"ზიდანის სკოლა" - რუსული პრესა კვარაცხელიას აქებს
ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინმა“ ამხანაგური მატჩი „ურალის“ წინააღმდეგ გამართა და 3:1 გაიმარჯვა. გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი ქართველმა ფეხბურთელმაც შეიტანა.
მატჩის 57-ე წუთზე ხვიჩამ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა, წინ გაიჭრა, დესპოტოვიჩს შესანიშნავი პასი გაუკეთა და ანგარიში 2:1 გახდა. ყაზანელთა მხრიდან დესპოტოვიჩის გარდა გოლები ჰვანგმა და შატოვმა გაიტანეს.
საგოლე გადაცემის შესრულებამდე, პირველ ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიამ ულამაზესი ფინტით ერთბაშად ორი მოწინააღმდეგე მოატყუა. ამას კი დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
კვარაცხელიამ მინდორზე 65 წუთი დაჰყო და საკმაო აქტიურობითაც გამოირჩეოდა. შეგახსენებთ, რომ წინა ამხანაგურ მატჩში ხვიჩამ გოლი გაიტანა. დღეს კი მხოლოდ საგოლე გადაცემით გაამდიდრა საკუთარი სტატისტიკა.
ამ მატჩის შემდეგ, რუსული გამოცემა Sports.ru "ჯვაროსნების" შემტევს საქებარ სიტყვებს უძღვნის. მაგალითისთვის შეგვიძლია შემდეგი ფრაზები მოვიყვანოთ:
"ხვიჩას დიდებული ფინტი "რუბინისა" და "ურალის" ამხანაგურ მატჩში."
"ზიდანის სკოლა."
"ამ ფინტმა კვარაცხელიას ფასი რამდენიმე მილიონით გაზარდა."
"ზიდანი აუცილებლად დაუკრავდა ტაშს ეს მომენტი, რომ ენახა."
ცნობისთვის, რუსეთის პრემიერ ლიგა 24 ივლისს იწყება და „რუბინი“ პირველ ტურში საკუთარ კედლებში მოსკოვის „სპარტაკს“ უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.