ისტორიაში პირველად - FIBA-ს ქართველი კომისარი მსოფლიო ჩემპიონატზე იმუშავებს
Aa
Aa

ისტორიაში პირველად - FIBA-ს ქართველი კომისარი მსოფლიო ჩემპიონატზე იმუშავებს

მერაბ რატიშვილი FIBA-ს ერთადერთი ქართველი კომისარი და ტექნიკური დელეგატია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს მოემსახურება.

3-დან 11 ივლისის ჩათვლით, ლატვიის ქალაქებში – რიგასა და დაუგავპილსში, 19-წლამდე ნაკრებებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ჩატარდება.

მერაბ რატიშვილის პირველი კომენტარი

რასაკვირველია, პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, რადგან მსოფლიოში არსებული მოქმედი კომისრებიდან FIBA-მ ამ შეჯიბრების მომსახურება 4 პიროვნებას (ორს ევროპიდან, თითო – აფრიკიდან და ამერიკიდან) გვანდო. მიმდინარე სეზონში ოლიმპიური თამაშების შემდეგ მსოფლიოს 19-წლამდე ვაჟთა მსოფლიო ჩემპიონატი, ჩვენს პლანეტაზე რანგით ყველაზე დიდი ტურნირია. ეს არ არის მხოლოდ ჩემი დაფასება ან ნდობა, ეს აგრეთვე გახლავთ საქართველოს საკალათბურთო სამყაროს სოლიდურობის აღიარება.

შარშანდელი სეზონის პრაქტიკულად, გაუქმების შემდეგ (არ ჩატარდა მსოფლიოს 17-წლამდე ვაჟთა და ქალთა მსოფლიო ჩემპიონატები, კონტინენტური ასაკობრივი ჩემპიონატები, ევრობასკეტის ჩატარება ერთი წლით გადაიდო), FIBA-ს გადაწყვეტილებით გასული წლის ოქტომბრიდან ყველა ტურნირი ბაბლის პრინციპით ტარდება, რაც არ არის იდეალური, მაგრამ უკეთესი სისტემა დღეს არ არსებობს. პირველ ეტაპზე, რიგაში და დაუგავპილსში ცალ-ცალკე ბაბლები იქნება, 8-8 გუნდით, ხოლო ფინალური ეტაპზე ყველა, 16 გუნდი თავს რიგაში მოიყრის და ერთ ბაბლში იცხოვრებს. თავისთავად, 16 გუნდიან ბაბლს გაცილებით დიდი ყურადრება და კონტროლი  სჭირდება, ამიტომაც ჩემპიონატზე მომუშავე კომისრებს პირდაპირ გვაქვს დავალებული, რომ კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი საორგანიზაციო კომიტეტს, ტურნირზე აკრედიტებულ ექიმებს და კოვიდ-ოფიცრებს, რათა მოხდეს კოვიდ-პროტოკოლის სრული დაცვა და მინიმუმამდე მაინც შემცირდეს ვირუსის გადაცემის ან შიდა გავრცელების შესაძლო შემთხვევები. ვეთანხმები ამ სისტემას, რადგან პირველ რიგში მოთამაშეების (თანაც ახალგაზრდების), ისევე როგორც ჩემპიონატის დანარჩენი მონაწილეობის, ჯანმრთელობა არის უპირველესი პრიორიტეტი".

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა გახლავთ, როცა ქართველი არბიტრი ( ან კომისარი)  ასეთი რანგის ტურნირზე სამუშაოდ მიიწვიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები