იოლი გამარჯვება - დინამომ ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა
სუპერლიგის მესამე ადგილის მფლობელი საკალათბურთო კლუბი “დინამო თბილისი” გახდა. მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში მე-7 ადგილი დაიკავა, პლეი ოფში წარმატებულად იასპარეზა და საბოლოოდ საპრიზო სამეულში მოხვდა. დინამოელებმა მესამე ადგილისთვის მატჩში არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი “კაკტუსი” 95:85 დაამარცხეს და ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონნენ.
კაკტუსს ამ მატჩში ერთ-ერთი ლიდერი – ეი ჯეი სამბრი აკლდა და ჟღენტის გუნდი ერთადერთი ლეგიონერის ამარა თამაშობდა. სამაი ჰაინს-ჯონსი საკმაოდ კარგი კალათბურთელია, მაგრამ სამბრის არყოფნით კაკტუსელებს ფარქვეშ ძალიან გაუჭირდათ. ამას ისიც დაერთო, რომ დინამოელთა ლიდერი, ლუკა ბულაშვილი საკმაოდ შედეგიანად ათამაშდა და შეხვედრა დაძაბული არ გამოდგა. დინამომ პირველი პერიოდი 5 ქულით მოიგო, მეორეში 6-ით იმარჯვა, ხოლო მესამე ათწუთეულში მეტოქეს 25:18 აჯობა.
დინამოელთა უპირატესობამ მეოთხე პერიოდში 21 ქულას მიაღწია, რის შემდეგაც მატჩის ბედი გაირკვა და შეხვედრის ბოლო წუთები ფორმალობად იქცა. დინამოს 28 ქულით ლუკა ბულაშვილმა ულიდერა. 22 ქულა და 9 მოხსნა ნიკოლოზ დარბაიძის ანგარიშზეა. მაიკლ ედვარდსმა შეხვედრა 17 ქულით, 14 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა. კაკტუსში 25 ქულით, 6 მოხსნითა და 6 პასით სანდრო სანაძე გამოირჩა. 21 ქულა და 6 მოხსნა ლევან მასხულიამ, ხოლო 17 ქულა სამაი ჰაინს-ჯონსმა მიითვალა.
თამაშის დასრულების შემდეგ დინამოს მოთამაშეებს და გუნდის წარმომადგენლებს ბრინჯაოს მედლები და შესაბამისი დიპლომი გადაეცათ. პრიზიორები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა.
ლუკა ბულაშვილი - "დინამოს" კალათბურთელი
სუპერლიგაში დარჩენილია ჩემპიონისა და შესაბამისად, ვერცხლის მედლების მფლობელი გუნდის გამოვლენა. ფინალური სერია 3 მოგებამდეა, “რუსთავი” “ცხუმ-აფხაზეთს” 2:0 უგებს და სერიის მესამე მატჩი 27 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში, 17:00 საათზე გაიმართება.