MARCA: მამარდაშვილმა ესპანელების ყურადღება „გრანადასთან“ მატჩში მიიპყრო
Aa
Aa

MARCA: მამარდაშვილმა ესპანელების ყურადღება „გრანადასთან“ მატჩში მიიპყრო

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის ლოკომოტივის 20 წლის მეკარე, გიორგი მამარდაშვილი კარიერას „ვალენსიაში" გააგრძელებს. 20 წლის მეკარე გუნდს ივლისიდან შეუერთდება.

ქართველი ფეხბურთელის შესახებ სტატია ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა სააგენტომ, MARCA-მ გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მამარდაშვილმა ესპანელების ყურადღება ჯერ კიდევ გასულ წელს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, „გრანადას" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიპყრო. მიუხედავად იმის, რომ ამ მატჩში „ლოკომოტივი" დამარცხდა (2-0), გიორგი მაინც გამორჩეული იყო.

რას წერს MARCA?

„გიორგი მამარდაშვილმა ესპანელი სკაუტების ყურადღება ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში მიიპყრო, როდესაც ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მისი გუნდი ადგილობრივ „გრანადას" დაუპირისპირდა. ამ მატჩში მამარდაშვილის „ლოკომოტივი" ანგარიშით - 2:0 დამარცხდა და ეს ანგარიში სწორედ მისი დამსახურებაა, რადგან შესაძლოა, ანგარიში ბევრად დიდიც ყოფილიყო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ახალგაზრდა მეკარეს შანსი მისცა და ეროვნულ ნაკრებში უხმო. მის გუნდს ივნისში, რუმინეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ, ორი ამხანაგური მატჩი აქვს.

გიორგი მამარდაშვილისა და „ვალენსიას" ურთიერთობა 1-წლიან საიჯარო კონტრაქტს მოიცავს, რომელიც გამოსყიდვის უფლებით იქნება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გუნდის მწვრთნელი, ხოსე ბორდალასი გიორგის თამაშით მოიხიბლება და მის შენარჩუნებას მოინდომებს.

ამ ეტაპზე, გიორგის გუნდი, „ლოკომოტივი" საქართველოს უმაღლეს ლიგაში მე-4 ადგილს იკავებს".

გიორგი მამარდაშვილი ამჟამად საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ემზადება.  ვილი სანიოლის გუნდი რუმინეთსა (2 ივნისი) და ნიდერლანდებს (6 ივნისი) სტუმრად დაუპირისპირდება. ორივე მატჩი ამხანაგურია.

სანაკრებო მატჩების შემდეგ მამარდაშვილი  „ლოკომოტივს" დაუბრუნდება.

ფოტოები: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები