დიდი გუნდის დიდი გამარჯვება - 42 წელი დინამოს ევროპული ტრიუმფიდან
1981 წლის 13 მაისი, დიუსელდორფის „რაინშტადიონი“. ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ჩვენი ქვეყნის გუნდს საერთაშორისო ევროტურნირის მოგების შანსი ეძლეოდა. დინამოელთა მეტოქე გახლდათ გერმანული "კარლ ცაისი", რომელიც სატიტულო მატჩს საკუთარ ქვეყანაში თამაშობდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი მძიმე ბრძოლაში წარიმართა და რეალური სახიფათო მომენტის გარეშე ჩაიარა, მეორე ნახევრის 63-ე წუთზე კი გერმანელები ჰოპის გოლით დაწინაურდნენ.
"დინამო" რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ნოდარ ახალკაცმა მოედანზე შესაყვანად ნუკრი კაკილაშვილი გაამზადა, რა დროსაც რამაზ შენგელიას გარღვევისა და პასის შემდეგ, ანგარიში ვლადიმერ გუცაევმა გაათანაბრა. ეს ყველაფერი გაშვეული გოლიდან 4 წუთში მოხდა.
როგორც დინამოელთა კაპიტანი - ალექსანდრე ჩივაძე ამბობს, გუნდი უკვე დამატებითი დროისთვის ემზადებოდა, მაგრამ ვიტალი დარასელიას სხვა გეგმები ჰქონდა. 87-ე წუთზე, ყიფიანისგან პასი მიიღო, ორი მეტოქე ლამაზ სტილში ჩამოიშორა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში "საუკუნის გოლი" შეაგდო - 2:1 და "დინამო" ევროპის "თასების მფლობელთა თასის" გამარჯვებულია!
ქართველ გულშემატკივარს ეს უდიდესი წარმატება პირველმა ლეგენდარულმა მსახიობმა და კომენტატორმა - კოტე მახარაძემ მიულოცა. თბილისის ქუჩებში კი ხალხი გავიდა და ტრიუმფი ერთობლივად აღნიშნა. ნოდარ ახალკაცის "დინამო" - გუნდი, რომელმაც ერი გააერთიანა და უდიდესი სიხარული აჩუქა.