''ოქრი'' ''პანათინაიკოსში'' არ გადავა - მას უფრო რეალური წინადადებები აქვს
CrystalSport-ის ცნობით ათენის ''პანათინაიკოსი'' თორნიკე ოქრიაშვილით დაინტერესდა. საბერძნეთის 20-გზის ჩემპიონი კლუბთან დაახლოებული აგენტის საშუალებით ქართველ გარემარბს დაუკავშირდა. ფეხბურთელსა და აგენტს შორის საუბარი მიმდინარე კვირაში შედგა.
ტრანსფერის ალბათობა მიზერულია
CrystalSport-ის ცნობით ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევის ალბათობა, ორი ფაქტორიდან გამომდინარე, მიზერულია. კერძოდ, ''კრასნოდარის'' ექს-შემტევმა სხვა კლუბების მხრიდან უკვე მიიღო კონკრეტული წინადადებები. ამასთან ერთად, ''პანათინაიკოსის'' წარმომადგენელი ფეხბურთელს პირადად არ დაკავშირებია, კონტრაქტი შუამავლის ჩართულობით შედგა, რაც ნიშნავს, რომ ბერძნულ კლუბს ქართველის გადაბირების იმდენად დიდი სურვილი არ აქვს, რომ მოთამაშემ სხვა კლუბების მხრიდან მიღებულ კონკრეტულ წინადადებებზე უარი თქვას.
მოგეხსენებათ, მოთამაშე თავისუფალი აგენტია და თუ უახლოეს პერიოდში ''პანათინაიკოსის'' წარმომადგენელი მას პირადად დაუკავშირდება, შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა უფრო რეალური იქნება, ამ ეტაპზე კი ოქრიაშვილის ''პანათინაიკოსში'' გადასვლა არარეალურია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის დამატების სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს. ოქრიაშვილს კარიერის გაგრძელების შანსი თურქეთის სუპერლიგასა და სამხრეთ კორეის ჩემპიონატში აქვს, თუმცა დაინტერესებული გუნდების სია უფრო ვრცელია.
იოვანოვიჩს ოქრიაშვილი ურჩიეს
''პანათინაიკოსის'' მხრიდან ოქრიაშვილის შესაძლო დამატების შესახებ ინფორმაცია ბერძნულმა Newspao-მ გაავრცელა, რომლის ცნობით ''პანათინაიკოსის'' მთავარ მწვრთნელს, ივან იოვანოვიჩს ძლიერი გარემარბების დამატება სურს და ოქრიაშვილის გადაბირება ურჩიეს, თუმცა კლუბის მხრიდან ოფიციალური წინადადება ჯერ არ გაკეთებულა.
პროდუქტიული სეზონი
შეგახსენებთ, 2019 წლის ზაფხულიდან გასული სეზონის ბოლომდე თორნიკე ოქრიაშვილი ''ანორთოსისთვის'' თამაშობდა. კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და ამჟამად თავისუფალი აგენტია. გასული სეზონის მიწურულს კვიპროსის თასი მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გაუცდა, სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეებში ფიგურირებდა.
2020-21 წლების სეზონში, ყველა საკლუბო ტურნირის ჩათვლით, 29 წლის გარემარბმა 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.