Aa
Aa

რეგულარული სეზონი დასრულდა - პლეიოფისა და Play In-ის ტურნირების მონაწილეთა ვინაობა ცნობილია

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი ოფიციალურად დასრულდა და პლეიოფისა და Play In-ის ტურნირის ყველა მონაწილის ვინაობა გახდა ცნობილი. აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 და მე-8 ადგილისთვის „ბოსტონ სელთიქსი“, „ვაშინგტონ უიზარდსი“, „შარლოტ ჰორნეთსი“ და გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ იბრძოლებენ.

„ბოსტონი“ და „ვაშინგტონი“ მე-7 პოზიციაზე გამსვლელი გუნდის ვინაობას გაარკვევენ და გამარჯვებული პლეიოფში მეორეადგილოსან „ბრუკლინ ნეთსს“ დაუპირისპირდება. დამარცხებული კი „პეისერსსა“ და „ჰორნეთსს“ შორის საუკეთესოს შეხვდება და ამ წყვილში მოგებული პლეიოფში „ფილადელფია სევენთი სიქსერსს“ გაეჯიბრება. აღმოსავლეთ კონფერენციის საპლეიოფო სურათს რაც შეეხება, „მილუოკი ბაქსი“ პირველ რაუნდში „მაიმი ჰიტს“ შეერკინება, „ნიუ იორკ ნიქსი“ კი „ატლანტა ჰოუქსს“.

დასავლეთ კონფერენციის Play In-ის ტურნირში მონაწილეობას „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“, „გოლდენ სტეიტ უორიორსი“, „მემფის გრიზლისი“ და „სან ანტონიო სპურსი“ მიიღებენ. „ლეიკერსი“ და „გოლდენ სტეიტი“ მე-7-ადგილოსანის ვინაობას გაარკვევენ და მოგებული პლეიოფს „ფინიქს სანსით“ დაიწყებს. წაგებულს „მემფისსა“ და „სან ანტონიოს“ შორის საუკეთესოს ბარიერის დაძლევა მოუწევს და პირველ რაუნდში საუკეთესო შედეგის მქონე „იუტა ჯაზი“ დაელოდება. ცნობილია ისიც, რომ „დენვერ ნაგეთსმა“ დასავლეთ კონფერენციაში მე-3 პოზიცია დაიკავა და საჩემპიონო ბეჭდებისკენ მიმავალ გზაზე მისი პირველი მეტოქე „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ იქნება. „ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ კი „დალას მავერიქსს“ დაუპირისპირდება.

Play In-ის ტურნირის პირველი შეხვედრა 19 მაისსა ჩანიშნული და თბილისის დროით 02:30-ზე გოგა ბითაძის „ინდიანასა“ და „შარლოტ ჰორნეთსის“ ჯახს ვიხილავთ, 05:00-ზე კი „ბოსტონისა“ და „ვაშინგტონის“ მატჩი დაიწყება. 20 მაისს დასავლეთ კონფერენციის Play In-ის შეხვედრები გაიმართება. „მემფისი“-„სან ანტონიო“ 03:30-ზეა ჩანიშნული, ხოლო „ლეიკერსი“-„გოლდენ სტეიტი“ – 06:00-ზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები