"მედლების მოგების შანსი აქვთ" - IJF-ი ქართველ ძიუდოისტებზე
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები სტარტს 23 ივლისიდან აიღებს. საქართველოს დელეგაცია ტოკიოში 35 სპორტსმენით წარსდგება, რომელთაგან 9 ძიუდოისტი იქნება.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდმა, IJF.com-მა ძიუდოისტების გაცნობა და წარდგენა დაიწყო. ოფიციალურ ვებგვერდზე ჯერჯერობით მხოლოდ 60, 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტებზეა საუბარი.
აღსანიშნავია, რომ სამივე წონაში ქართველ ფალავნებს მედლის კანდიდატებად განიხილავენ.
ლუხუმ ჩხვიმიანი: „60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვების მთავარი კანდიდატები რუსეთიდან რობერტ მშვიდობაძე და იაპონელი ტაკატო ნაოშისა იქნებიან. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ლუხუმ ჩხვიმიანი, რომელიც 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონია. მან იაპონიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა გააოცა. მას აქვს ყველაფერი იმისთის, რომ მნიშვნელოვანი ბრძოლები მოიგოს. ქართველი ძიუდოისტი ამჟამად რეიტინგში მე-10 ადგილზე იმყოფება, მაგრამ 2 წლის წინანდელი ფორმის დაბრუნების შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ტოკიოში ოქროს მედალი მოიპოვოს.“
ვაჟა მარგველაშვილი: „66 კილოგრამ წონითი კატეგორიის ოქროს მედლის მთავარი კანდიდატი იტალიელი მანუელ ლომბარდოა. დღევანდელი გადმოსახედიდან, იტალიელს მთავარ ბრძოლას სამხრეთ კორეელი ან ბაული გაუწევს. ასევე მედლისთვის იბრძოლებს ვაჟა მარგველაშვილი. ქართველი ძიუდოისტი აღნიშნულ წონაში წლებია საუკეთესოთა ხუთეულშია. მან ბოლოს ოქროს მედალი 2018 წელს მოიპოვა, მაგრამ ამ პერიოდში სხვა და სხვა ტურნირების პრიზიორი სისტემატურად ხდებოდა.“
ლაშა შავდათუაშვილი: „შოჰეი ონო - 73 კილოგრამი წონითი კატეგორიის იაპონელი ტედი რინერი. მან ბოლოს 2013 წელს წააგო. ამ წონაში ონოს შემდეგ რუსტამ ორუჯოვი გვახსენდება, რომელიც აუცილებლად ოქროსთვის იბრძოლებს და რა თქმა უნდა, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი. უკომპლექსო - ასე შეიძლება დავახასიათოთ ქართველი ძიუდოისტი. ფსიქოლოგიურად ონოს დამარცხება მხოლოდ მას შეუძლია. ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს ბრწყინვალე კარიერაში მხოლოდ ონოსთან შესრულებული იპონი აკლია, რომელიც შესაძლოა, ყველაზე რთულიც აღმოჩნდეს.“
ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდო 24 ივლისს დაიწყება და 31 ივლისს დასრულდება. პირველ დღეს ტოკიოს ტატამზე საქართველოს სახელით ლუხუმ ჩხვიმიანი იასპარეზებს.