ანალიზი: „რაღაცის შეცვლა მომიწევს“ - აბრაკადაბრა და მბაპე გაქრა
Aa Aa

ანალიზი: „რაღაცის შეცვლა მომიწევს“ - აბრაკადაბრა და მბაპე გაქრა

„რაღაცის შეცვლა მომიწევს“, - წინასამატჩო პრესკონფერენციაზე პეპ გუარდიოლასგან ეს სიტყვები დამამახსოვრდა. „სიტის“ „დორტმუნდთან“ არცერთ მეოთხედფინალურ მატჩში იმ დონეზე არ უთამაშია, რასაც მიმდინარე სეზონში ამ გუნდისგან ვართ მიჩვეულები. ამას კი თავისი მიზეზები ჰქონდა, რომელთა შესახებაც ქვემოთ ვრცლად ვისაუბრებ.

მატჩმა ქომაგების მოლოდინი გაამართლა. შესაძლოა ბევრი გოლების წვიმასა და უამრავ სახიფათო მომენტს ელოდა, მაგრამ რაც ვნახეთ არც ეს იყო ცუდი.

ჩემპიონთა ლიგის ამ სტადიაზე მწვრთნელთა ტაქტიკური დუელი გადამწყვეტ როლს ასრულებს. ვინ როგორ შეისწავლის მეტოქის ძლიერ და სუსტ მხარეებს, როგორ შენიღბავს საკუთარ მინუსებს - ეს დეტალები პარიზულ მატჩში საკმაო რაოდენობით ვნახეთ.

ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვეთ.

გოლი და ფსიქოლოგია - შეცდომები და ვინ როგორ გამოიყენა უპირატესობა

პსჟ-ს გოლის გატანამდე არც ისე კარგი სტარტი ჰქონდა, „სიტი“ კი პირიქით დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ნელ-ნელა ტოტალურ უპირატესობას ეუფლებოდა. გოლის შემდეგ მასპინძლებს დაძაბულობა მოეხსნათ და ათამაშდნენ. ანალოგიური რამ მოხდა „სიტის“ პირველი გოლის შემდეგ - პსჟ დაიბნა და „ქალაქელები“ ათამაშდნენ.

„მატჩი მართლაც ძალიან კარგად დავიწყეთ. სამწუხაროდ გოლი გავუშვით და ცოტა დავიბენით“. - თქვა პეპმა შეხვედრის შემდეგ.

ასეთ დროს მთავარია ვინ როგორ იყენებს ფსიქოლოგიურ და ტაბლოზე არსებულ უპირატესობას.

„სიტის“ უფრო მეტად მყარი და დალაგებული ნერვები აღმოაჩნდა. ინგლისელები უფრო მომთმენები იყვნენ. მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებსო ნათქვამია და პოჩეტინომ შესვენების შემდეგ აშკარად ცუდი გადაწყვეტილებები მიიღო, პეპმა კი დროულად იმოქმედა.

„ბევრს ვითმენდით და ვფიქრობ, რაც ჩაფიქრებული გვქონდა, ყველაფერი გამოგვივიდა“, - ამბობს დე ბრუინი.

„ხანდახან შენ გჭირდება დრო, რომ მოდუნდე და იყო საკუთარი თავი. მეორე ტაიმში ჩვენ პრესინგი ცოტათი შევცვალეთ და უფრო აგრესიულები გავხდით“. - ეს კი გუარდიოლას სიტყვებია.

ცრუ ცხრიანი და ეს ეგრეთწოდებული 4-6-0 სქემა ძლიერი გუნდების წინააღმდეგ არ ამართლებს. „დორტმუნდთან“ „სიტიმ“ ბეწვის ხიდზე გაიარა და გაუმართლათ, რომ არ დაისაჯნენ. ანალოგიური განლაგება პსჟ-სთან შეხვედრის პირველ ტაიმშიც ვიხილეთ, რომელიც საბოლოო ჯამში პოჩეტინოს გუნდმა გაცილებით კარგად ჩაატარა.

ცრუ ცხრიანით თამაშისას, რომელი გუნდიც არ უნდა იყოს ეს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარემარბებს. როდესაც ცენტრფორვარდს არ იყენებ, შენი ფლანგის შემტევებს (ერთ-ერთს მაინც) გოლის ალღო უნდა ჰქონდეთ და ფორვარდის სტილში მანევრირება შეეძლოთ.. ასევე აუცილებელია შესაბამისი სისწრაფე და მკვლელის ინსტიქტი, რაც საჯარიმოში შერბენის დროს სწორ მომენტში სწორ ადგილას ყოფნის შესაძლებლობას მისცემს.

რაჰიმ სტერლინგის ფორმიდან ამოვარდნის შემდეგ, პეპმა ფლანგებზე მაჰრეზი-ფოდენი გაამწესა, ცრუ ცხრიანის როლს კი მონაცვლეობით დე ბრუინი და ბერნარდო სილვა ირგებდნენ.

არცერთ მათგანს არ აქვს ის თვისებები, რაც სტერლინგს. „სიტი“ ფლობს ბურთს, უტევს, მაგრამ ამას დაბალ ტემპში აკეთებს, რა დროსაც გვერდით და უკან გაკეთებული პასების რაოდენობა ჭარბია. ამ ყველაფერს კი მეტოქის დაცვა კარგად იყენებს, მათზე ზეწოლა თითქმის არ არის, რაც კონტრშეტევის მოსამზადებლად მეტ დროსა და შესაძლებლობას აძლევთ.

პირველ ტაიმში პსჟ-ს დაცვა ზეწოლას თითქმის არ განიცდიდა.

დიახ, „სიტიმ“ პსჟ-ს ბევრი მომენტი არც პირველ ნახევარში შეაქმნევინა და რომ არა ის კუთხური შესაძლოა მასპინძლებს გოლი საერთოდ ვერც გაეტანათ, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და მეტი არაფერი. მთავარია რა მოხდა რეალურად.

შესვენების შემდეგ პეპი არ გაჯიუტებულა და დროული ნაბიჯები გადადგა. „სიტი“ 3-2-5 სქემაზე გადავიდა. მეტი და უფრო მაღალი პრესინგი, ბურთის კონტროლი, მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან რიცხობრივად მეტი მოთამაშე - ამ ყველაფერმა იმუშავა.

კანსელომ პრაქტიკულად გარემარბის როლი მოირგო, მარჯვნივ მაჰრეზი დარჩა, ფოდენი-დე ბრუინი-ბერნარდოს სამეული კი საჯარიმოსთან მაქსიმალურად ახლოს და მოედნის ცენტრალურ ნაწილში მოქმედებდნენ. ამ მანევრმა პსჟ-ს დაცვა გაწელა და გუნდს უფრო უკნიდან თამაში აიძულა, ცენტრი კი პარიზელებმა ავტომატურად უბრძოლველად დათმეს.

ყოველ ჯერზე, ყველა მეტოქესთან - „გავიტანეთ და კონტრშეტევებს დაველოდოთ“ მიდგომა არ გაამართლებს. პარიზელებმა „გამართლების ანგარიში“ „ბაიერნთან“ მატჩების შემდეგ გაანულეს და „სიტის“ წინააღმდეგ იღბალი მათ მხარეს ოდნავადაც არ ყოფილა.

პოჩეტინომ დაწინაურების შემდეგ კვლავ იგივე სცადა, რაც „ბაიერნთან“ - გუნდი ზედმეტად უკან ჩაწია და კონტრშეტევებს დაელოდა. იდეაში კონტრშეტევები ნეიმარს, ან დი მარიას უნდა წამოეწყოთ და წინ მბაპე გაიქცეოდა, თუმცა „ეს ფილმი ხომ უკვე ყველამ ვნახეთ“ და რა თქმა უნდა საქმის კურსში გუარდიოლაც იქნებოდა.

არგენტინელი სპეციალისტი უპირატესობის გამოყენებას ნაცადი ხერხით ცდილობდა. მას რაიმე ახალი და უფრო თამამი არ უცდია, რისთვისაც საბოლოოდ დაისაჯა.

პსჟ-ს დაცვა და ნახევარდაცვა, რომ გაუვალი არ არის, ეს „ბაიერნთან“ და „ბარსელონასთან“ შეხვედრებშიც კარგად გამოჩნდა.

პეპმა პოჩეტინოს სქემა გაუშიფრა და კოზირების გამოყენების საშუალება არ მისცა. ამაზე ვრცლად ქვემოთ განვაგრძობ.

როგორ გააქრო პეპმა მბაპე

სპრინტის რამდენიმე უშედეგო მცდელობა, რომელიც ნაკლებად გააზრებული ქმედება იყო. შედეგი უფრო მეტად სიტუაციას უნდა მოეტანა, ვიდრე წინასწარ დაგეგმილს და მოფიქრებულს.

მბაპე ამ შეხვედრაში კრეატივის ნაკლებობას განიცდიდა. მხოლოდ ერთ მომენტში იაქტიურა, როცა მის პასს ვერატი ვერ შეწვდა. სულ ეს იყო.

კაილ უოკერმა რამდენიმეჯერ სისწრაფეშიც დაჯაბნა და ჩვეული სპრინტის გაკეთების საშუალება არ მისცა. პეპმა ინგლისელი სპეციალურად სწორედ მბაპეს გამო ჩაწია ზედმეტად უკან, რადგან სწრაფი მცველი სჭირდებოდა, რომელიც მბაპეს მისამართით გადაგდებულ ბურთზე ცენტრალურ მცველებს დააზღვევდა. სხვათაშორის „ბაიერნს“ მარჯვენა ფლანგზე უოკერის ტიპის ფეხბურთელი არ ჰყავდა და ბოატენგის დასაზღვევად გადასული პავარი კილიანისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა.


„სიტიმ“ ბურთის ფლობა შედეგში გარდასახა, ხოლო მეტოქეს ამჯერად ის პროცენტი არ ეყო, რომელიც წინა მატჩებში ზედმეტად კარგად ჰქონდა რეალიზებული. ეს კი გუარდიოლას ტაქტიკის დამსახურება იყო.

პსჟ-ს რიგებში ნახევარმცველებსა და ფორვარდებს შორის პასების სიზუსტით 80%-იან მაჩვენებელს მხოლოდ 3 ფეხბურთელი გადასცდა - დი მარია (81.3), პარედესი (92.3) და ვერატი (100). თუმცა აღსანიშნავია, რომ ეგრეთწოდებული გამამწვავებელი პასი (Key Pass) ზემოხსენებულმა სამმა ფეხბურთელმა მხოლოდ 2-ჯერ შეასრულა.

გუარდიოლამ პარიზელთა ტაქტიკა კარგად გაშიფრა და მათი პლუსები მაქსიმალურად ეფექტურად შეზღუდა.

პეპმა მეტოქეს ბურთი წაართვა, მბაპეს სივრცე შეუმცირა, უკან დახეული ნეიმარი კი ბურთს საკმარისად ხშირად ვერ ეხებოდა, რამაც საბოლოოდ პარიზელთა სქემა, ის გუნდური თამაში, რომელიც ნახევარფინალამდე აჩვენეს უბრალოდ გააქრო.

„სიტის“ შემადგენლობაში ანალოგიური მაჩვენებელი ყველაფერზე მეტყველებს - „ქალაქელთა“ ნახევარმცველებსა და შემტევებს შორის პასების სიზუსტის ყველაზე დაბალი (თუ შეიძლება ამას დაბალი ეწოდოს) პროცენტი როდრის ჰქონდა - 89.

ცნობისთვის, მბაპე შეხვედრაში ბურთს 30-ჯერ შეეხო, „სიტის“ მეკარე ედერსონი კი 31-ჯერ.

კილიანის სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა

L'Equipe-მა მბაპეს 10-ბალიანი სისტემით 3 დაუწერა. გაძევებულმა გეიემაც კი კილიანზე მაღალი შეფასება მიიღო - 4.

ჩემპიონთა ლიგაზე, როცა მბაპემ მატჩი სასტარტოდან დაიწყო, პირველად დაფიქსირდა, რომ მან კარში ზუსტი დარტყმის განხორციელება ვერ შეძლო. ეს ყველაფერი გუარდიოლას ჭკვიანურ ტაქტიკაზე კიდევ უფრო კარგად მეტყველებს.

დასკვნა: პირველი რაუნდი პეპმა მოიგო - პოჩეს გარისკვა მოუწევს

განმეორებით შეხვედრაში სავარაუდოდ უფრო თვალსასეირო სანახაობა გველის, რადგან პოჩეტინოს თავის პრაგმატულ სტილზე უარის თქმა და შეტევა მოუწევს.

„ეტიჰადზე“ 2 გოლის გატანა, თან ისე რომ არ გაუშვა - ურთულეს ამოცანას წარმოადგენს, თუმცა პსჟ-ს ამის ძალა ნამდვილად შესწევს.

„ფიზიკურად გამკლავება გაგვიჭირდა. ისინი მეტად აგრესიულები იყვნენ. ბურთი ხშირად ეჭირათ და დაბრუნება საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

ფეხბურთში ყოველთვის ყველაფრის უნდა გჯეროდეს. 6 დღეში ინგლისში მივემგზავრებით. ყველანაირად ვეცდებით გავიტანოთ და გავიმარჯვოთ. რა თქმა უნდა, უპირატესობა არ გვაქვს, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი უნდა ცადო“. - თქვა პოჩეტინომ მატჩის შემდეგ.

ფეხბურთში შეუძლებელი მგონი არაფერია და არც პსჟ-ს მდგომარეობაა გამოუვალი.

რას ველით „სიტისგან“? „მეორე შეხვედრაში მხოლოდ ის მინდა, რომ ვიყოთ ის, რაც რეალურად ვართ“. - ამბობს პეპი.

დიახ, „სიტი“ საკუთარი თავი უნდა იყოს და არა ის რაღაც გაუგებრობა გუნდი, რომელიც „დორტმუნდთან“ და პსჟ-სთან პირველ ტაიმში ვნახეთ.

გაზიარება: