1-ელ ივლისს ბრუკლინთან, 8-ში - ნიქსთან - NBA-ში მამუკელაშვილისადმი ინტერესი იზრდება
ჩიკაგოში, 21 ივნისიდან 27 ივნისამდე 2021 Microsoft Surface Draft combine მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას ქართველი კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილიც იღებს. „მამუ“ Draft Combine-ზე 69 პერსპექტიულ ახალგაზრდასთან ერთად მიიწვიეს და მათ G ლიგის რამდენიმე გამორჩეული მოთამაშე დაემატათ.
Draft Combine-ზე კალათბურთელებს NBA-ის გუნდების წარმომადგენლებთან ინტერვიუები ექნებათ, 5-5-ზე გამართულ მატჩებში მონაწილეობას მიიღებენ და სხვადასხვა ვარჯიშებს გაივლიან (სიძლიერე, სროლა, მოძრაობა). 25 ივნისს გამართულ პირველ შეხვედრაში, მამუკელაშვილმა 9 ქულა, 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა, მეორე მატჩში კი უფრო პროდუქტიული იყო და 12 ქულა, 8 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. „მამუმ“ 7-დან 3 ბურთი ჩააგდო, 2 სამქულიანი გააცუდა და 6-დან 6 საჯარიმო გამოიყენა.
აღსანიშნავია, რომ ამ კვირაში, მამუკელაშვილმა „დეტროიტ პისტონსთან“, „შარლოტ ჰორნეთსთან“, „იუტა ჯაზთან“ და „ოკლაჰომა სითი თანდერთან“ ივარჯიშა, სამომავლოდ კი NBA-ის კიდევ 8 გუნდში ელიან. 1-ელ ივლისს, „მამუ“ „ბრუკლინ ნეთსთან“ ივარჯიშებს, ხოლო 8 ივლისს - „ნიუ იორკ ნიქსთან“.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, აჩვენო როგორ გინდა, რომ NBA-ში მოხვდე, როგორ თავდაუზოგავად მუშაობ ამისთვის, როგორი კონკურენტუნარიანი კალათბურთელი და როგორი თანაგუნდელი ხარ. სეტონ ჰოლში ასპარეზობისას, მსოფლიოში საუკეთესო უკანახაზელების მხარდამხარ ვთამაშობდი და NBA-ში წასვლამდე რაღაც მხრივ ვხვდები, რა მელის. მინდა, დრაფტზე, რაც შეიძლება მაღლა ავიდე. ვფიქრობ, NBA-ში სოლიდური მოთამაშე ვიქნები და იმ გუნდს, რომელიც შანსს მომცემს, ძალიან გაუმართლებს.
ჩემი მიზანია, დომანტას საბონისის მსგავსად ვთამაშობდე. ევროპაში გავიზარდე და იქ არ აინტერესებთ რამდენად მაღალი ხარ. ისინი შესაძლებლობებზე უდიდეს ყურადღებას ამახვილებენ და კალათბურთს ყველას ერთნაირად ასწავლიან. ნიუ იორკს რაც შეეხება, აქ დავიბადე, პირველი მატჩი აქ გავმართე და დაბრუნებას მოუთმენლად ველი, თუმცა არასწორად არ გამიგოთ, მზად ვარ, NBA-ის ნებისმიერ გუნდში ვითამაშო“, - განაცხადა მამუკელაშვილმა.
ცნობისთვის, „მამუს“ კარგი პრესა აქვს და მან NBA-ის ანალიტიკოსებისგან ქებაც დაიმსახურა. უცხოური გამოცემები ვარაუდობენ, რომ სანდროს მეორე რაუნდში აირჩევენ და განვითარებულ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, დიდი ალბათობაა, რომ მამუკელაშვილი საუკეთესო 60 ახალგაზრდას შორის მოხვდეს.