„დათო, უნდა ითამაშო, სანამ ფეხები დაგემორჩილება
Aa Aa

„დათო, უნდა ითამაშო, სანამ ფეხები დაგემორჩილება" - ლეგენდა, სახელად - დათო ყიფიანი

თავი 1. „ტრავმების უმრავლესობას საკუთარ ეზოში ვიღებდი

ლეგენდარული ფეხბურთელი დავით ყიფიანი თბილისში, 1951 წლის 18 ივნისს, ექიმების ოჯახში დაიბადა. მის აღზრდაში დიდი როლი ეკუთვნის ბებიას, რომელმაც დათო კულტურასა და ხელოვნებას მიაჩვია.

ბებიასა და დედას უნდოდათ, ექიმი გამოვსულიყავი, მამას კი ჩემი ესმოდა და მხარს მიჭერდა. ძალიან კარგად ვთამაშობდი ჩოგბურთსა და კალათბურთს, მაგრამ სიამოვნებას მხოლოდ ფეხბურთიდან ვიღებდი. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ეს იქნებოდა თბილისის რომელიმე მტვრიან ეზოში თუ „სან სიროზე“. უკვე „დინამოში“ ასპარეზობის დროს ეზოში მაინც სულ ვთამაშობდი და ტრავმების უმრავლესობაც სწორედ იქ მაქვს მიღებული“, - ამბობდა ყიფიანი.

ყიფიანი პოპულარული 35-ე სკოლის აღზრდილია. მისი პირველი მწვრთნელი ბორის ჭელიძე იყო, რომელმაც დათოსთან  6 წლის განმავლობაში იმუშავა. 1968 წელს, ყიფიანი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად, სოჭში გამართული „იმედის თასის“ გამარჯვებული გახდა. იმავე წელს ამ გუნდმა თბილისში, საბჭოთა კავშირის 21-წლამდელთა ნაკრები 2:1 დაამარცხა.

გამარჯვების შემდეგ ყიფიანი „დინამოს“ დუბლებში ჩაირიცხა და საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებშიც გამოიძახეს. თუმცა, ეზოში თამაშის დროს ფეხი გადაიბრუნა და მენისკი დაემართა. მკურნალობამ ვერ უშველა და ფეხბურთის დროებით ჩამოშორდა. ყიფიანს უშველა ზოია მირონოვამ, რომელმაც „ციტო“-ში ოპერაცია გაუკეთა და ყიფიანი მოედანს დაუბრუნდა. დათო განათლებული ადამიანი იყო, მან პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ქიმიის ფაკულტეტზე ჩააბარა.

მედიცინის ფაკულტეტზე მინდოდა. გამოცდა 1968 წლის 3 აგვისტოს მქონდა, მაგრამ 29 ივლისს, ეზოში ფეხბურთს ვთამაშობდი და ხელი მოვიტეხე. იმ მომენტში უკვე მივხვდი, რომ გამოცდაზე ვერ გავიდოდი. ქიმიის ფაკულტეტის გამოცდები კი მოგვიანებით ტარდებოდა და მეც მასზე ჩაბარება გადავწყვიტე, მაგრამ მალევე გავაცნობიერე, რომ ჩემგან ისეთივე ქიმიკოსი დადგებოდა, როგორიც ჩინეთის იმპერატორი. ამიტომაც, საბუთები იურიდიულზე გადავიტანე“.

მუხლზე გაკეთებული ოპერაციების შემდეგ ყიფიანით სხვადასხვა გუნდები დაინტერესდნენ. „დინამოსთან“ ახლოს რომ ყიფილიყო, თბილისის „ლოკომოტივში“ გადავიდა. გუნდთან ერთად ყიფიანი პირველ ლიგაში ასპარეზობდა, 1970 წელს კი „დინამოს“  მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, გავრილ კაჩალინმა თავისთან უხმო.

1971 წელს, დათომ “დინამოში“ სადებიუტო მატჩი გამართა - „ფახტაქორის“ წინააღმდეგ. ის ცვლილებაზე შევიდა. აღნიშნული მატჩი დინამომ  0:1 წააგო. იმ წელსვე, „დინამოს“ შემადგენლობაში პირველი ტიტული - საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 1974 წელს კი, ყიფიანი საბჭოთა კავშირის ნაკრებში გამოიძახეს.

ნაკრებში პირველად გამომიძახა ბესკოვმა, რომელსაც ვთვლი ყველაზე ძლიერ მწვრთნელად, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია”, - ამბობს ყიფიანი.

1974 წლის 17 აპრილს, ყიფიანმა მონაწილეობა იუგოსლავიის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო.

„ცოტა ფეხი მაწუხებდა, მაგრამ იყო შანსი, ნაკრებში მეთამაშა. შემეძლო კი ამაზე უარის თქმა? გოლი ასე გავიტანეთ: ბლოხინი შეიჭრა ფლანგზე და საჯარიმო მოედანზე პასი გააკეთა. მეც და მცველებიც ბურთს ავცდით, მაგრამ იქვე ონიშენკომ მიიღო და ისევ მე დამიგორა. მივიღე და მარჯვენა მაღალ კუთხეში დავარტყი. უცბად, თანაგუნდელების გარემოცვაში აღვმოვჩნდი. ესეც სადებიუტო გოლი“, - იხსენებს ყიფიანი.

ეს შეხვედრა საბჭოთა კავშირმა 1:0 მოიგო. ყიფიანს ეგონა, რომ ეს მისი კარიერის პიკი იყო, მაგრამ არ გაუმართლა. ოდესაში შეკრებაზე, დათოს მენისკი მეორე ფეხზე დაემართა. ეს ყველაფერი ძალიან დიდ დატვირთვებს დაბრალდა. ის იმ პერიოდში თბილისის „დინამოს“, ახალგაზრდული ნაკრებისა და მთავარი ნაკრების ღირსებას იცავდა: „ერთი თვის განმავლობაში არანორმალურად ბევრი შეხვედრა ჩავატარე”, - იხსენებს ყიფიანი. მეორე ოპერაცია მას ქართველმა ქირურგმა ოთარ ღუდუშაურმა გაუკეთა.

თავი 2. „გულშემატკივრები მოედანზე გადმოვიდნენ და მილიციელების ცემა დაიწყეს“

1975 წელს, კოსტანტინ ბესკოვმა ყიფიანი ოლიმპიურ ნაკრებში გამოიძახა. პირველ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებთან დავითი ვერ გამოირჩა, 24 სექტემბერს კი საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში ნორვეგიასთან საბჭოთა კავშირს განაღდებული ჰქონდა მონრეალში გასამართი ოლიმპიური თამაშების საგზური, მაგრამ ფეხბურთელები მონდომებულები იყვნენ და უნდოდათ მაყურებლისთვის კარგი ფეხბურთი ეჩვენებინათ.

პირველივე წუთებიდან შეტევაზე გადავიდნენ. პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმში კი საბჭოთა ფეხბურთელებმა ნორვეგიელებს 4 გოლი გაუტანეს, დავით ყიფიანის ანგარიშზე კი დუბლია.

როდესაც ოლიმპიურ ნაკრებში ბესკოვის ნაცვლად ლობონოვსკი დაინიშნა, ყიფიანი უკრანეილმა სპეციალისტმა გამოიძახა, მაგრამ სათამაშო დრო არ მიუცია.

„მე არასდროს არ მიკითხავს ლობონოვსკისთვის, რატომ არ მომცა შანსი, რომ მეთამაშა ოლიმპიადაზე, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ფეხბურთელმა არასდროს უნდა წამოწიოს მსგავსი საკითხები მწვრთნელთან. შესაძლებელია, მართლაც მის ტაქტიკაში არ ვჯდებოდი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ამაში პოლიტიკა იყო გარეული. მაშინდელ ნაკრებში 90% კიეველები თამაშობდნენ“,- ამბობდა ყიფიანი.

ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, „დინამო თბილისთან“ ერთად ყიფიანმა მონაწილეობა ესპანეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მიიღო და იქ “ფლამენგოს“ დაუპირისპირდა.

მე ვითამაშე არაჩვეულებრივი ზიკოს წინააღმდეგ და შემიძლია ვთქვა, რომ იგი “გავამწარე“. ეს დამტკიცდა იმითაც, რომ მატჩის შემდეგ მაისურის გაცვლაზე უარი მითხრა“.

საერთაშორისო ტურნირის შემდეგ ყიფიანი არაჩვეულებრივ ფორმაში იყო და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბოლო ეტაპი ძალიან კარგად ჩაატარა. იმ წელს, თბილისურმა კლუბმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და ასევე, ისტორიაში პირველად საბჭოთა კავშირის თასის ჩემპიონი გახდა. ფინალურ შეხვედრაში მათ ერევნის „არარატი“ 3:0 დაამარცხეს - ერთ-ერთი გოლი ყიფიანმა შეაგდო. იმ წელს, ყიფიანი საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მე-2 ადგილზე გავიდა.

მომავალ, 1977 წელს, „დინამო“ მეხუთედ და უკანასკნელად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, მაგრამ აღსანიშნავია, რომ “ზარიასთან“ გამართული შეხვედრა დიდი სკანდალით დასრულდა.

„ის შეხვედრა 0:0 მორჩა. მსაჯები ჩვენ ნამდვილად გვჩაგრავდნენ, რამაც მაყურებლის აღშფოთება გამოიწვია და ისინი მოედანზე გადმოვიდნენ, დაიწყეს მილიციის ცემა და თითქმის დაიჭირეს მსაჯები. უნდა აღინიშნოს, რომ იმ დღეს ძალიან მამაცურად მოიქცა ედუარდ შევარდნაძე, რომელიც დაცვის გარეშე ჩამოვიდა სტადიონზე და სიტუაცია განმუხტა. გულშემატკივრებმა ფეხბურთელები ხელში აგვიტაცეს და „პლეხანოვზე“ ისე გვატარეს. ბოლოს ავედი პურის სატარებელი მანქანის სახურავზე და განრისხებულ გულშემატკივრებს მივმართე. შეიძლება მაშინ ვრისკავდი, მაგრამ ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობდი. განრისხებულ ბრბოზე უარესი, ჯერ ცხოვრებაში არაფერი მინახავს”, - აცხადებდა ყიფიანი, რომელიც იმ წელს, საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 

თავი 3. „ფეხბურთი ომი არ არის, ეს სპორტია. ჩვენ არ ვართ რობოტები, ადამიანები ვართ“

1977 წელს, საბჭოთა კავშირის მწვრთნელად ნიკიტა სიმონიანი დაინიშნა, რომელმაც დავით ყიფიანი ნაკრებში გამოიძახა. 24 აპრილს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საბჭოთა კავშირის ნაკრებმა საბერძნეთი ანგარიშით - 2:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მატჩის მეორე გოლი ყიფიანის ანგარიშზეა.

„მასთან თამაში ერთი სიამოვნება იყო. ის ნამდვილი მასტერი გახლდათ. ჩვენ ერთმანეთს უსიტყვოდ ვუგებდით. ვიყავით მეგობრები და დავიჯერეთ, რომ ის იყო ოქროს ადამიანი.  დათო ყოველთვის გამოირჩეოდა ინტელექტით. უბრალოდ, ყოველთვის მოწყენილი თვალები ჰქონდა”, - იხსენებს ვეტერანი უკრაინელი ფეხბურთელი - ლეონიდ ბურიაკი.

შემდეგ შეხვედრაში უნგრეთის წინააღმდეგ ყიფიანი მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა, 88-ზე კი გოლი გაიტანა. იმ მომენტისთვის, საბჭოთა კავშირის ნაკრები 0:2 მარცხდებოდა. ყიფიანმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:2.

უნგრეთთან მარცხის შემდეგ საბჭოთა კავშირმა კიდევ ორი შეხვედრა გამართა. საბერძნეთის ნაკრებთან დამარცხდა, ხოლო იმავე უნგრეთის ნაკრებს 2:0 მოუგო და საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფიიდან გასვლა ვერ მოახერხა.

1977 წლის 14 სექტემბერს, უეფა-ს თასის ეგიდით გამართულ მატჩში, თბილისის „დინამომ“ „სან სიროზე“, მილანის „ინტერი“ მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი დავით ყიფიანის ანგარიშზეა.

„კარგად მახსოვს, ეს ყველაფერი როგორ მოხდა. „ინტერის“ გამოცდილმა მცველმა ჯაჩინტო ფაკეტიმ საჯარიმოსთან ბურთი დაკარგა, ყიფიანი მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა”, - იხსენებს გენადი ლოგოფეტი.


დაპირისპირების მეორე შეხვედრა ანგარიშით - 0:0 დასრულდა და დინამო შემდეგ ეტაპზე გავიდა და იქ დანიის „კოპენჰანგენი“ დაამარცხა. თუმცა, 1/8 ფინალში შვეიცარიულ „გრასჰოპერსთან“ ორმატჩიან დუელში დამარცხდნენ.

 1978 წელს, თბილისის დინამომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მეორედ და უკანასკნელად მოიგო. ყიფიანის ანგარიშზე 7 გატანილი გოლი იყო.

1980 წელს, ბაქოს „ნეფტჩისთან“ თბილისში 2:1 წავაგეთ. გულშემატკივარი მიჩვეული იყო ჩვენ გამარჯვებებს და ამ მარცხის გამო განრისხდნენ. მე გამოვედი ხალხში და მათ მივმართე: „დამშვიდდით და მომისმინეთ. ფეხბურთი არ არის ომი. ფეხბურთი სპორტია და ჩვენც არ ვართ რობოტები. ჩვენც ადამიანები ვართ. არც ერთ თქვენგანს არ უნდოდა მოგება ჩვენზე მეტად, მაგრამ ეს არ გამოვიდა. ახლა უნდა მოგვკლათ ამის გამო?” - იხსენებს დავით ყიფიანი.

თავი 4. „ნიდერლანდელები 2,5 მილიონ დოლარს მიხდიდნენ“

კონსტანტინ ბესკოვი ყიფიანის შესახებ ამბობდა: „ის ძალიან დიდი ფეხბურთელი და ძალიან კარგი ადამიანია. განათლებული, ინგლისურად ძალიან კარგად მოლაპარაკე“. ინგლისურის ცოდნაზე ძალიან კარგი ისტორიაა დათოს ცხოვრებიდან. ერთხელ, ჟურნალისტმა გაიხსენა, რომ ის ძალიან კარგად საუბრობდა ინგლისურად და სტატია რომ ეფექტური გამოსვლოდა, დაწერა, ვითომ ყიფიანმა შექსპირი ინგლისურად წაიკითხა. სტატიის ნახვის შემდეგ, თურმე, ყიფიანი შეშფოთებულა და უთქვამს: „გუნდში ნამდვილად პიჟონად ჩამთვლიან“.

„თითქმის ყოველთვის პერსონალურად მეთამაშებოდნენ. ძლიერი გუნდები კი სერიოოზულ ფეხბურთელებს მიყენებდნენ. მაგალითად, კიეველები ჯერ ბერჟნოვს, ხოლო შემდეგ ბესონოვს აყენებდნენ ჩემ წინააღმდეგ. „დინამო“ - დოლმატოვს, „არარტი“ - ბონდარენკოს.  ასეთ პირობებში თამაში, რა თქმა უნდა, რთულია. მით უმეტეს, როდესაც თამაში აგრესიაშიც გადადიოდა. მახსოვს, ერთხელ პირველ წუთზე კოჭში ჩამარტყეს - ვუყვირე, ხომ არ გაგიჟდი, ჩემი მოკვლა გინდა-მეთქი და იქიდან გავიგე, თუ დამჭირდა მაგასაც გავაკეთებო. ეს მოდიოდა მწვრთნელისგან, რომლის დასახელებაც არ მინდა“, - იხსენებს ყიფიანი.

საერთაშორისო არბიტრი ვადიმ ჟუკი იხსენებს, რომ ყიფიანი მსაჯების და მოწინააღმდეგების წინააღმდეგ ყოველთვის მეგობრული იყო. ძალიან ბევრჯერ მის წინააღმდეგ ძალიან უხეშად თამაშობდნენ, მაგრამ არავის ახსოვს, რომ მას ვინმესთვის მსგავსად ეპასუხა. თუმცა, დათოს კარიერაშიც იყო წითელი ბარათები.

„ორჯერ გამაგდეს მოედნიდან. ერთხელ თბილისში, „ზენიტის“ წინააღმდეგ, ვალერი ბასკაკოვმა გამაძევა და სწორადაც მოიქცა. მეტოქე ჩემს თანაგუნდელს ეუხეშა, არ მახსოვს, იქ ისე სწრაფად როგორ ავღმოჩნდი, მაგრამ მივვარდი და ხელი დავარტყი. მეორე კი იყო ლაიპციგში, გდრ-ის წინააღმდეგ მატჩში. 85-ე წუთზე, მოწინააღმდეგე მთელი თამაში უმოწყალოდ ფეხებში მირტყამდა და ბოლოს ვეღარ მოვითმინე.“

თავის ინტერვიუში დათო იხსენებს, რომ არასდროს მიუღია წითელი ბარათი მსაჯთან კამათის ან მაყურებლის შეურაცხყოფის გამო. 1981 წლის 13 მაისს, „დინამომ“ პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად მოიგო უეფა-ს ევროტურნირზე ტიტული. თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისელებმა „კარლ ცაისი“ ანგარიშით - 2:1 დაამარცხეს.

გერმანელებმა დინამოელების წინააღმდეგ პირველივე წუთებიდან პერსონალური მეურვეობა დააწესეს - ყიფიანს კრაუზე იყვანდა, მაგრამ ფეხბურთელი ბევრ შეცდომას უშვებდა. „სოვეტსკი სპორტი“ მაშინ წერდა, რომ ქართველი ფეხბურთელებიდან მეტოქეს იოლად ცდებოდნენ და ანგარიშის გახსნა შეეძლოთ: დარასელიასა და ყიფიანს. ორივე მომენტში მეკარემ საკუთარი გუნდი გაადარჩინა.

მატჩის პირველი გოლი მაინც გერმანელებმა გაიტანეს, რაც ქართველ ფეხბურთელებს გაერთიანებაში და ხასიათის გამოვლინებაში დაეხმარა. ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა ყიფიანმა. მიუხედავად მისადმი სერიოზული პრესინგისა, შესანიშავ გადაცემებს აკეთებდა და „დინამოს“ შეტევის პოტენციალს ზრდიდა. „დინამომ“ ის შეხვედრა დარასელიასა და გუცაევის გოლებით მოიგო, ორივე შეტევა კი ყიფიანმა წამოიწყო.

„როდესაც უკან ვბრუნდებოდით, თვითმფრინავში ვიფიქრე, ნეტა რა მოხდებოდა, რომ არ მოგვეგო. ალბათ, ამას ვერასდროს ვაპატიებდით საკუთარ თავებს“, - ამბობს ყიფიანი.

გამარჯვების შემდეგ თითოეულ ფეხბურთელს 750 რუბლი და მანქანის ყიდვის უფლება მისცეს. იმ ფულით ყიფიანმა რუხი „ვოლგა“ იყიდა. ერთ-ერთ ინტერვიუში დათო იხსნებს, რომ მისი ხელფასი 350 მანეთი იყო, რაც იმ დროისთვის სოლიდურ თანხას შეადგენდა.

„საბჭოთა გუნდები ჩემით არც ინტერესდებოდნენ, რადგან იცოდნენ, უარს მიიღებდნენ. რაც შეეხებათ ევროპულებს, მათი მხრიდან სერიოზული დაინტერესება იყო. თასების თასის ნახევარფინალში, როდესაც „ფეიენოორდი“ დავამარცხეთ, ნიდერლანდელებმა ისეთი ხელფასი შემომთავაზეს, ცუდად გავხდი. ეს იყო 2.5 მილიონი დოლარი. მათ მითხრეს, რომ ინკოგნიტოდ, საკუთარი თვითფრინავით წამიყვანდნენ ნიდერლანდებში და იქ ადგილზე მოაგვარებდნენ ყველა საბუთს“, - იხსენებდა ყიფიანი.

დათომ ტრანსფერზე უარი თქვა. მან ვერ წარმოიდგინა, როგორ იცხოვრებდა სამშობლოსა და ოჯახის გარეშე სხვა ქვეყანაში. ასევე ცნობილია, რომ დათომ უარი უთხრა „ლივერპულსა“ და რამდენიმე ესპანურ გუნდსაც.

თავი 5. „ბევრმა ჩათვალა, რომ ამ საქციელით გუნდს ვარცხვენ“ 

1981 წლის 1 სექტემბერს, მადრიდში გამართულ „სანტიაგო ბერნაბეუს“ ტურნირზე ყიფიანი მძიმედ დაშავდა. მადრიდის „რეალის“ მცველმა ანხელმა დათოს უკნიდან ჩაარტყა და ფეხი მოტეხა. ტრავის მოშუშების შემდეგ ყიფიანი 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებოდა: „იმ ტურნირისთვის ისე ვემზადებოდი, როგორც არასდროს არაფრისთვის მოვმზადებულვარ“.

„მსოფლიოს წინაშე მე და ფედოტოვი ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვეუბნებოდით, რომ ყიფიანი-გავრილოვის დუეტი მოესინჯა. ამხანაგურ მატჩებში მაინც. ეს ხომ ჩვენ შესაძლებლობას ძალიან გაზრდიდა, მაგრამ ბესკოვს მიაჩნდა, რომ ერთნაირი ფეხბურთელების თამაში მათ სქემაში არ ჯდებოდა, რაშიც ეთანხმებოდა ლობანოვსკიც. საბოლოოდ, მათ უპირატესობა გავრილოვს მიანიჭეს“, - იხსენებს გენადი ლოგოფეტი.

მსოფლიო ჩემპიონატამდე დათო ნელ ნელა ფორმაში შედიოდა. მან კარგი მატჩები ჩაატარა და მზად იყო მუნდიალისთვის. როდესაც 1982 წელს, მუნდიალის წინასწარი 40-კაციანი სია გამოქვეყნდა, ყიფიანი მასში არ იყო. დათო ოცნებობდა, ამ მსოფლიო ჩემპიონატზე და ეს მისთვის უმძიმესი დარტყმა იყო, რის გამოც ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა.

ნიკიტა სიმონიანი შემხვდა და მითხრა: „ეჰ, დათო, შენ უნდა ითამაშო, სანამ ფეხები დაგემორჩილება“. მისი ეს სიტყვები შემდეგში ხშირად მახსენდებოდა.  გუნდშიც გამაფრთხილეს, კარგად იფიქრე და ისე გადაწყვიტეო. ამ სიტყვება ძალიან გამაბრაზა და ჩემ თავს ვუთხარი, რომ უკან დაბრუნების გზები აღარ იყო“, - იხსენებს ყიფიანი.

დათომ საფეხბურთო კარიერა 31 წლის ასაკში დაასრულა. იმ მსოფლიო ჩემპიონატზე „დინამოდან“ ოთხმა ფეხბურთელმა ითამაშა - ალექსანდრე ჩივაძემ, თენგიზ სულაქველიძემ, ვიტალი დარასელიამ და რამაზ შენგელიამ. ვლადიმერ გუცაევი იხსენებს, რომ როდესაც პრესკონფერენციაზე ბესკოვს ჰკითხეს, რატომ არ იყვნენ ყიფიანი და გუაცევი ნაკრებში, მან უპასუხა, რომ ისინი მის ტაქტიკაში ვერ ჯდებოდნენ.

ყიფიანმა კარიერის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ნაკრებში 19 შეხვედრა გამართა და 7 გოლი გაიტანა. ასევე, ოლიმპიურ ნაკრებში 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი შეაგდო. თბილისის „დინამოს“ რიგებში კი 246 შეხვედრაში თავი 79 გოლით გამოიჩინა. 1984 წელს, ის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს.

„როდესაც ბევრმა ფეხბურთელმა დინამო დატოვა, გუნდში 4 გამოცდილი მოთამაშე დარჩა - ჩივაძე, სულაქველიძე, შენგელია და გუცაევი. ჩვენ ძალიან გვიჭირდა და ეს გარკვეულწილად ჩემი ბრალიც იყო, რადგან ისევ ფეხბურთელივით ვაზროვნებდი, რაც მართებული არ იყო“.

1986 წელს, ყიფიანმა პოსტი დატოვა. ასევე ის გაშორდა მეუღლეს, რომელთანაც 10 წელი იცხოვრა. „ქვეყანაში ბევრი ფიქრობდა, რომ ჩემი საქციელი არ შეეფერებოდა ისეთ ადამიანს, როგორიც იყო დათო ყიფიანი. ის არცხვენდა გუნდს და ა.შ.“. 

თავი 6. „იზვესტია“ - ყიფიანი ეჭვმიტანილია რეკეტში

კარიერის დასრულების შემდეგ ყიფიანს მეგობრები დაეხმარნენ სამსახურის შოვნაში და დათო გენერალურ პროკურატურაში მოაწყვეს. სადაც ის მალე დაწინაურდა და ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილედ დაინიშნა. 1988 წელს კი, ისევ „დინამოს“ მწვრთნელი გახდა.

„მაშინ იყო არჩევნების დრო. პროკურატურაში აღარ ვმუშაობდი, ახალკაცსა და ფეხბურთელებს შორის დიდი კონფლიქტი მოხდა და გუნდს ეს საგრძნობლად დაეტყო. „დინამო“ ჩეპიონატის სატურნირო ცხრილში ბოლო პოზიციებზე იმყოფებოდა. გადაწყდა, რომ ჩატარებულიყო არჩევნები. არჩევანი ჩემსა და ხურცილავას შორის კეთდებოდა. ამირჩიეს მე, მურთაზი კი თანაშემწედ დავიყენე“, - იხსენებს ყიფიანი.

იმ წელს, „დინამო“ გავარდნას ძლივს გადაურჩა და ჩემპიონატში მე-14 ადგილი დაიკავა. შემდეგ წელს გუნდმა ცოტა უკეთესად იასპარეზა და მე-11 ადგილზე გავიდა. ეს იყო თბილისელთა ბოლო სეზონი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში. 1990 წელს, ქართველებმა უარი თქვეს ჩემპიონატზე და თავიანთი ჩემპიონატი დაარსეს.

„როდესაც მკითხეს, რა აზრის ვიყავი საქართველოს ჩემპიონატზე, ვუპასუხე, რომ ეს იყო ქართული ფეხბურთის გარდაცვალება და ავხსენი, რომ მოხვდებოდით იზოლაციაში. ფეხბურთელები წავიდოდნენ ქვეყნიდან და მაყურებელიც აღარ ივლიდა სტადიონებზე. რეფერდუმზე რომ მივედი, მივხვდი, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო“, - იხსენებს ყიფიანი.

როდესაც ქართულმა კლუბებმა შექმნეს თავიანტი ჩემპიონატი, „დინამო“ ხშირად ხდებოდა ჩემპიონი, რადგან მას კონკურენტი არ ჰყავდა. ყიფიანი ამ პერიოდს მოწყენილი იხსენებს. ბევრმა ფეხბურთელმა კარიერა დაასრულა ზოგიც კი საერთოდ უცხოეთში წავიდა.

1991 წელს, ყიფიანი ავარიაში მოყვა. მას გაუკეთდა ოპერაცია და მწვრთნელობასაც ჩამოშორდა. დათო იმ პერიოდში „დინამოს“ მენეჯერად მუშაობდა. 1992 წლის დასაწყსში, „დინამომ“ შეკრება კვიპროსში გააკეთა და ყიფიანს ნიკოსიის „ოლიმპიაკოსმა“ მთავარი მწვრთნელობა შესთავაზა.

ჩემი მისვლის დროს გუნდი ჩემპიონატიდან ვარდებოდა. დარჩენილი იყო 8 შეხვედრა და ბოლოსწინა ადგილზე მყოფ გუნდს 6 ქულით ჩამოვრჩებოდით. მე დავტოვე ის გუნდი ჩემპიონატში და მომდევნო წელს სატურნირო ცხრილის შუაში გავიყვანე, თასზე კი ნახევარფინალში გავედით. მიღწეულ წარმატებაში ჭედიამ და კაჭარავამ დიდი წვლილი შეიტანეს, ისინი გუნდში მე მივიყვანე“, - იხსენებდა დათო ყიფიანი.

შემდეგ დათომ გადაწყვიტა, კვიპროსში რესტორანი გაეხსნა. ის სხვა ქვეყნის მოქალაქე იყო, რის გამოც გადაწყდა, რომ რესტორანი თავის კვიპროსელ პარტნიორზე გაეფორმებინა. რაღაც პერიოდის შემდეგ, რესტორანში რუსებმა იჩხუბეს და ერთ-ერთმა პოლიციაში იჩივლა, რომ მას ფულს უკანონოდ ართმევდნენ. პოლიციამ გადაწყვიტა, რომ თუ ფულს რუსებს ართმევდნენ, მაშინ საქმეში რესტორნის მართველებიც იქნებოდნენ.

პოლიციამ ყიფიანის სახლი გაჩხრიკა და დათო 2 დღით დაიჭირა. „როდესაც მოიძიეს ჩემი ინფორმაცია, შოკში ჩავარდნენ იმის გამო, თუ ვინ ჰყავდათ ციხეში“, - იხსნებდა ყიფიანი.

ნიქოსიის პოლიციის უფროსი ყიფიანს თხოვდა, არ ეჩივლა მისი განყოფილებისთვის და ასევე გენერალურმა პროკურორმა დათოს წერილი მისწერა და ბოდიშს მოუხადა. სასამართლოზე მომჩივანი აღარ გამოჩენილა, მაგრამ ყიფიანის რესტორანი მალევე გაკოტრდა.

„ვინ მივიდოდა იმ რესტორანში ასეთი სკანდალის შემდეგ. მიუხედავად გამართლებისა, ხალხი მაინც იფიქრებდა, რომ იქნებ, მე, როგორც ცნობილმა ადამიანმა, საქმეები „დავალაგე“. თანაც, „იზვესტიაში“ სტატია დაიწერა სათაურით: „ყიფიანს რეკეტში ადანაშაულებენ“. სამი დღის შემდეგ კი დაიწერა რეალური ამბავი, მაგრამ უმეტესობამ პირველი სტატია ნახა და დაიჯერა“, - ამბობდა ყიფიანი.

თავი 7. „საქართველოში ყიფიანს აგინებენ - რუსეთში კი მას აღმერთებენ“

ასევე ყიფიანის თქმით, მისმა მეგობარმა ვიაჩისლავ კოლოსკოვმა მოუყვა, რომ მოსკოვში მის სახელს იყენებდნენ და დაჯგუფება, რომელიც ხალხს არეკეტებდა, დავით ყიფიანის საძმოდ სახელდებოდა. 1995 წელს, დათო დაბრუნდა თბილისში და კვლავ „დინამოს“ მწვრთნელი გახდა.

1997 წელს, ყიფიანი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით, ნაკრებმა 7 შეხვედრა გამართა, 4 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 2 წააგო. მან ნაკრებში მარტიდან ოქტომბრამდე იმუშავა და უმეტესად, გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების შეტევას იგერიებდა. თან, ძალიან განიცდიდა, რომ კლუბებში არ იყო დიდი დაფინანსება.

„როგორ ვუთხრა 23 წლის ფეხბურთელს, რომ ის იყოს პატრიოტი და 100 დოლარად ითამაშოს, როდესაც სხვაგან 8000 დოლარს აძლევენ. ის შეიძლება დამთახმდეს, მაგრამ მალევე მიხვდეს და იფიქროს, რა სულელურად მოიქცა“, - ამბობდა ყიფიანი.

1998 წელს მან მუშაობა იაროსლავის „შინიკში“ დაიწყო. ჟურნალისტი მამუკა კვარაცხელია იხსენებს: „როდესაც იაროსლავში ვიყავი, ვნახე, როგორ აღმერთებდნენ დათოს. სტადიონზე ცრემლები მომადგა. საქართველოში მას აგინებდნენ, რუსეთში კი - აღმერთებენ-მეთქი“.

1999 წლიდან 2001 წლამდე, ყიფიანმა ქუთაისის „ტორპედო“ ჩაიბარა. ხოლო 2000 წლიდან ძოძუაშვილან ერთად ნაკრებს გაუძღვა. მას ისევ დაეძაბა ურთიერთობა გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებთან, რის შემდეგაც ნაკრების დამრიგებლის პოსტი დატოვა.

„მახსოვს, როგორი გაშმაგებული იყო დათო. ტრიბუნებიდან შეგინებაზე ის პატარა ბავშივით აუვარდა შემგინებელს და ცემა დაუწყო. ძლივს გააკავეს. თამაშის შემდეგ ის სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და ამბობდა: „გინებას არავის ვაპატიებ. თუ უნდათ, წერონ და თქვან, რომ ცუდი მწვრთნელი ვარ. თქვან, რომ ცუდი ტაქტიკა მაქვს, მაგრამ არავის აქვს უფლება, დედაჩემი ახსენოს. შემიძლია, ასეთი ადამიანი მოვკლა“, - იხსენებს მამუკა კვარაცხელია.

დავით ყიფიანი იყო საერთაშორისო სპორტის ოსტატი. საბჭოთა კავშირის დამსახურებული სპორტის ოსტატი. 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი. უეფა-ს თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული. ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი.

სამწვრთნელო კარიერაში ყიფიანმა საქართველოს ჩემპიონატი 6-ჯერ მოიგო, ხოლო თასის გამარჯვებული 4-ჯერ გახდა.

„სასაცილო და სისულელეა, რომ როდესაც რუსეთში ჩავდივარ, საზღვარზე კონტროლის გავლა მიწევს. ეს ყველაფერი მყოფდა ამერიკელებისგან, გერმანელებისგან, ფრანგებისგან, მაგრამ არასდროს რუსებისგან! უკრაინელებთან, ყაზახებთან, ტაჯიკებთან და ლიეტუველებთან საზღვრები ვერასდროს გამყოფს“, - ამბობდა ყიფიანი.

დავით ყიფიანი 2001 წლის 17 სექტემბერს გარდაიცვალა. 49 წლის ასაკში, ავტოკატასტროფაში მოყვა.

გაზიარება: