაც უმწვავესი შეტევები, კიდევ უფრო ბასრი გახდა, თუმცა დელასი, კაცურანისი, მეკარე ნიკოპოლიდისი და მათი თანაგუნდელები საოცრებებს აკეთებდნენ. არ არსებობდა სიტუაცია, რომელშიც ისინი უკან დაიხევდნენ, ვარდნა, ნახტომი, თავით ბლოკი, ყველაფრით ბლოკი, მოკლედ - პორტუგალია ყველანაირად დაიბლოკა. დაიბლოკა და ატირდა. ატირდა ისიც, ვინც, 12 წლის შემდეგ ნაკრებს ამავე ტურნირზე ტიტულისკენ გაუძღვა.


ანტონიოს ნიკოპოლიდისი პორტუგალიასთან ფინალური მატჩის შემდეგ: „პორტუგალიელებს ჩვენზე გაცილებით დიდი წნეხი ჰქონდათ. ამის დანახვა მათ სახეებზეც შეგეძლოთ, მძიმედ სუნთქავდნენ. ერთ მომენტში, შევამჩნიე, ლუიშ ფიგუ თასმის შეკვრისას როგორ ღელავდა. შევეცადეთ, ეს გამოგვეყენებინა.

ეს მღელვარება გაშვებული გოლის შემდეგ სრულად მოეხსნათ და მაგრად შემოგვიტიეს, განსაკუთრებით ბოლო 20 წუთში. თუმცა, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით, რადგან ასეთ თავდაცვაზე ბევრს გვავარჯიშებდნენ. ეს გამოწვევა მივიღეთ და ერთობლივად გავუმკლავდით.

მატჩის დასრულების შემდეგ შედეგს ვერ ვიჯერებდი. ეს იყო მომენტი, რომელზეც შეიძლება ადამიანმა უბრალოდ იოცნებოს. მსგავსი საოცრება დანიამ 1992 წელს მოახდინა, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენი წარმატება კიდევ უფრო დიდი მასშტაბებისაა.“

ანგელოს ხარისტეასი პორტუგალიასთან ფინალური მატჩის შემდეგ: „არის ზოგი ოცნება, რომელიც გაქვს, მაგრამ მასზე არასდროს ლაპარაკობ. პირველი საფეხბურთო მატჩი, რომელსაც ვუყურე, 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი იყო. ვან ბასტენი და სხვები მაგრად თამაშობდნენ და იმ დღიდან ვოცნებობდი, რომ ამ ტურნირის ფინალში ოდესმე მეც გამეტანა. 57-ე წუთზე ამ ოცნებას ხელით შევეხე და გავაცნობიერე, რომ ეს ნამდვილად ჩემს თავს ხდებოდა."

„საუკუნის ტაქტიკური მიღწევა! დაამარცხო მოქმედი ჩემპიონი და 2-ჯერ მასპინძელი, ერთი და იგივე სტილით და ერთი და იგივე მეთოდებით, შეუძლებელია, შემთხვევითობა იყოს. ეს მხოლოდ შეიძლება მოხდეს დიდი ტაქტიკური სიბრძნისა და ამ ტაქტიკის მაქსიმალურად სწორად გამოყენებით, თითოეული ნაბიჯის ძალიან ფაქიზად და ფრთხილად გადადგმით“, - ამბობს ცნობილი ინგლისელი სპორტული ჟურნალისტი, მაიკლ კოქსი.

ძნელია კოქსს არ დაეთანხმო, რადგან თუნდაც ის ფაქტი, რომ „გალანოლეფკიმ“ პლეი-ოფის სამივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით 1:0 მოიგო და სამივეში გოლი თავით გაიტანა, შეუძლებელია, გეგმასა და ჩანაფიქრზე არ მიუთითებდეს. ნახევარფინალში - დელასის და ფინალში ხარისტეასის მიერ გატანილი გოლები ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა, ეს ვაშლი კი გენიოსმა გერმანელმა ვარჯიშებზე შეათამაშა ხელში.

შიშველი ჩემპიონები გასახდელში - რა ხდებოდა ფინალის შემდეგ და სამშობლოში

პორტუგალიასთან გახსნითი მატჩის შემდეგ ბერძენ ფეხბურთელებს ღამეები არ ეძინათ. ჯერ კიდევ ადრენალინით გაჟღენთილები ვარსკვლავებიან მასპინძელ გუნდთან ჰეროიკულ მატჩს უყურებდნენ და ერთ-ერთი ბერძნული რადიოს საიმმატჩო გიჟურ ემოციებს ისმენდნენ - ბიჭებს მოტივაცია უმაღლდებოდათ. ეს მთელი ტურნირის განმავლობაში გრძელდებოდა.

ფინალის შემდეგ გასახდელში ყველა ტრუსებში ვიყავით, ერთმანეთს შამპანურს ვასხამდით და მსგავი სიგიჟეები. ამ დროს გვითხრეს, რომ კართან პრემიერ-მინისტრი, კონსტანტინოს კარამანლისი და მისი მეუღლე იყვნენ. ნახევარი გუნდი შიშველი ვიყავით, მეორე ნახევარი კი რაღაცების ჩაცმას ცდილობდა", - იხსენებს ხარისტეასი.

ერთი თვის განმავლობაში საკუთარ სამყაროში ვცხოვრობდით, იმ დროს სოციალური ქსელები არ არსებობდა. შესაბამისად, როცა სამშობლოში დავბრუნდით, ჩვენთვის რაღაც ახალი ხდებოდა. სადაც მივდიოდით, ყველგან უამრავი ხალხი ჩნდებოდა", - ამბობს კარაგუნისი.

უნიკალური ქვეყნის უნიკალური სიყვარულისა და თავდადების გამო ხარისტეასი, კარაგუნისი, ზაგორაკისი, დელასი და მათი მეგობრები, საბერძნეთის სპორტულ ღმერთებს შორის სამუდამო ადგილს იკავებენ. რეჰაგელს კი აქაც თავისი ადგილი აქვს, ის სხვაგან, ცალკე და ყველაზე მაღლაა. 

Sports Illustrated-ის გენიალურ სათაურს - "ძველ საბერძნეთს 12 ღმერთი ჰყავდა, თანამედროვეს კი - 11", ანგელოს ხარისტეასის კომენტარი, ალბათ, ყველაზე მაგრად ასახავს: "იმ ტურნირიდან უკვე 15 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ყოველდღე 10-დან 20-მდე ადამიანთან მაინც მიწევს ამ თემაზე საუბარი. მაგალითად, სადმე თუ ყავის დასალევად დავჯდები, აუცილებლად გაჩნდება ვინმე და მეტყვის: „ანგელოს, მახსოვს 2004 წლის 4 ივლისი."

გაზიარება: