ანალიზი: შამათი 3 პასში - პეპმა ახალი ველოსიპედი ვერ გამოიგონა
Aa Aa

ანალიზი: შამათი 3 პასში - პეპმა ახალი ველოსიპედი ვერ გამოიგონა

„ის ვისაც გადაფიქრება არ შეუძლია, ვერც ვერაფერს შეცვლის“, - ეს ცნობილი ფრაზა ირლანდიელ დრამატურგს ჯორჯ ბერნარდ შოუს ეკუთვნის.

ხანდახან რაღაცები უნდა დათმო, შენი შეხედულებები გადააფასო, უფრო პრაგმატული იყო და მეტოქიდან გამომდინარე რამე ახალი მოიფიქრო, ან უბრალოდ ლოგიკურად მოიქცე.

პეპ გუარდიოლამ ბოლო წლებში თავის სათამაშო სქემაში ბევრი რამ შეცვალა. პირველ რიგში გუნდის დაცვა დაალაგა და ამან შედეგიც გამოიღო - „სიტიმ“ ძალიან ცოტა გოლი გაუშვა, პრემიერ ლიგა დამაჯერებლად მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა.

ფინალისკენ მიმავალი გზა არ ყოფილა იმდენად დამაჯერებელი, როგორც შიდა ჩემპიონატში „ქალაქელების“ მიერ ჩატარებული სეზონის მეორე ნახევარი, თუმცა იყო მოლოდინი, რომ პეპი ამჯერად მაინც „ველოსიპედის გამოგონებას“ არ შეეცდებოდა, თუმცა სულ ტყუილად...

მთელი სეზონი კონკრეტული სქემით თამაშობ, რომელიც ამართლებს და შიდა ჩემპიონატს იგებ. გამარჯვებებს იფორმებ ჩემპიონთა ლიგაზეც, მაგრამ დგება გადამწყვეტი მომენტი და შენ ფინალში რაღაც ახალის გამოცდას იწყებ...

„ჩელსი“ შეკრული გუნდია, რომელიც ცოტა გოლს უშვებს და ბევრ მომენტს ქმნის, რომელთა მესამედს გოლად აქცევს. ეს ფორმულა „ლურჯებისთვის“ ტუხელის მოსვლიდან დღემდე იდეალურად მუშაობს.

„არისტოკრატების“ წინააღმდეგ თამაში ძალიან, ძალიან დიდ დისკომფორტთან არის დაკავშირებული. ეს გუნდი თავისი თამაშის დემონსტრირების საშუალებას არავის აძლევს და „რეალთან“ მატჩები ამის ნათელი დასტური იყო.

ლონდონელთა რიგებში მეტოქეთათვის ყველაზე მეტი დისკომფორტის შემქმნელი ერთი პატარა, მორიდებული კაცია, რომელმაც კროოსი, მოდრიჩი და კაზემირო ორივე შეხვედრაში გაანეიტრალა. რაც ჩვენ ვიხილეთ, რაც ყველამ ნახა - ამ ყველაფრის შემდეგ, აუხსნელია თუ როგორ და რატომ დააყენა პეპმა ფინალში ასეთი ნახევარდაცვა...

მოდი ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვეთ.

შემადგენლობები - პეპმა ტუხელს პირველი ტაიმი ლანგრით მიართვა

მატჩი მსაჯის სასტვენისთანავე არა, ის ცოტა უფრო ადრე, შემადგენლობების დასახელებისას იწყება. როდესაც გუნდების სასტარტოებს გადახედავ, მოახლოებულ შეხვედრაზე წინასწარ გარკვეული შთაბეჭდილება გექმნება და გამოთქვამ ვარაუდს, თუ როგორ სცენარს იხილავ არბიტრის სასტვენის შემდეგ.

როცა ფინალამდე ერთი საათით ადრე შემადგენლობები ვნახე, პირველ რიგში „სიტის“ თერთმეტეულმა გამაკვირვა. დარწმუნებული ვარ თქვენც.

გამოკვეთილი საყრდენის გარეშე ამ „ჩელსისთან“ თამაში უბრალოდ დამღუპველია. რა დღეში ჩააგდეს დალაგებული დაცვისა და ძალიან შეკრული ნახევარდაცვის მქონე „რეალი“ - ეს ყველამ ერთად ვნახეთ.

ტუხელის გუნდის სათამაშო სტილი ფეთქებადია. თავს მჭიდროდ იცავენ, კონტრშეტევას კი რამდენიმე გადაცემით იწყებენ, რომელიც შემდეგ წინ მყოფი სწრაფი სამეულის მისამართით გადაკიდებული პასით გრძელდება და ხშირ შემთხვევაში მეტოქის კართან საგოლე მომენტით სრულდება.

ყველამ, თუ არა ძალიან ბევრმა იცოდა როგორ ითამაშებდა „ჩელსი“, ყველაზე კარგად კი ეს გუარდიოლამ იცოდა და მაინც - პეპმა ძალიან გარისკა.

„სიტის“ შემადგენლობაში არ ჰყავს ნომინალური 9 ნომერი, რომელიც მკვლელის ინსტიქტით იმოქმედებს და შანსებს გოლად აქცევს. ასევე, გუნდს არ ჰყავს ისეთი ტიპის გარემარბი, რომელსაც სეზონში გოლები სტაბილურად გააქვს - ამ ყველაფრის ფონზე, ფინალში „ჩელსისთან“ ასეთი შემტევი და თამამი შემადგენლობით გასვლა დიდი შეცდომა იყო.

შედეგიც ლოგიკური იყო - „სიტიმ“ მომენტები ვერ გამოიყენა, მოშიშვლებული უკანა ხაზი კი „ჩელსის“ იერიშებს ვერ გაუმკლავდა.

„ჩემი აზრით, გუარდიოლა შემადგენლობის შერჩევისას შეცდა. გიუნდოგანს არ შეეძლო ფილტრის (საყრდენ ნახევარმცველად) როლი შეესრულებინა და დაცვის წინ ეთამაშა. სტოუნსი არის მცველი, რომელმაც არ იცის თავდაცვა, გიუნდოგანმა კი ის ვერ დააზღვია“. - თქვა ფინალის შემდეგ ფაბიო კაპელომ.

გუარდიოლამ თავისი მცდარი არჩევანის გამო პირველი ტაიმი პირწმიდად წააგო. საწყისი წუთებიდანვე ნელ-ნელა შესამჩნევი ხდებოდა, თუ რა მხრივ უჭირდა „სიტის“ და ადრე თუ გვიან „ჩელსი“ ამას გამოიყენებდა.

მე-14 წუთზე ტუხელის გუნდმა კონტრშეტევა წამოიწყო, თუმცა ეს არ ყოფილა კლასიკური კონტრშეტევა, რა დროსაც მეტოქე თავდასაცავად რიცხობრივ უმცირესობაშია და გოლი გარდაუვალია.

არა, „სიტი“ საკმაო რაოდენობით იცავდა თავს, საყრდენის პოზიციაზე გამწესებული გიუნდოგანი დაიბნა და ვერ მიხვდა როგორ უნდა ემოქმედა. კადრში კარგად ჩანს, თუ რამდენად ჩამორჩა ეპიზოდს და როგორ მიძუნძულებს საჯარიმოსკენ, რა დროსაც მეტოქე რეალურ საგოლე მომენტს ქმნის. უბრალოდ ბურთთან ვერნერი აღმოჩნდა და „სიტი“ სწორედ ამიტომ გადარჩა.


ნგოლო კანტეს საოცარი თამაში არავის აღარ გვიკვირს, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე „პატარა კიბორგისგან“ მორიგი დომინანტური პერფორმანასი ვიხილეთ.

ნგოლომ „სიტის“ ცენტრი უბრალოდ გააქრო და არბიტრის სასტვენამდე აღარ გამოუჩენია.

როცა პირველი ტაიმის მღელვარება ყველას გადავლილი გვეგონა და შესვენებისთვის ვემზადებოდით, „სიტიმ“ დაცვაში მორიგი გუნდური შეცდომა დაუშვა და ერთი შეხედვით ლონდონელთა არაფრით გამორჩეული შეტევა გოლით დასრულდა.

დიახ, ჰავერცზე გადასვლა ზინჩენკომ დააგვიანა და შეცდა, თუმცა გაშვებულ გოლს უკრაინელს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ.

ასეთი იყო „სიტის“ განლაგება, როცა „ჩელსი“ შეტევას იწყებდა. გიუნდოგანი ცენტრში მსაჯთან ერთად მარტო იდგა. ტუხელის გუნდს წერტილოვანი დარტყმები  ძალიან კარგად გამოსდის. უფრო კონკრეტულად - „არისტოკრატები“ დომინანტურ ფეხბურთს არ თამაშობენ და მეტოქეს მთელი ძალებით იშვიათად უტევენ. ისინი მთელს მოედანს არ იპყრობენ, მათ შტურმი არ სჭირდებათ. უბრალოდ იციან, თუ სად უჭირს მეტოქეს, სად არის მათი სუსტი რგოლი და რომელ ასპექტში აქვთ ხარვეზები თამაშის დროს.

ტუხელმა ყველაფერი იდეალურად გააკეთა. პეპს 1 თვეში სამჯერ მოუგო და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. გერმანელმა „სიტის“ თამაში კარგად შეისწავლა, მათი მინუსები იდეალურად გაშიფრა.

შამათი 3 პასში


პეპი სეზონის ბოლოს, გადამწყვეტ მატჩებში ძირითადად ამ თერთმეტეულს ენდობოდა.

პსჟ-სთან პირველ შეხვედრაში, როცა „ქალაქელებმა“ ტაიმი წააგეს, შესვენების შემდეგ გუარდიოლამ გუნდი ცვლილების გარეშე გადააწყო და მეტოქეზე ზეწოლა ისე მოახდინა.

პეპი არ გაჯიუტებულა და დროული ნაბიჯები გადადგა. „სიტი“ 3-2-5 სქემაზე გადავიდა. მეტი და უფრო მაღალი პრესინგი, ბურთის კონტროლი, მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან რიცხობრივად მეტი მოთამაშე - ამ ყველაფერმა იმუშავა.

კანსელომ პრაქტიკულად გარემარბის როლი მოირგო, მარჯვნივ მაჰრეზი დარჩა, ფოდენი-დე ბრუინი-ბერნარდოს სამეული კი საჯარიმოსთან მაქსიმალურად ახლოს და მოედნის ცენტრალურ ნაწილში მოქმედებდნენ. ამ მანევრმა პსჟ-ს დაცვა გაწელა და გუნდს უფრო უკნიდან თამაში აიძულა, ცენტრი კი პარიზელებმა ავტომატურად უბრძოლველად დათმეს.

„ჩელსისთან“ ასეთი რამ არ გვინახავს, რადგან ამჯერად პეპმა საქმე თავიდანვე გაირთულა, როცა თამაში ჩამშლელის გარეშე დაიწყო და პლუს ამას სასტარტოში სტერლინგიც გაამწესა.

მატჩი, რომ მსაჯის სასტვენამდე იწყება, ამაზე ზემოთ ვისაუბრე. სწორედ ეს იყო პრობლემაც. მნიშვნელოვანია, თუ რომელ თერთმეტეულს აირჩევ, რადგან შეიძლება შენმა არჩევანმა უკან იძულებით რამდენიმე ნაბიჯი გადაგადგმევინოს და საქმე ორმაგად გაგირთულოს. ზუსტად ასე იყო ამჯერად.

პრობლემები შეტევაში და პრობლემები ცვლილებების დროს

პეპმა ბევრისთვის მოულოდნელად ძირითადში რაჰიმ სტერლინგი დააყენა, რასაც ლოგიკურად რომელიმე შემტევის თადარიგში დატოვება უნდა მოჰყოლოდა, თუმცა როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, ამ ყველაფერს საყრდენი ნახევარმცველი შეეწირა.

ბოლო თვეებში სტერლინგი სასურველი ფორმისგან შორს იყო. გუარდიოლა მას მნიშვნელოვან მატჩებში აღარ ენდობოდა და უცებ ფინალში ძირითადში მოხვდა...

არ არის გასაკვირი, რომ ამ მომენტშიც და ზოგადად სტერლინგს კარგი მატჩი არ ჰქონია. მას ბოლო დროს გუნდში ის როლი აღარ აქვს, რაც გასულ წლებში ჰქონდა.


სტერლინგის ძირითადში გამოჩენამ ფოდენი შეზღუდა. წინა მატჩებში 20 წლის ინგლისელმა შეტევაში თამაში კარგად გაამწვავა, ხშირ შემთხვევაში ეფექტურად და მახვილგონივრულად მოქმედებდა.

პეპმა სტერლინგი სავარაუდოდ „ჩელსის“ მჭიდრო დაცვისთვის გვერდის ასავლელად დააყენა. მისი სისწრაფის გამოყენება უნდოდა, თუმცა როცა ფეხბურთელი ფორმაში არ არის, მისი გამოყენებისას რისკი დიდია. გუარდიოლამ გარისკა და წააგო.

უმჯობესი იქნებოდა ჟესუსი და სტერლინგი გუარდიოლას მეორე ტაიმისთვის შემოენახა და შეტევის გასაძლიერებლად, ან სქემის გადასაწყობად გამოეყენებინა.

ცუდი მატჩი ჰქონდა ბერნარდო სილვასაც, რომელიც საყრდენი ნახევარმცველის არყოფნის გამო უფრო სიღრმიდან თამაშობდა და შეტევაში მისმა პროდუქტიულობამ მოიკლო.

სტერლინგის და სილვას გარდა თამაში არც რიად მაჰრეზს წაუვიდა, რომელმაც 3 მნიშვნელოვან მომენტში წამით, ნაბიჯით დააგვიანა და გუნდს საგოლე შეტევა გაუფუჭდა.

პირველი - მე-10 წუთზე კონტრშეტევისას პოზიცია მოგებული ჰქონდა და თავიდან კარგადაც იხსნებოდა, თუმცა ბოლოს ალღო დააკლდა და ასპილიკუეტას მომენტის განმუხტვა არ გასჭირვებია. აქედანაც კარგად გამოჩნდა, რომ გუნდს ასეთ სიტუაციებში ცივსისხლიანი მკვლელი, ცენტრფორვარდი აკლდა.

მეორე - 30-ე წუთზე კაილ უოკერმა ფლანგზე კარგად ითამაშა, მაჰრეზი საჯარიმოში მარტო იდგა და მცველებს ის აშკარად გამოეპარათ. ალჟირელს არავინ იყვანდა, უბრალოდ მან ნაბიჯით დაიგვიანა, არასწორი პოზიცია შეარჩია, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ გოლი გარდაუვალი იქნებოდა.

მესამე - 68-ე წუთზე ამჯერად მაჰრეზი გადაცემის შესრულებისას ცდება. დიახ, პასი ზუსტი იყო და ალბათ გოლიც გავიდოდა, რომ არა ასპილიკუეტა, თუმცა ალჟირელს ამ მომენტში პასი უფრო ძლიერად უნდა გაეკეთებინა, გიუნდოგანს პოზიცია კარგად ჰქონდა შერჩეული და ვარდნაში გოლის გატანის ალბათობა საკმაოდ დიდი იყო.


დე ბრუინის ტრავმა - იღბლის მომენტი ფინალშიც ვიხილეთ

საფეხბურთო იღბალი ამოუცნობი რამაა. ვერასდროს გაიგებ ვის, როდის, როგორ და რა ფორმით გაუღიმებს.

„სიტის“ პსჟ-სთან და „დორტმუნდთანაც“ გამართლების მომენტები ჰქონდა. ორივე მათგანს აჯობა, თუმცა ცოტათი მეტოქეებს, რომ გამართლებოდათ დიდი შანსი იყო გუარდიოლას გუნდი ფინალამდე ვერ მისულიყო.

ფინალში კი „ქალაქელებს“ არ გაუმართლათ. როგორც არ უნდა შევხედოთ ფაქტია, რომ დე ბრუინი გუნდის შემტევი პოტენციალის 50%-ია და პეპმა ის მეორე ტაიმში მოულოდნელად დაკარგა. სულ სხვა საქმე იქნებოდა კევინს ტრავმა პირველ ნახევარში, რომ მიეღო. ასეთ შემთხვევაში გუარდიოლა სქემას შესვენებაზე გადააწყობდა და დასაგეგმად მეტი დრო ექნებოდა.

ბელგიელის მოულოდნელმა ტრავმამ „სიტის“ მთელი მეორე ტაიმის გეგმები უცებ არია.

მიუხედავად ყველაფრისა, ეს ფაქტორი „ჩელსის“ გამარჯვებას ოდნავადაც არ აკნინებს და ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს - ტუხელის გუნდი დამსახურებული ჩემპიონია.

დასკვნა - უფრო სტაბილურმა და შეკრულმა გუნდმა მოიგო

ფინალამდე ფავორიტად უფრო მეტად „სიტის“ ასახელებდნენ და ერთი შეხედვით ასეც ჩანდა, თუმცა „ჩელსი“ შეკრული გუნდის შთაბეჭდილებას მეტად ტოვებდა. ლონდონელები ერთი ტაქტიკით, ერთი შემადგენლობით, ერთი სტილით თვეების განმავლობაში თამაშობდნენ და გზიდან არ უხვევდნენ. „ქალაქელბმა“ კი შემადგენლობა და განლაგება რამდენჯერმე შეცვალეს. დაუშვეს შეცდომები, ცოტათი გაუმართლათ კიდეც და საბოლოოდ, ფინალისთვის რასაც ველოდით გუნდმა ის ფეხბურთი ვერ გვიჩვენა. თასი უფრო სტაბილურმა გუნდმა მოიგო. იმან, ვინც უკეთ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, რათა გეგმა სისრულეში მოეყვანათ.

ცალკე მინდა ავღნიშნო ასპილიკუეტას როლი. კაპიტანმა უმაღლეს დონეზე ითამაშა და რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტში გუნდი იხსნა.

ჩელსის ყველა რგოლში ჰყავს ლიდერი - დაცვაში „ასპი“, ნახევარდაცვაში კანტე, შეტევაში კი მაუნტი.

პეპი გენიალური მწვრთნელია, ამაზე კამათი არ შეიძლება, თუმცა იდეალური არავინაა და მასაც ბოლო წლებში სიჯიუტის გამო ბევრი დამსახურებული მარცხი დაუგროვდა. კაცმა, რომელმაც წლების წინ დროს გაუსწრო, ახლა დროა რაღაცების დათმობა და მისთვის ფეხის აწყობა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში 2011 წელს „უემბლიზე“ მოგებული ჩემპიონთა ლიგა მის კარიერაში უკანასკნელი იქნება.

გაზიარება: