''მისი ტალანტი მან თავად მოკლა'' - ფულთან ბრძოლაში დამარცხებული ნიჭი
Aa Aa

''მისი ტალანტი მან თავად მოკლა'' - ფულთან ბრძოლაში დამარცხებული ნიჭი

2002 წლის ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე კობა ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ევროპის საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვდა, ქართველები მეოთხედფინალურ ეტაპზე შვეიცარიელებთან დამარცხდნენ, რომლებმაც დანიაში გამართული ტურნირი ტრიუმფით დაასრულეს.

შესარჩევი ციკლი

თბილისში გამართულ შესარჩევ ციკლში სანდრო იაშვილმა ბოსნიას დუბლი შეუსრულა (2:0), ისრაელთან კი გამარჯვების გოლი ზურაბ კვახაძემ შეაგდო (1:0). შესარჩევი ციკლის ჯგუფი სამგუნდიანი იყო და ფინალურ ეტაპზე მხოლოდ პირველადგილოსანი გადიოდა. ჟორჟიკაშვილის გუნდმა ორივე მატჩი მოიგო და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ფინალური ეტაპი

17 წლის სანდრო იაშვილის გოლებით გერმანიასა და პოლონეთს ვამარცხდებდით, თუმცა ორივე მატჩი 1:1 დასრულდა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში იაშვილმა უნგრეთს დუბლი შეუსრულა (2:1). ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები ევროპის საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვდა, მეოთხედფინალში კი შვეიცარიასთან დამარცხდა (3:0). ევროპის ჩემპიონატი შვეიცარიელთა გამარჯვებით დასრულდა.


იაშვილთან ერთად გუნდის გამორჩეული მოთამაშე გოჩა ხოჯავა იყო, მოედნის ხედვითა და ოსტატური საგოლე პასებით გამოირჩეოდა, თუმცა შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა, კარიერის საუკეთესო წლები რუსეთის მეორე ლიგის კლუბებში გაატარა. კობა ჟორჟიკაშვილი ხოჯავას კარიერის საინტერესო დეტალებზე საუბრობს, მისი წარუმატებელი კარიერის მთავარ მიზეზად პიროვნულ თვისებებს ასახელებს. გამოცდილი სპეციალისტის საუბრიდან გამომდინარე ნათელია, რომ გოჩა ხოჯავამ თავისი ტალანტი თავად მოკლა და გააქრო. ანალოგიურ აზრზეა სანდრო იაშვილთან მიმართებით.

გოჩა ხოჯავასა და სანდრო იაშვილის შესახებ

 

საინტერესო ფაქტები

ფინალურ ეტაპზე იაშვილმა ბომბარდირთა დავაში 4 გოლით მე-5 ადგილი დაიკავა. მას ესპანელმა ხონათან სორიანომ (7), დანიელმა მორტენ რასმუსენმა (6), ინგლისელმა უეინ რუნიმ (5), მოლდოველმა დენის კელინკოვმა (5) და ნიდერლანდელმა ჯონ კოლინსმა (5) აჯობეს.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში სანდრო გურული ერთადერთი ლეგიონერი იყო, ის ფრანგულ ''ბულონში'' ასპარეზობდა. გურული კიდევ ერთი ფაქტითაა გამოსარჩევი, ჟორჟიკაშვილის გუნდიდან მხოლოდ მან შეძლო ეროვნულ ნაკრებში გოლის გატანა. მან 2010 წელს ამხანაგურ შეხვედრაში სლოვენიას გაუტანა.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ლუკას პოდოლსკიმ (გერმანია), რენე ადლერმა (გერმანია), მარიო გომესმა (გერმანია), ლუკაშ ფაბიანსკიმ (პოლონეთი) და ფილიპ სენდეროსმა (შვეიცარია) ითამაშეს.

16 წლის პოდოლსკის თანაგუნდელები პოლონეთთან გატანილ გოლს ულოცავენ

2002 წლის ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პოსტსაბჭოთა სივრციდან მხოლოდ სამმა ნაკრებმა ითამაშა, საქართველო მეოთხედფინალში გავიდა, მოლდოვა და უკრაინა კი ჯგუფში ჩარჩნენ.

ჟორჟიკაშვილის გუნდიდან ეროვნულ ნაკრებში ადგილი მხოლოდ აკაკი ხუბუტიამ დაიმკვიდრა, რომელმაც 19-ვე შეხვედრა თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას ჩაატარა. ამ გუნდიდან ეროვნულ გუნდში ხუბუტიას გარდა ზაალ ელიავამ, სანდრო გურულმა, გოჩა ხოჯავამ და გიორგი ჭელიძემ ითამაშეს.

კარიერის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დასაწყისი სწორედ გიორგი ჭელიძეს ჰქონდა, 19 წლის ასაკში მალხაზ ასათიანთან ერთად მოსკოვის ''ლოკომოტივში'' ასპარეზობდა, თუმცა 24 წლის ასაკში კარიერა დაასრულა და ხელი მწვრთნელობას მიჰყო.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრების ექიმი კოტე კილაძე იყო, ფიზმომზადების მწვრთნელი - ივანე ლუცენკო,  ფიზიოთერაპევტი კი გურამ მარშანია.

ჟორჟიკაშვილის გუნდის შემადგენლობა 2002 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასეთი იყო: ზვიად ჩალაძე, კახაბერ ჯინჭარაძე, აკაკი ხუბუტია, ანზორ კალაძე, გიორგი კუტივაძე, ბესო მიქიაშვილი, ზურაბ ბარაბაძე, შოთა ჭელიძე, გოჩა ხოჯავა, გივი კაპანაძე, ზურაბ კვახაძე, ზაალ ელიავა, ალექსანდრე გურული, ამირან ყველაშვილი, სანდრო იაშვილი, ვასილ ღუჭაშვილი, გოგი ფიფია,  გიორგი ჭელიძე.

სამწუხარო ფაქტები

თბილისის ''თბილისის'' ექს-კაპიტანმა ბესო მიქიაშვილმა კარიერა 22 წლის ასაკში დაასრულა. 2010 წელს, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამპლუით მარჯვენა მცველი ზურაბ ბარაბაძე, რომელიც მოედანზე სისწრაფით გამოირჩეოდა, 2009 წელს 24 წლის ასაკში მოკლეს (მას კარიერა დასრულებული ჰქონდა). ასევე გარდაიცვალა ივანე ლუცენკო, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ფიზმომზადების მწვრთნელი იყო.

გაზიარება: