„გადაყვანილია ხელოვნურ სუნთქვაზე" - რაგბის კავშირი ლევან მაისაშვილის მდგომარეობაზე
უცხოური მედიის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ლევან მაისაშვილი იოჰანესბურგის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა, საწყის ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მდგომარეობა კრიტიკული იყო, შემდეგ კი სტაბილურად მძიმე გახდა.
მოგვიანებით, ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის ჯანმრთელობის შესახებ განცხადება საქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა და დაწერა, რომ აღნიშნულ ინფორმაციას რაგბის კავშირი ლევან მაისაშვილის ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე არ ავრცელებდა:
„ძვირფასო გულშემატკივრებო, გვინდა დავადასტუროთ გავრცელებული ინფორმაცია ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მას სამხრეთ აფრიკაში კოვიდ-19 დაუდგინდა, რის გამოც საქართველოში ნაკრებთან ერთად არ დაბრუნდა.
ამ ეტაპზე ის სავაადმყოფოში იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. აღენიშნება ფილტვების დაზიანება და გადაყვანილია ხელოვნურ სუნთქვაზე. მის მკურნალობაში ჩართულია, როგორც ქართული, ასევე სამხრეთ აფრიკული მხარე – ადგილზე იმყოფება გუნდის მთავარი ექიმი, ნუცა შამათავა. ყველაფერი კეთდება, რომ უახლოეს დღეებში ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
გაცნობებთ, რომ ამ ინფორმაციას ჩვენ ლევან მაისაშვილის ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვავრცელებდით.
ვუსურვებთ ლევანს მალე გამოჯანმრთელებას.
სიახლეებს მისი მდგომარეობის შესახებ რეგულარულად მოგაწვდით".
მოგეხსენებათ, კორონავირუსით ინფიცირების გამო, 9 ივლისს დაგეგმილი სამხრეთ აფრიკა - საქართველოს მატჩი ჩაიშალა. ამავე მიზეზით 17 ივლისს, დინამო არენაზე საქართველო-შოტლანდიის დაპირისპირებაც არ შედგება.