საინტერესო ტრანსფერის მოლოდინში - სიჭინავა სანიოლის ინტერესთა არეალში?
უკრაინის პრემიერ ლიგის კლუბ ''ინგულეცის'' 26 წლის ქართველი ფორვარდი ნიკა სიჭინავა შესაძლოა გაცილებით მაღალი დონის კლუბში აღმოჩნდეს. Metaratings-ის ცნობით მოთამაშის გადაბირებას უნგრული ''ფეჰერვარი'', ყაზანის ''რუბინი'', მოსკოვის ''დინამო'' და მოლდოვური ტირასპოლის ''შერიფი'' გეგმავენ, თუმცა CrystalSport-ის ცნობით ფორვარდით დაინტერესებული კლუბების სია უფრო ვრცელია.
შეგახსენებთ, ლეონიდ სლუცკის გაწვრთნილ ყაზანის ''რუბინში'' ხვიჩა კვარაცხელია ასპარეზობს, ხოლო გუნდის კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი ''როტორშია'' განათხოვრებული.
ნიკა სიჭინავამ CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ მოქმედი კლუბის წარმატებულ თამაშზეა ორიენტირებული, სეზონის დასრულების შემდეგ კი გაცილებით მაღალი დონის გუნდში გადასვლას იმედოვნებს. აღსანიშნავია ის ფაქტორი, რომ ფეხბურთელს მოქმედ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.
სიჭინავა საქართველოს მოქალაქეა. საქართველოს ნაკრებში ცენტრფორვარდის პოზიცია საკმაოდ პრობლემატურია. აქედან გამომდინარე, თუ მოთამაშე ''ფეჰერვარდის'' ან ყაზანის ''რუბინის'' დონის გუნდში გადავა, ვილი სანიოლის ინტერესთა არეალში აუცილებლად მოხვდება და ამ პოზიციაზე ეროვნულ გუნდში კონკურენცია გაიზრდება.
ქუთაისში დაბადებული სიჭინავა ფოთის ''კოლხეთისა'' (2013, 2014-15) და თბილისის ''ვიტ ჯორჯიას'' (2013-14) ყოფილი მოთამაშეა. 2016 წლიდან მოყოლებული ''ინგულეცის'' ღირსებას იცავს. მიმდინარე სეზონში უკრაინის პრემიერ ლიგის 17 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო 2019-20 წლების სეზონში უკრაინის რანგით მეორე ლიგაში 17 გოლი გაიტანა და კლუბს უმაღლეს ლიგაში აღზევებაში დაეხმარა.