''ფავრიმ მირჩია, არ დავუჯერე და კონტრაქტი მეორედ დავარღვიე'' - ახალაიას აღსარება
Aa Aa

''ფავრიმ მირჩია, არ დავუჯერე და კონტრაქტი მეორედ დავარღვიე'' - ახალაიას აღსარება

2002-05 წლებში თბილისის ''დინამოს'' ერთ-ერთი გამორჩეული სახე ლადო ახალაია იყო. უნივერსალი, ამპლუით ცენტრფორვარდი, უთამაშია გარემარბად ორივე ფლანგზე და მარჯვენა მცველად შუშაკის ფორმაციის ''დინამოში'', როცა კლუბმა მოსკოვში თანამეგობრობის თასი მოიგო (2004).

ლადო ახალაია - 2004-05 წლების სეზონში UEFA-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრილი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, რომლის აქტიურობამ კრაკოვის ''ვისლასთან'' გადამწყვეტი მატჩის დაძაბულ მომენტში ''დინამოს'' პენალტი მოუტანა და პოლონეთის ჩემპიონის ძლევით ''დინამომ'' დამოუკიდებელი საქართველოს ყველაზე დიდი საკლუბო წარმატება შექმნა. 

საკლუბო წარმატებებს თან ახლდა სანაკრებო გოლები. ევრო 2004-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების რიგებში ირლანდიას (2), ალბანეთსა (1) და რუსეთს (1) შეუგდო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან, რუსეთთან 86-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მოსკოვური შეხვედრა მასპინძელთა დრამატული გამარჯვებით დასრულდა (3:2).

მისი კარიერული რეგრესი 22 წლის ასაკში დაიწყო. მან ევროპული შანსი ვერ გამოიყენა, როცა ''დინამოდან'' იჯარით შვეიცარიულ ''ციურიხში'' გადავიდა. წარუმატებლობის მიზეზებზე ექს-ფეხბურთელი CrystalSport-თან ინტერვიუში გულწრფელად საუბრობს. აღიარებს, რომ სპორტული რეჟიმის დაცვა უჭირდა. მისთვის ასევე რთული აღმოჩნდა ოჯახიდან შორს შვეიცარიაში მარტო ცხოვრება და განსხვავებული მენტალიტეტის პიროვნებებთან მუშაობა.

ცნობილი შვეიცარიელი სპეციალისტი ლუსიენ ფავრი 2004-07 წლებში ''ციურიხის'' მთავარი მწვრთნელი იყო. 2005 წელს, როცა გუნდის ღირსებას ლადო ახალაია იცავდა, კლუბმა შვეიცარიის თასი მოიგო, თუმცა ეს პერიოდი ახალაიასთვის არ ასოცირდება პირად წარმატებასთან, საერთო ჯამში ფავრის ხელმძღვანელობით მხოლოდ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთადერთი გოლი ''შაფჰაუზენს'' შეუგდო.

''ციურიხში'' ახალაიას თანაგუნდელი რამდენიმე ცნობილი მოთამაშე იყო. კერძოდ, ''ვალენსიას'' ექს-ფორვარდი ადრიან ილიე (მეტსახელად ''კობრა''), ცნობილი რუმინელი მცველი იულიან ფილიპესკუ, 18 წლის ბლერიმ ჯემაილი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები ''ნაპოლიში'' გაატარა. ასევე, ბრაზილიელი რაფაელი, რომელიც ფავრის ფორმაციის ''გლადბახში'' ასპარეზობდა და გერმანიის ბუნდესლიგის ქომაგებისთვის კარგად ნაცნობი გარემარბია. 

თბილისის ''დინამოს'' ექს-ფორვარდი CrystalSport-თან ინტერვიუში ლუსიენ ფავრისთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს, როცა შვეიცარიელმა ქართველს ურჩია, რომ კლუბი არ დაეტოვებინა, კონტრაქტი მეორედ არ დაერღვია, რადგან ფავრი თვლიდა, რომ მას მაღალი დონის ფეხბურთის თამაში შეეძლო, თუმცა 23 წლის ახალაიამ მას არ დაუჯერა და ''ციურიხთან'' გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება მეორედ დაარღვია, კლუბი დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა.

იმ პერიოდში ფავრი ევროპული მასშტაბით ცნობილი სპეციალისტი არ იყო, თუმცა შემდგომში არაერთ ძლიერ კლუბში იმუშავა. კერძოდ, ბერლინის ''ჰერტაში'' (2007-09), ''გლადბახში'' (2011-15), ''ნიცასა'' (2016-18) და ''დორტმუნდში'' (2018-20).

ახალაიამ ვერ შეძლო ჯემაილისა და რაფაელის მსგავსად შვეიცარიული კლუბი ტრამპლინად გამოეყენებინა. აღიარებს, რომ უფრო მეტი მონდომება და შრომა იყო საჭირო, ახლა კი წლების შემდეგ, როცა ნათელია, რომ შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინა, თბილისის ''დინამოს'' აკადემიაში მწვრთნელად მუშაობს და ცდილობს ფეხბურთით შეყვარებულ ბავშვებს სწორი რჩევები მისცეს, რომ პროფესიასთან მიმართებით მსგავსი შეცდომები არ დაუშვან.

შეგახსენებთ, ფეხბურთელის შვილი, უმცროსი ლადო ახალაია მილანის ''ინტერის'' სარეზერვო გუნდის მოთამაშეა. 18 წლის ტალანტი ამპლუით ფორვარდია, მამის მსგავსად ორივე ფეხით კარგად თამაშობს, ტექნიკურია, მეორე სართულზე ძლიერია და ფორვარდისთვის საჭირო თვისებებით გამოირჩევა. მან იტალიურ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გასული წლის მიწურულს გააფორმა, ინიციატორი ანტონიო კონტე იყო.

გაზიარება: