მიეცი ბავშვს ასანთი და ხანძარს დაელოდე - როგორ გაშიფრა ზიზუმ კუმანი
Aa Aa

მიეცი ბავშვს ასანთი და ხანძარს დაელოდე - როგორ გაშიფრა ზიზუმ კუმანი

10 აპრილს გამართულმა „ელ კლასიკომ“ მაყურებლის მოლოდინი გაამართლა. დაძაბული, სანახაობრივი, რიგ მონაკვეთებში არეული, ქაოტური, ემოციური და რაც მთავარია ტაქტიკურად საინტერესო დაპირისპირება ვიხილეთ.

3 გოლი და საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი ვნახეთ. იყო მსაჯთან კამათიც, რომელსაც აუცილებლად განვიხილავ, თუმცა ჯერ მინდა ტაქტიკურ მხარეზე გესაუბროთ, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მწვრთნელების გადაწყვეტილებები, მატჩის გმირები და ანტიგმირები - ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვები და თქვენამდე ისეთ ნიუანსებს მოვიტან, რომლებიც შესაძლოა გამოგრჩათ და რომლებმაც შეხვედრის ბედზე დიდი გავლენა იქონიეს.

შემადგენლობები და სათამაშო სქემა - ზიდანმა კუმანი გაშიფრა

„რეალმა“ „ელ კლასიკომდე“ 4 დღით ადრე „ლივერპულს“ დამაჯერებელი და დომინანტური თამაშით 3:1 მოუგო. ბევრი ალბათ ფიქრობდა, რომ ზიდანი გამარჯვებულ შემადგენლობასა და სქემას არ შეცვლიდა და „ბარსას“ იგივე სტილში დაუხვდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

„ზიზუ“ შემადგენლობასა და სათამაშო სქემას ყოველთვის მეტოქიდან გამომდინარე არჩევს. მას არ ანაღვლებს ის ფაქტი, რომ შესაძლოა მისმა გუნდმა დომინანტური ფეხბურთი ვერ ითამაშოს, ან ბევრი მომენტი ვერ შექმნას, ლამაზ სტილში ვერ იმოქმედოს - მსგავსი რაღაცები მისთვის მეორეხარისხოვანია. ზიდანისთვის მთავარი კონკრეტული შეხვედრის მოგებაა და ის ამას წლებია იდეალურად აკეთებს.

ზიდანმა ასენსიო მოხსნა და მის ნაცვლად ფედე ვალვერდე დააყენა, რომელსაც მოედანზე ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. დიახ ასეა. კარგი იყო ბენზემა, ვინისიუსიც, მოდრიჩიც, კროოსიც, თუმცა ურუგვაელი ნახევარმცველის გაწეული სამუშაო კონკრეტულად ამ მატჩში ფასდაუდებელი იყო.

„ჩვენ ნახევარდაცვაში კიდევ ერთი მოთამაშე დავამატეთ, თუმცა ვალვერდეს შეტევაში ჩართვა კარგად გამოსდის და პირველი გოლისას მან სწორედ ეს გააკეთა. ფედე ძალიან სწრაფია და ხაზებს შორის კარგად მოქმედებს. ჩვენი გეგმაც ეს იყო. ბარსელონა ნახევარდაცვაში ძალიან კარგია“. - თქვა ზიდანმა მატჩის შემდეგ.

„ზიზუმ“ იცოდა, რომ ამ მომენტისთვის მისი გუნდი „ბარსას“ ბურთს ვერ დაუჭერდა. რატომ? ასე ბევრი მიზეზის გამო იქნებოდა - „ბლაუგრანა“ კარგ ფორმაშია, მათი სქემიდან გამომდინარე გუნდს ბურთის კონტროლი უადვილდება, რადგან 3-5-2-ით თამაშის დროს ბუსკეტსი-პედრი-დე იონგის ტრიოს ზურგს სამი ცენტრალური მცველი უმაგრებს, რომლებიც იერიშებისას ცენტრამდე იწევენ და მას აკონტროლებენ, პლუს ამას მესი სისტემატურად იხევს უკან და სიღრმიდან უტევს, რაც „ბლაუგრანას“ მოედნის ცენტრში ტოტალურ უპირატესობას აძლევს.

"ზიზუმ" "ბავშვს ასანთი მისცა და დაელოდა, თუ როდის გაჩნდებოდა ხანძარი". მან იცოდა, რომ "ბარსა" სივრცეებს დატოვებდა და შეცდომებსაც დაუშვებდა.

ზიდანმა ბურთი შეგნებულად დათმო და მეტოქის იერიშებისას დაცვა ასე განალაგა.

„ბარსას“ შეტევების დროს ლუკას ვასკესი უფრო ცენტრისკენ იწევდა, მარჯვენა მცველად კი ფედე ვალვერდე მოქმედებდა, რაც სტუმრებს საქმეს ურთულებდა.

კუმანს ცენტრფორვარდი ისედაც არ ჰყავს და მეტოქის ასეთი განლაგების დროს მათ მომენტების შექმნა უჭირდათ. 9-იანზე გამწესებული დემბელე საჯარიმოში ბურთის მიღების დროს მცირე სივრცეში ყოველთვის იბნევა და მომენტებს აფუჭებს. ამის ცოდნას დიდი კვლევა ნამდვილად არ სჭირდება. მოყვარულებმაც იციან, რომ ფრანგი ფეხბურთელი ინტელექტის ნაკლებობას განიცდის და მისი საშემსრულებლო ოსტატობა „ბარსელონას“ დონეს რბილად, რომ ვთქვათ ვერ აკმაყოფილებს.

სახიფათო მომენტი, დემბელეს აქ გატანა შეეძლო, ან სულ მცირე კარში დარტყმა მართებდა, თუმცა აი ასე ითამაშა...

კუმანის 3-5-2-მა 2021 წელს ჩინებულად იმუშავა და „ბარსა“ „კლასიკომდე“ ევროპის ტოპ 5 ლიგაში (იგულისხმება მხოლოდ შიდა პირველობები) ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც თამაში წაგებული არ ჰქონდა.

ზიდანმა ნიდერლანდელის სქემას მჭიდრო დაცვა, ზედმეტად უკნიდან თამაში და ძალიან სწრაფი, ფეთქებადი კონტრშეტევები დაუპირისპირა. ამ სეზონში „ბარსას“ წინააღმდეგ მსგავსად ჯერ არცერთ გუნდს არ უთამაშია.

ამ თამაშმა დაგვანახა, რომ „ბარსელონას“ განაპირა მცველები შეტევაში ზედმეტად ერთობიან და კონტრშეტევებისას უკან ჩასვლას ვერ ასწრებენ. ნახევარდაცვის სამეულიდან კი შესაბამისი სისწრაფე მხოლოდ ფრენკი დე იონგს აქვს.

კონტრშეტევებისას „ბლაუგრანას“ ნახევარდაცვის ხაზი ძალიან სუსტია. დე იონგის გარდა გამქცევი და მცველებისთვის მიმხმარე მოთამაშე კუმანს არ ჰყავს. ბუსკეტსი და პედრი ორივე ძალიან ნელია და ეს თბილისში საქართველო ესპანეთის მატჩისასაც ვიხილეთ, როცა მათ გვერდით ასევე ძალიან ნელი ფაბიან რუისი თამაშობდა და რამდენიმეჯერ ჩვენმა ნაკრებმა ცენტრიდან მწვავე კონტრშეტევა წამოიწყო, რომელსაც ესპანელი ნახევარმცველები სისწრაფეში ვერ აყვნენ.

კუმანი ვაინალდუმის ტრანსფერს ტყუილად არ ითხოვდა.

ამრიგად, მინგესა-არაუხო-ლენგლეს ტრიო „რეალის“ სწრაფ შემტევებთან დაზღვევის გარეშე რჩებოდა და მადრიდელებმა მეტოქის ეს სუსტი მხარე ბევრჯერ გამოიყენეს, თუმცა სიზუსტე დააკლდათ და ორზე მეტი ბურთის გატანა ვერ შეძლეს.

მატჩის ანტიგმირი - ალბამ გუნდი ბევრ მომენტში დააღალატა

ხორდი ალბა შეტევებში ტრადიციულად აქტიურად ერთვებოდა, გააკეთა საგოლე გადაცემა და კიდევ რამდენიმე მწვავე პასიც. ერთი შეხედვით ვიღაცისთვის შესაძლოა ესპანელმა მორიგი კარგი შეხვედრა ჩაატარა, ან უბრალოდ ცუდად არ უთამაშია, თუმცა ასე საერთოდ არ არის - ალბა მატჩის ანტიგმირი იყო.

32 წლის ფეხბურთელი ბევრ საკვანძო მომენტში ჩავარდა. ყველაფერს ქრონოლოგიურად დავალაგებ და ყველა დეტალს გიჩვენებთ.

მე-10 წუთზე „ბარსამ“ პირველი მწვავე შეტევა წამოიწყო. მესიმ ჩვეულ სტილში მეტოქის დაცვის ხაზი გაჭრა და ალბა ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა. ამ მომენტში ესპანელმა პასი წამებით დააგვიანა, რაც კურტუასთვის საკმარისი იყო.

ალბას უფრო ცივსისხლიანად და ოდნავ სწრაფად მოქმედება შეეძლო, რის შემდეგაც გოლის ალბათობა ძალიან მაღალი იქნებოდა.


ამ მომენტიდან 3 წუთში „რეალმა“ ანგარიში გახსნა. დიახ, „ბარსას“ ფეხბურთელებმა გადაადგილებისას შეცდომების მთელი სერია შემოგვთავაზეს, თუმცა ამჯერადაც ყველაფერი ალბასგან დაიწყო.

კადრში ჩანს, რომ ფედე ვალვერდე საკუთარი ნახევრიდან საჯარიმოსკენ სვლას იწყებს. ალბას ამჯერად პოზიცია სწორად ჰქონდა შერჩეული, თუმცა რატომღაც მოულოდნელად ვალვერდეს ეცა და ურუგვაელს მისი მოტყუება არ გასჭირვებია.

მცდარი გადაწყვეტილება - დაუცველი სივრცე - გოლი სწორედ ამ მომენტში შეიქმნა

ვალვერდემ სიტუაციით იდეალურად ისარგებლა და სვლა ოდნავ ცენტრისკენ განაგრძო, ბუსკეტსი და ლენგლე გადაიყოლა, რამაც ვასკესს მეტი სივრცე მისცა. ალბა კი შეცდომის შემდეგ რატომღაც მის გამოსწორებაზე არ ფიქრობდა და უბრალოდ მისეირნობდა.

რომ არა ალბას არასწორი მოქმედება, სავარაუდოდ ამ შეტევას გოლი არ მოჰყვებოდა. მას უბრალოდ თავისი პოზიცია უნდა შეენარჩუნებინა და ვასკესისთვის მეტი ყურადღება მიექცია.


ამ მომენტმა მიმდინარე სეზონის პირველი „ელ კლასიკო“ გამახსენა, რომელიც „რეალმა“ 3:1 მოიგო. იმ მატჩშიც პირველი გოლის დროს ალბა შეცდა და მთავარი მოქმედი გმირი იქაც ვალვერდე იყო.

ამონარიდი წინა „ელ კლასიკოდან“: ალბამ დაცვაში თავის ზონაში დიდი სივრცე დატოვა, „რეალის“ კონტრშეტევა კი სწრაფი და ეფექტური იყო.

ალბას დასაზღვევად ლენგლე გადავიდა, რომელმაც მოქმედება დააგვიანა, ლენგლე კი პიკემ დააზღვია, რომელმაც პოზიცია არასწორად შეარჩია და ზურგსუკან ზედმეტად დიდი თავისუფალი სივრცე დატოვა. ბენზემაზე 2 კაცის გადასვლის აუცილებლობა არ იყო და მასთან უფრო მეტი დისტანცია უნდა დაეჭირა. პიკემ სიტუაცია არასწორად შეაფასა.

ამ ეპიზოდში ნათლად ჩანს, თუ რამდენად ცუდად მოქმედებს „ბარსელონა“ კონტრშეტევის დროს. სერხიო ბუსკეტსი პირველი გოლისას ალბასთან ერთად ერთ-ერთი მთავარი ანტიგმირია. მოედნის ცენტრიდან საჯარიმოში შეჭრილი ფედე ვალვერდე სწორედ მას უნდა აეყვანა და ბოლომდე გაყოლოდა. ფოტოზე ნათლად ჩანს, თუ რა ტყუილად მიძუნძულებს იგი და ისე მოქმედებს თითქოს არაფერი ხდება.


აშკარაა, რომ კატალონიელებს 1 ახალი ცენტრალური ნახევარმცველი სჭირდებათ. კუმანი ვაინალდუმს თავიდანვე ითხოვდა და ახლა გასაგებია თუ რატომ.

„ბარსას“ ნახევარდაცვაში დე იონგის გვერდით ეგრეთწოდებული Box to Box სტილის ნახევარმცველი სჭირდება. მაგალითად, როგორებიც არიან ჟორჟინიო ვაინალდუმი, ბლეზ მატუიდი, არტურო ვიდალი, როგორიც იყო პაულინიო. „რეალს“ ასეთი ფედე ვალვერდე ჰყავს, რომელიც ერთდროულად კაზემიროსაც აზღვევს და შეტევაში ჩართვებსაც შესანიშნავად ახერხებს.

ზინედინ ზიდანის პლუსი კი ყოველთვის იყო მისი შუახაზელების იდეალურად გამოყენება და მნიშვნელოვან მატჩებს სწორედ ნახევარდაცვის ჩინებული თამაშით იგებდა.

ახლა დავუბრუნდეთ 10 აპრილის „ელ კლასიკოს“ და ალბას შეცდომებს. ის, რაც 34-ე წუთზე მოხდა ყველაფერს ძალიან მარტივად და მკაფიოდ გვანახებს. „ბარსა“ შეტევაშია, თუმცა „რეალი“ პასს ჭრის და კონტრშეტევას იწყებს.

და რა ხდება ამ მომენტში? დააკვირდით ფოტოს - ალბა შეტევაშია ასული, ვალვერდე კი მე-5 მცველად არის ჩაწეული.

იწყება კონტრშეტევა, ყველაფერი 10 წამიან მონაკვეთში ხდება. ახლა დააკვირდით სად არის ვალვერდე. ურუგვაელი იმწამსვე შეტევას გაჰყვა და კინაღამ გოლიც გაიტანა.


ალბა კი ამ მომენტშიც უბრალოდ მისეირნობს, თითქოს არაფერი ხდება.

53-ე წუთზე „რეალი“ მორიგ მწვავე შეტევას იწყებს და ამას კვლავ მარცხენა ფლანგიდან აკეთებს. ალბა ამჯერადაც მისეირნობს და ცენტრალური მცელების დახმარებას არ ცდილობს.


56-ე წუთზე მადრიდელებმა მორიგი მწვავე იერიში წამოიწყეს და ამჯერადაც მარჯვენა ფლანგი გამოიყენეს. ზიდანმა ალბას სისუსტეები იდეალურად შეისწავლა. ამ მომენტში შეტევას მინგესამ ჩაუსწრო და გუნდი გაშვებულ გოლს გადაარჩინა. ალბა კი კვლავ მისეირნობდა.


63-ე წუთზე ალბამ ამჯერად ცუდად შეტევაში იმოქმედა. მესისთან მორიგი ტრადიული მარტივი გათამაშება და ესპანელი ხელსაყრელ პოზიციაშია.

პედრი ალბას კარგად ეხსნება და ზუსტი პასის შემთხვევაში გოლის ალბათობა ძალიან დიდია, თუმცა ალბა კარის ხაზის გასწვრივ დე იონგს აწვდის და აშკარა შეცდომას უშვებს.


99%-ით დარწმუნებული ვარ, ამ მომენტში პედრის ნაცლად მესი რომ ყოფილიყო ალბა პასს აუცილებლად მას მისცემდა და ალბათ გოლიც გავიდოდა. ამ ორ ფეხბურთელს შორის მოედანზე კავშირი ძალიან მყარია, თუმცა ალბა სხვა თანაგუნდელებს ასე კარგად ვერ უგებს.

მეორე ტაიმში კუმანმა დროულად იმოქმედა, თუმცა ზიზუ ამჯერადაც მზად აღმოჩნდა

კუმანმა შესვენებისას დესტი მოხსნა და შეტევას გრიზმანი დაამატა. მიხვდა, რომ მისი სქემა ზიდანს კარგად ჰქონდა ათვისებული. ნიდერლანდელმა გუნდი 4-3-3-ზე გადააწყო, ფრანგმა კი ვალვერდე მოხსნა და ასენსიო შეუშვა.

ამ ცვლილებების შემდეგ, მეორე ტაიმი უფრო გახსნილი და თვალსასეირო გამოდგა.

ყველაზე კარგი გადაწყვეტილება 72-ე წუთზე ვიხილეთ, როცა ზიდანმა ვინისიუსის ნაცვლად თამაშში მარსელო ჩართო, რომელმაც მეტოქის ბევრი შეტევა ჩაშალა, ბურთსაც იჭერდა და შეტევებშიც კარგად ერთვებოდა.

მარსელოს შეტევაში გამოყენება ზიდანს პირველად არ უცდია. მიმდინარე სეზონში „ზიზუმ“ ის „ხეტაფესთან“ 3-5-2-ით თამაშისას ფლანგზე შეტევაში გაამწესა და ბრაზილიელმა თავისი საქმე იდეალურად შეასრულა.

ჩემი აზრით, ალბა ახლა ზუსტად ისეთ მდგომარეობაშია როგორც მარსელო ბოლო წლებში. შეტევაში კარგია, მაგრამ დაცვაში დასუსტდა. მარსელოს მენდი სწორედ ამიტომ მიუყვანეს, კონკურენცია გაზარდეს და საბოლოოდ ძირითადში საუკეთესო თამაშობს.

ალბას კი კონკურენტად ჟუნიორ ფირპო ჰყავ, რომელსაც კონკურენტს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. ესპანელს არავინ ჰყავს ისეთი ვინც მოტივაციას მისცემს და მის მინუსებს უფრო მკაფიოდ გამოაჩენს.

ბოლო სეზონებში მარსელოსა და ალბას თამაში ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს - დაცვაში ჩასვლა ორივეს უგვიანდება. მადრიდში მიხვდნენ, რაც უნდა გაეკეთებინათ, „ბარსელონაში“ კი ვერა, რადგან „რეალს“ ბოლო წლებში გაცილებით უკეთესი ხელმძღვანელობა ჰყავს და გუნდიც უკეთესად არის დაკომპლექტებული.

პენალტის მომენტი - იყო, თუ არ იყო? მსაჯის ქმედებამ კითხვის ნიშნები დატოვა

83-ე წუთზე „ბარსას“ ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი მიეცა. ალბას პასი ოდნავ ზუსტი რომ ყოფილიყო, სავარაუდოდ ბრაითვეიტი გოლსაც გაიტანდა. შეტევა გაგრძელდა, მენდიმ პოზიცია დაკარგა, დანიელმა მას ბურთზე დაასწრო, ფრანგმა ხელზე დაქაჩა და ბრაითვეიტი ეცემა...

ამ მომენტის განხილვისას ექსპერტების აზრი ორად გაიყო, თუმცა უმრავლესობას მიაჩნია, რომ პენალტი დასანიშნი არ იყო, მაგრამ არსებობენ სხვები, რომლებიც ამ მომენტს თერთმეტმეტრიანად აფასებენ.

რას ვფიქრობ მე? ჩემი აზრით პენალტი უფრო მეტად არ იყო, ვიდრე იყო. წლევანდელ პირველ „ელ კლასიკოში“ რამოსი-ლენგლეს მომენტშიც ვფიქრობ, რომ იქ პენალტი უფრო არ იყო, ვიდრე იყო და მსაჯს არ უნდა დაენიშნა, მაგრამ დანიშნა.

რაც ხილი მანსანოს ამ მომენტში აუცილებლად უნდა გაკეთებინა იყო მცირე პაუზა და მონიტორთან მისვლა, რათა ეპიზოდი სხვა რაკურსიდანაც ენახა.


ამ მომენტში არბიტრი საჯარიმოს მისადგომებთან მის შუა ნაწილში, ზუსტად ხაზთან იდგა. ძლიერი წვიმა, ცუდი ხილვადობა, დაძაბული მატჩი და უფრო დაძაბული ბოლო წუთები - ამ ყველაფრიდან გამომდინარე მანსანოს VAR-ი აუცილებლად უნდა გამოეყენებინა.

შესაძლოა სხვა მსაჯს პენალტიც დაედო და ახლა მოდავე მეორე მხარე იქნებოდა. შესაძლოა მანსანოსაც დაენიშნა VAR-ი, რომ გამოეყენებინა. ნებისმიერ შემთხვევაში არბიტრის ქმედება ჩემთვის დამაჯერებელი არ იყო და არ მჯერა, რომ მან მომენტი იმდენად იდეალურად დაინახა, რომ ყველაფერი წამებში გადაწყვიტა.

მისი არადამაჯერებლობა შეხვედრის ბოლოს 4 დამატებულ წუთშიც გამოჩნდა. არბიტრმა 3-4 წუთი მხოლოდ მისი დაზიანებული მიკროფონის შეცვლას მოანდომა. ამას პლუს 8 ცვლილება და გოლი - მატჩს მინიმუმ 6 წუთი უნდა დამატებოდა.

რაც შეეხება თავად ბრაითვეიტს, დანიელმა ვარდნა აშკარად გააფორმა. დიახ მინდორი სველი იყო, სწრაფად გარბოდა და ასეთ დროს შესაძლოა მცირე კონტაქტმაც დაგაკარგვინოს წონასწორობა, მაგრამ მისი ვარდნა მაინც ძალიან თეატრალური გახლდათ.

რა მოხდებოდა, რომ არ დაცემულიყო და ბოლომდე ებრძოლა? კადრში კარგად ჩანს - ბურთის გაჩერების შემდეგ ბრაითვეიტს უკან სერხი რობერტო და ტრინკაო ძალიან ხელსაყრელ პოზიციაში ეხსნებიან. ერთი პასი და საგოლე მომენტი იქმნებოდა.

საბოლოო ჯამში მენდიმ ძალიან სულელურად ითამაშა, ბრაითვეიტმა კი ვერც შესაბამისად გააფორმა და ვერც მისი გადაწყვეტილება გამოდგა გუნდისთვის მომგებიანი.

დასკვნა - ზიდანი კრიტიკოსებს აჩუმებს, ბარსას ახალი სისხლი სჭირდება

კონკრეტულად ამ მატჩში „რეალმა“ „ბარსელონაზე“ მეტი რეალური საგოლე მომენტი შექმნა და დამსახურებულადაც მოიგო.

„ზიზუ“ მის კრიტიკოსებს ნელ-ნელა სათითაოდ აჩუმებს.

უკანასკნელი 43 წლის მანძილზე „რეალმა“ პირველად შეძლო და ზედიზედ 3 „ელ კლასიკო“ მოიგო.

ზიდანის ხელმძღვანელობით „რეალმა“ ჯამში 11 ელ კლასიკო გამართა:

ზიდანის მიერ მოგებული ზედიზედ 3 ჩემპიონთა ლიგა და მისი ამჟამინდელი „რეალი“ - ჩემი აზრით, „ზიზუს“ როლი გუნდში ახლა გაცილებით დიდია, ვიდრე მაშინ. მის მიერ გაწეული სამუშაო ამჯერად უფრო კარგად ჩანს.

ზიდანი კონკრეტულ თამაშს კარგად კითხულობს და ზუსტად იცის ერთი კონკრეტული მატჩი როგორ მოიგოს. ეს თვისება ბევრ მწვრთნელს არ აქვს, ის მხოლოდ რჩეულებს ახასიათებთ.

პირველად არ ხდება, როცა მისი გუნდი მატჩს მეტოქისგან განსხვავებით გაცილებით ცუდ მდგომარეობაში ხვდება, მაგრამ თამაშს ისე დამაჯერებლად წარმართავს, გგონია მთელი სეზონი ასეთ მაგარ ფორმაში იყვნენ.

ასევე აღსანიშნავია, რომ „რეალი“ კვლავ თავისი ოქროს თაობით და მწვრთნელით თამაშობს. „ბარსა“ კი დიდი ხანია თავისი თავის აჩრდილია.

კაზემირო-კროოსი-მოდრიჩი მადრიდელთათვის იგივეა, რაც წლების წინ კატალონიელთათვის ბუსკეტსი-ჩავი-ინიესტა იყო.

ზოგადად, ზიდანის გუნდის ხერხემალი, ძირითადი ბირთვი იგივეა. ამ გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მიჯრით სამჯერ მოიგო. მათ გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ და იციან, თუ რა უნდა გააკეთონ, რომ კონკრეტული მატჩი მოიგონ.

რონალდუს წასვლის შემდეგ გუნდმა ხმაურიანი ტრანსფერი მხოლოდ 1 შემოგვთავაზა - ედენ აზარი, რომელსაც სულ ტრავმა აქვს და ზიდანი მას ვერ იყენებს, თუმცა „ზიზუმ“ ბენზემას საუკეთესო ვერსია შემოგვთავაზა. აათამაშა ვინისიუსიც, რომლის იმედი უკვე აღარავის ჰქონდა.

მიუხედავად ბევრი პრობლემისა „რეალმა“ ლა ლიგა მოიგო, მისი მოგების შანსი წელსაც ძალიან კარგი აქვს და გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეც ღირსეულად გამოდის.

საპირისპიროდ „ბარსამ“ ტრანსფერებში უამრავი ფული დახარჯა, თუმცა ახალწვეულების 90% გუნდმა ვერ გამოიყენა.

„ბარსელონაში“ ბევრი ფეხბურთელის დრო უბრალოდ გასულია და მათ წარსული დამსახურებების გამო ათამაშებენ. მნიშვნელოვან მატჩებში კარგად ჩანს, რომ სერხიო ბუსკეტსი მოწოდების სიმაღლეზე ვეღარ არის და ხშირ შემთხვევაში მოედნის ცენტრს სისწრაფე სწორედ მის გამო აკლდება.

ზიდანი მის გუნდს იდეალურად იცნობს, კუმანს კი ჯერ თავისი გუნდი არ ჩამოუყალიბებია. ვნახოთ შეინარჩუნებს თუ არა ნიდერლანდელი პოსტს და უყიდიან თუ არა მას იმ ფეხურთელებს, რომლებსაც უკვე 1 წელია ითხოვს.

გაზიარება: